ადამიანები, რომლებმაც სწავლა მიატოვეს და მილიარდერები გახდნენ

თანამედროვე საზოგადოებაში დიპლომი აღიქმება როგორც საშვი ”წარმატებული ცხოვრებისკენ”, რომლის გარეშეც ვერ იშოვნი კარგ სამუშაოს კარგი ანაზღაურებით. წარმოგიდგენთ წარმატებულ ადამიანებს, რომლებმაც უმაღლესი განათლების გარეშე საკუთარი შრომით მილიარდები გამოიმუშავეს.

ოლეგ ტინკოვი, ”ტინკოვ ბანკის” უფროსი

რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი ბავშვობიდან სწავლაზე მეტად ბიზნესით იყო გატაცებული. 1988 წელს ლენინგრადის სამთო უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ იქ მხოლოდ სამი წელი ისწავლა. 1992 წელს უნივერსიტეტი მიატოვა და გაყიდვებით დაკავდა: ელექტრო ნაწარმს ყიდდა, შემდეგ ტექნიკის მაღაზია და ხმის ჩამწერი სტუდია შეისყიდა. შემდეგ ესენიც გაყიდა და პელმენის ბიზნესი დაიწყო. 2003 წელს ლუდსახარში კომპანია ”ტინკოფი” გახსნა, მოგვიანებით კი ბანკი. დღეს 47 წლის ოლეგ ტინკოვი 0,5 მილიარდი დოლარის მფლობელია.

დავით იაკობაშვილი, ბიზნესმენი

რუსი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ სწავლა ოჯახური პრობლემების გამო მიატოვა. პირველი გამოცდილება ბიზნესში 1982 წელს მიიღო – ღორებს ზრდიდა და ყიდდა. 1992 წელს კომპანია ”ვიმ-ბილ-დანის” ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა. დღეს 58 წლის იაკობაშვილი 0, 95 მილიარდ დოლარს ფლობს.

მაიკლ კეინი, მსახიობი

16 წლის კეინმა სკოლა მიატოვა და ჯარში წავიდა. 1955 წელს სამსახიობო კურსები დაამთავრა და პროვინციის თეატრში დაიწყო მუშაობა. მსახიობს ორი ”ოსკარი” აქვს მოპოვებული და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია ჰოლივუდში.

რიჩარდ ბრენსონი, კორპორაცია Virgin Group-ს მფლობელი

ბრენსონმა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა და საკუთარი ჟურნალი ”სტუდენტი” გახსნა. რამდენიმე წელიწადში ბრენსონმა მუსიკალური ფირფიტების გაყიდვა დაიწყო. 10 წლის შემდეგ ეს საქმე გიგანტურ ბიზნესში გადაიზარდა. დღეისათვის 65 წლის ბრენსონი 5 მილიარდ დოლარს ფლობს.

მაიკლ დელი, Dell Computer Corporation-ს დამაარსებელი

კომპანია ”დელის” დამაარსებელმა სწავლა 19 წლის ასაკში მიატოვა. მან საკუთარი კომპიუტერების გასაყიდი კომპანია დააარსა, რომელსაც კარგი შემოსავალი მოჰქონდა. დღეისათვის მისი ქონება 19,2 მილიარდი დოლარია

მარკ ცუკერბერგი, ”ფეისბუქის” დამაარსებელი

2004 წელს ცუკერბერგმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი მიატოვა და სოციალური ქსელის შექმნას შეუდგა, რომელიც 2006
წელს მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდა. შვიდი წლის შემდეგ ცუკერბერგი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების ათეულში შევიდა. მისი ქონება 34,8 მილიარდი დოლარია.

ბილ გეითსი, კომპანია ”მაიკროსოფტის” დამაარსებელი

გეითსი ბავშვობიდან არ გამოირჩეოდა მონდომებით. სკოლაში ცუდ ნიშნებს იღებდა გრამატიკაში და სხვა საგნებში, რომლებიც მისი აზრით, ტრივიალური იყო. გეითსმა მათემატიკა იცოდა კარგად. სკოლის შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა ორი წლის შემდეგ იქიდან გამორიცხეს. შედეგად, მან მთლიანი დრო ახალი ოპერატიული სისტემის შექმნას დაუთმო. მისი ქონება 79,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები