აბასთუმანი – ელვარე ვარსკვლავების მხარე

“აბასთუმანი – ხაბაზთუბანი…
მზე ფანჯრებიდან მოიპარება,
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
თავდავიწყება და ნეტარება”.
ასე წერდა თავის დროზე ლადო ასათიანი აბასთუმანზე – კურორტზე, რომელმაც უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა. თავისი წყაროებით, ჰაერითა და ფიჭვნარით ებრძოდა და ებრძვის ადამიანთა ფილტვებში დაგროვებულ სევდას. ჭლექის დამარცხებას ღამით ცაც ახერხებს. ეს ის ცაა, გალაკტიონივით ამოუცნობი. ბავშვობაში მხოლოდ წიგნებში რომ ვეძებდით, იმ ირმის ნახტომსაც ნახავთ. აიხედავ და თავი ვარსკვლავთა მითიური ღმერთი გგონია.თითქოს, უბრძანებ და ირმის ან პოლარული დათვის ფორმას იღებენ. მერე ობსერვატორიიდანაც აკვირდები მათ ელვარებას, ამოწმებ, ხომ პირნათლად ასრულებენ მოვალეობას. დიდხანს აკვირდები შორიდან და გსიამოვნებს, მათი განმგებელი რომ ხარ. თუ არ წახვალ, ვერასდროს გახდები ვარსკვლავთა ღმერთი.
დილით საბაგიროს ჩაუყვები ღრმა ფიჭვნარში, ცოტათი შეგეშინდება, ბუნების სიდიადის შეგეშინდება. მერე გაუთამამდები, ცელქი ბავშვივით იტრიალებ დიდხანს ჯადოსნურ სივრცეში. იქვე, ხის სასახლეებში ცივილიზაციის ძველ კვალსაც აღმოაჩენ.

ეს ის აბასთუმანია, ჩვენი ბავშვობის ზღაპრული წარმოსახვების, ელვარე ვარსკვლავების მხარე.

სალომე ეპიტაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები