1. მათხოვრები – მათ არასდროს აქვთ სიგარეტი, თუ ჰკითხავ – გეტყვიან, რომ გადაწყვიტეს მოწევას თავი დაანებონ და ამიტომ არ ყიდულობენ, ცოტა რომ მოწიონ. რეალურად კიდევ შენზე მეტს ეწევიან, “თავს ანებებენ” წლებია და ანალოგიური მდგომარეობა აქვთ ტაქსის ფულის გადახდაზე, ან სხვა რამე საერთო ხარჯებზე.
თანხა არასდროს ყოფნით და მუდმივად ვიღაცებს სთხოვენ, რომ ფული ასესხონ, მერე ან აბრუნებენ, ან არა. უფრო მეტად იმასთან მეგობრობენ, ვინც უფასოდ აჭმევს, ასმევს, ა.შ. სამაგიეროდ ტანსაცმელი, ჩანთა, ა.შ. – არაფერი აკლიათ, საკუთარ სიამოვნებაში ფული უკვე აღარ ენანებათ.
2. გადამგდებები – მათი იმედი არასდროს გაქვთ. ვთქვათ, შეთანხმდებით, რომ სადღაც მიდიხართ, არ გეგმავთ სხვას არაფერს, ჰოპ და უცებ, შეხვედრამდე ხუთი წუთით ადრე გირეკავთ, რომ ავად გახდა, ან სტუმრები მოუვიდნენ, ან რამე სხვა… ან, არც გირეკავთ და თითქოს არც შეთანხმებულხართ.
მოკლედ, ერთხელ, ორჯერ და შემდგომ უკვე ვეღარ ხედავ ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას, მით უმეტეს, როცა საქმიანი ადამიანი ხარ და შენთვის ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია! პირობასაც არასდროს ასრულებენ და შენც არასდროს გაქვს მათი იმედი.
3. მოწყვლადები – მათთან ყოველი ფრაზა უნდა აკონტროლო. შეიძლება გაგებუტონ იმაზე, რომ ლიფტში პირველი არ გაატარე, ან უბრალოდ პირად წერილზე პასუხი დაუგვიანე და ამ დროს ფეისბუქზე რაღაც დააკომენტარე, ანუ გეცალა! ან კიდევ, დიდი ხანია არ მოგიკითხავს. აღარაფერს ვამბობ იუმორზე, რომელზეც აცრილები არიან და შენც ძალიან გღლის მათთან ურთიერთობა.
ასევე, შენი ნებისმიერი ფრაზა ღრმა ანალიზის საგანი ხდება, მათგან ყოველთვის რაღაც გამომდინარეობს, იძულებული ხარ ასჯერ გაზომო და მერე წარმოთქვა, ან ხმა აღარ ამოიღო საერთოდ.
4. მორალისტები – ისინი დაგჩხავიან, როცა რამე ახალ აგემოვნებ და გეუბნებიან, რომ “ამას როგორ ჭამ, მოგწამლაავს”, მერე შენს ნებისმიერ ფლირტს სიძვად ნათლავენ, ყველაფერზე იმის ახსნას ცდილობენ, რომ “ასე არ შეიძლება”, “რას იტყვის ხალხი”.
შემდეგი კატეგორიის მსგავსად, ისინიც ყველაზე მართლები, სუფთები,კეთილსინდისიერები არიან, რეალურად კიდევ, მუდმივად თავს გვაბეზრებენ “ყველას მამიდობით”.
5. მოსმენის უნარის არ მქონეები – მათ არასდროს აინტერესებთ რა გიხარიათ, რა გტკივათ, რა გაბედნიერებთ, არასდროს გისმენენ ბოლომდე და საუბარი ფიზიკურად შეუძლებელია.
სამაგიეროდ, არასდროს იღლებიან საკუთარ თავზე საუბრით, გაწყვეტინებენ უხეშად, რომ თავისი ისტორია ჩააქსოვონ, გცლიან ენერგიისგან და გიკარგავენ ურთიერთობის სურვილს.
ასევე, ისინი მუდამ მართლები არიან, თუ ოდნავ რამეში შეეწინააღმდეგები – მომენტალურად მათი მტერი ხდები, საკუთარ თავში იდეალურ მამაკაცს/ქალს ხედავენ და რეალურად კიდევ, განვითარების ერთ საფეხურზე რჩებიან მუდამ.
6. პონტის ქალები/კაცები – ისინი შენი მეგობრები არიან, როცა გარშემო კარგი ადამიანები გახვევია, კარგად ერთობი, მაგრამ საკმარისია, მათი დახმარება დაგჭირდეს, ან ცა ჩაყლაპავს, ან მიწა. რაც არ უნდა დაგეგმოთ, თუ ვინმემ ოდნავ უკეთესი “პონტი” შესთავაზა – იმწამსვე 30 ვერცხლად გაგყიდიან.
7. “არა-ფობები”, ანუ არა-ს რომ ვერ ამბობენ – ესეც საოცარი კატეგორიაა. მაგ: ეპატიჟები დაბადების დღეზე, არ შეუძლიათ გითხრან “არა” და პასუხობენ: ვნახოთ, ვეცდები… ან უარეს შემთხვევაში “კის” გეუბნებიან, მერე კი – ქრებიან. ურჩევნიათ დაგემალონ, გამორთონ ტელეფონი, “დაგსინონ” ან არც კი “დაგსინონ” ფეისბუქზე, ოღონდ არ გითხრან “არა.
გაურკვევლობა კიდევ ყველაზე საშინელი მომენტია და ათასჯერ გირჩევნია მარტივი უარი, მინიმუმ დროის დაზოგვის მიზნით.
8. “სექს-ცენტრიკები” – ისინი მუდამ სექსზე გესაუბრებიან, თავის რეალურ, ან მოგონებულ ცხელ ისტორიებს გიყვებიან. შენს ყველა მეგობარში, ნაცნობში სექსუალურ პარტნიორს ხედავენ, ყველას “ეჩალიჩებიან” და გარცხვენენ.
სადაც არ უნდა იყოთ, თუ სექსის შანსი გაუჩნდება – მომენტალურად დაგტოვებთ და ჰორმონების ყივილს გაჰყვება ინერციით, შენ კიდევ უნდა ელოდო, როდის დაიკმაყოფილებს თუ დაიცხრობს ჩაბუდებულ ვნებას და მერე კიდევ საათობით, მისი ისტორიის დეტალები უნდა მოისმინო.
9. ტვინის ბურღები – მათ შეუძლიათ დღეში ათჯერ მოგწერონ “რას შვები”, ან “რა არის ახალი”… გირეკონ, გწერონ, გესაუბრონ ერთსა და იმავეზე მთელი დღე, ბოლოს ემალები, ან უბრალოდ ბლოკავ და დიდი ხნის მანძილზე ჰგონიათ, რომ უბრალოდ ფეისბუქი გააუქმე.
10. ადამიანების დამხარისხებლები სტატუსის მიხედვით – ყველაზე დიდი მარაზმი, როცა მასზე უფრო გავლენიანებს ფეხქვეშ ეგებიან, ხოლო იმათ, ვისზეც ფინანსურად, სტატუსით, განათლებით მეტნი არიან – ძაღლადაც არ აგდებენ. ვიღაცის სიტყვა კანონია, ვიღაცის კიდევ – მოსმენის ღირსიც არ არის.
11. აგრესორები – ისინი ყოველთვის იმას ცდილობენ, რომ თვითშეფასება დაგიგდონ და უამრავ სისაძაგლეს გწერენ, მაგალითად:
წონაში მოიმატებ და ძროხა ხარ, გახდები – ცარიელი ცხვირი
ტელევიზიით ხშირად ჩანხარ – პაპსა და ყვითელი, ცოტა ხანს აღარ გამოჩნდები და ყველამ დაგიკიდა ანუ უცერემონიოდ, უმიზეზოდ აყენებენ ეჭვქვეშ შენს წარმატებას, ბედნიერებას, არიან აგრესიულები და კიდევ უფრო პანიკაში ვარდებიან, როცა ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ფეხებზე გკიდია.
ასევე, უყვართ საზოგადოების წინაშე გალაშქრება, თუ ყველა თვლის, რომ თეთრი თეთრია, ისინი გიმტკიცებენ, რომ შავია.
12. მოთამაშეები – ისინი გაყიდიან ყველაფერს, შენც ზედ მიგაყოლებენ, მთავარია თამაშის დაუცხრომელი ჟინი მოიკლან. მერე “გაითავნებიან”, გთხოვენ ფულს, გემუქრებიან სუიციდით და შენც სხვა გზა არ გაქვს. ან პირიქით, არ აქცევ ყურადღებას და ბოლოს ისევ, თავის მშობლებთან მანიპულირებენ სიკვდილით და ხარჯებსაც მათ ანაზღაურებინებენ.