„ოქროს ქორწილი“ – როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი იტალიაში ყველაზე ცნობილ წყვილს
იტალიელმა წყვილმა ქორწინებიდან 50 წლის იუბილე აღნიშნა. ჩელენტანოსა და მორის ისტორია იმდენად სავსე იყო იტალიური ვნებით, რომ შესაძლოა, ძალიან ლამაზი რომანტიკული ფილმის სიუჟეტიც გამხდარიყო.
წყვილმა ერთმანეთი 1963 წელს ფილმის – „ერთი უცნაური მამაკაცი“ გადაღებებზე გაიცნო. კლაუდია ამ დროისთვის უკვე იცნობდა ჩელენტანოს, როგორც მსახიობსა და მუსიკოსს.
ჩელენტანო კლაუდია მორით მაშინვე მოიხიბლა, თუმცა მან თავაზიანი და ცივი უარი მიიღო. ჩელენტანოს „ერთი უცნაური მამაკაცის“ გადაღებებისას მცირე ინცინდენტი შეემთხვა. კლაუდიას გამო შემთხვევით მინა გატყდა, რომლის ნამსხვრევებიც ჩელენტანოს სახეში მოხდა და სახე დაუსერა. დაშავებულ ადრიანოსთან სააფთიაქო ყუთით კლაუდიამ მიირბინა და ჭრილობები დაუმუშავა. ამის შემდეგ მათ მცირე ხნით კაფეში განმარტოებულად ისაუბრეს, კაფეში შეხვედრიდან ერთ საათში კი საგრიმიოროში ერთმანეთს უკვე ვნებიანად კოცნიდნენ.
თუმცა ამ ამბიდან მცირე ხნის შემდეგ კლაუდია მორი მაინც ცდილობდა, მასთან დისტანცია დაეჭირა. მას ის არასაიმედო პირად მიიჩნევდა. კონცერტის შემდეგ მომღერალმა კლაუდია მის კონცერტზე მიიპატიჟა და პარტერის პირველ რიგში ბილეთიც უსახსოვრა.
კონცერტზე ჩელენტანომ სასიყვარულო ბალადა შეასრულა, რომლის დასრულების შემდეგაც ჩელენტანო მას სიყვარულში გამოუტყდა. ეს მათი რომანის საწყისად იქცა.
კლაუდია მორი და ადრიანო ჩელენტანო 1964 წლის დაქორწინდნენ. იმისთვის, რომ პაპარაცებისგან თავი დაეცვათ, მათ ჯვრისწერა ღამის 3 საათზე გამართეს. ჩელენტანოს თანაცხოვრებაში არც ისე მარტივი ხასიათი აღმოჩნდა, მორიმ გადაწყვიტა, უარი ეთქვა თავის კარიერაზე და თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა. მან არა მარტო 3 შვილი გაუჩინა ჩელენტანოს, აგრეთვე მისი იმიჯმეიკერი და პიარმენეჯერიც გახდა. ჩელენტანოს თავისი უცნაურობები ახასიათებდა. იყო შემთხვევა, როდესაც ბრიანცის სარკინიგზო რელსებს ფოტორეპორტიორების ტალღა მიაწყდა, გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზნით რკინიგზაზე ჩელენტანო იწვა. ადგილზე მისულებს ასეთი სცენა დახვდათ: ადრიანო, მართლაც, მატარებლის მომლოდინე იწვა რელსებზე, შორიახლოს მყოფი კლაუდია კი მას ეხვეწებოდა, რომ ამდგარიყო. ჩელენტანოსთვის თვითმკვლელობის გადაწყვეტილების გადათქმას დიდი დრო და ენერგია დასჭირდა, ის მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა მატარებელი უკვე მასთან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა.
ჩელენტანოს კიდევ ერთი უცნაურობის გამო ქალაქში ერთხელაც ძალიან დიდი საცობი წარმოიქმნა. აღმოჩნდა, რომ მსახიობს მალე ერთ-ერთი ფილმის გადაღება ეწყებოდა და მნიშვნელოვანი სცენა ჰქონდა სარეპეტიციო, რის გამოც ის მანქანიდან გადმოვიდა და ამ სცენის დროს შესასრულებლი ცეკვის რეპეტიცია პირდაპირ გზის სავალ ნაწილზე გამართა.
ჩელენტანოს, როგორც ნებისმიერ იტალიელს, ქალების გარეშე არ შეეძლო. ყველაზე ცხელი რომანი მას მსახიობ ორნელა მუტისთან ჰქონდა, რომელიც მას ფილმში „ჭირვეულის მორჯულება“ პარტნიორობას უწევდა. ჩელენტანოს გამო ის ქმარს, მსახიობ ალესიო ორანოს გაეყარა და ჩელენტანოსგანაც იგივეს ელოდა. ჩელენტანოს ყველაფერი განქორწინებისკენ უბიძგებდა. კლაუდია კი ელოდა მას. ყველა ინტერვიუში ის აღნიშნავდა: „ შემთხვევითი ღალატი განქორწინების მიზეზი ვერ გახდება. მამაკაცისთვის შემთხვევითი შეხვედრები ისეთივე რამაა, როგორც მანქანისთვის გარკვეული პერიოდულობით ტექნიკური დათვალიერება“, – აღნიშნავდა ინტერვიუებში კლაუდია მორი. კლაუდიას ლოდინი დაუფასდა. ადრიანო დაბრუნდა და მეუღლესა და შვილებს საჯაროდ ბოდიში მოუხადა.
ამჟამად ჩელენტანო ოჯახთან ერთად მილანიდან 100 კილომეტრში პატარა, მყუდრო ვილაში ცხოვრობს. კლაუდიას და ადრიანოს არ უყვართ ხმაურიანი წვეულებები და ცხოვრებას მშვიდად, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით ატარებენ. კლაუდიას კი ისევ ძველებურად უყვარს მეუღლე იმ განსაკუთრებული მიზეზის გამო, რის გამოც ერთხელ საჯაროდ განაცხადა: „ცხოვრებაში არავინ შემხვედრია მასზე საინტერესო“.
აქ წარმოდგენილ ფოტოებს შორის სხვაობა 50 წელია, თუმცა წყვილს დღემდე ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს.
თარგმნა ცირა შერგელაშვილმა