ჯულიანა ბარ-გნარი შეყვარებულია – ”პირველად რომ გავიგე, რასაც ჩემზე ამბობდნენ, ბევრი ვიტირე…”

105
SHARE

”ცეკვავენ ვარსკვლავების” ხუთი სეზონის განმავლობაში ყველა აღნიშნავდა, რომ ჯულიანა ბარ-გნარი ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე იყო, მაგრამ ფინალში პირველად გადავიდა. ამაში დიდი წვლილი მისმა მეწყვილემ, ნოდიკო ტატიშვილმა შეიტანა, რომელიც ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ცეკვა მაყურებლამდე კარგად მიიტანონ. ჯულიანას ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდით.

– ჯულიანა, როგორი განცდაა ფინალში ყოფნა?
– ფანტასტიკური და არაჩვეულებრივი განცდაა. ხუთი სეზონის განმავლობაში ფინალში პირველად ვარ. მე და ნოდიკოს იმედი კი გვქონდა, რომ ფინალში ვიქნებოდით, მაგრამ აუტსაიდერობაში დგომის გარეშე არ მოველოდით. როცა დუტამ მეორე აუტსაიდერად მზიკო და ზურა დაასახელა, შოკში ვიყავი და ხმამაღლა ვიყვირე, მერე ვამბობდი, ბოდიში, ცოტა ზედმეტად მომივიდა ემოციების გამოხატვა-მეთქი.
– შენი პარტნიორებიდან ყველაზე მშრომელი რომელი იყო? ყველაზე კარგად რომელი ცეკვავდა?
– განსხვავებული და განსაკუთრებული პარტნიორები მყავდა. ყოველთვის მიმართლებდა. გიორგი ყიფშიძეს მანამდე არასდროს უცეკვია, მაგრამ საერთოდ არ გამჭირვებია მასთან ერთად ცეკვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პროფესიონალთან ვცეკვავ, იმავე კომფორტს ვგრძნობდი გიორგისთან ცეკვისას. ძალიან ბევრს შრომობდა. ზოგი გიორგიზე ამბობდა, ცოტათი ზარმაციაო, მაგრამ მე მთელი პროექტის განმავლობაში მასში სიზარმაცე საერთოდ ვერ დავინახე. როგორც კი პირველი ტური დაიწყო, ბოლომდე დაიხარჯა. ესეც ძალიან დასაფასებელია. ნოდიკო ტატიშვილი კი, პირველ რიგში, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ის არის ჩემი მეორე ძლიერი ვარსკვლავი პარტნიორი. მას და გიორგის ცეკვის განსხვავებული სტილი აქვთ, მაგრამ ორივე ძალიან ბევრს შრომობდა.
– ყველაზე მეტად შენი რომელი ცეკვა მოგეწონა?
– ნოდიკოსთან ერთად შესრულებული ტანგო ჩემთვის განსაკუთრებული იყო. მე და ნოდიკომ მთელი სული და გული ჩავდეთ ამ ცეკვაში. დაგვიფასდა შრომა, როდესაც გოჩამ თქვა, ეს ცეკვა ხუთ სეზონში ყველაზე ძლიერი იყოო. როცა ცეკვას გულით გრძნობ და მარტო ელემენტები არ გაქვს დამახსოვრებული, სულ სხვა ენერგეტიკა მოდის მოცეკვავეებისგან. ტანგო ათიანზე გამოგვივიდა, რაც ძალიან მიხარია. როდესაც ვიმარჯვებ, ყოველთვის მინდა, რომ ეს დამსახურებულად მოხდეს და ახლა, ჩემი აზრით, დამსახურებულად გადავედით ფინალში.
– ცეკვებით ძალიან ხარ დაკავებული. გრჩება დრო დიასახლისობისთვის?
– წამიც კი არ მრჩება თავისუფალი დრო. თუ მაქვს, მას ძილისთვის ან კომპიუტერში ახალი ილეთების მოსაძებნად ვიყენებ. პროექტის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ მარტო პროექტით. მას ძალიან ბევრი პლუსი აქვს და ასეთ დაღლად ნამდვილად ღირს. მაყურებელი მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს, მაგრამ კულისებში ძალიან ბევრი დადებითი რამ ხდება და ამიტომაც ვთანხმდებით მოცეკვავეები პროექტში მონაწილეობას.
იმდენად ფანატიკურად მიყვარს ცეკვები, სახლში ღამის სამ-ოთხ საათზე ძალიან დაღლილი რომ მივდივარ, ამავე დროს ძალიან ბედნიერი ვარ. ცეკვის გარდა ჯერჯერობით არაფერი მაინტერესებს.
– გაქვს დაგეგმილი, ახალ წელს როგორ გაატარებ?
– ახლა მთლიანად ფინალსა და ცეკვებზე ვარ გადართული. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ვის რა ვაჩუქო და როგორ უნდა ავაწყო ნაძვის ხე. იანვრის ბოლოს ეგვიპტეში ზღვაზე წასვლას ვგეგმავ და მანამდე მინდა ბაკურიანში ან ყაზბეგში დავისვენო. პროექტის მერე კარგად რომ არ დავისვენო, ზუსტად ვიცი, გადავიწვები.
– შეყვარებული ხომ არ ხარ?
– რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, ეს რამდენად სერიოზულია, ჯერ ჩემს თავშიც არ ვარ გარკვეული, მაგრამ მგონია, რომ უფრო ვარ შეყვარებული, ვიდრე არა.
– ცნობილი სახეა?
– ამას უკვე ვერ გეტყვით.
– ფიქრობ ოჯახის შექმნაზე?
– ძალიან პატარა, 23 წლის ვარ და არ ვაპირებ ამ ასაკში ოჯახის შექმნას. ოჯახის შექმნა ძალიან სერიოზული ნაბიჯია. მინდა ვიცოდე, რომ ფეხზე მყარად ვდგავარ და ეს ნაბიჯი მერე გადავდგა.
– მოსწონს, როგორც ცეკვავ?
– ვფიქრობ, რომ მოსწონს. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.
– პოპულარობამ დადებითთან ერთად, ბევრი ჭორიც მოგიტანა. ხომ არ ნანობ პროექტში მონაწილეობას ამ ფაქტორის გამო?
– ეს ყველაფერი შეიძლება, პოპულარულ ადამიანსაც დაემართოს და არაპოპულარულსაც. ჩვეულებრივი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. უბრალოდ, შოუბიზნესში უფრო ბევრი ჭორია. თუ ძლიერი ხარ, ამ ყველაფერს გადაიტან და შენს გზას გააგრძელებ. მთავარია, შენს თავთან მართალი იყო. ვიცი, რასაც ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ და ჯერჯერობით არ მინანია.
რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადე ის ყველაფერი, რასაც ჩემზე ამბობდნენ და წერდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს ვეუბნებოდი, ჯული, ყველაფერი შენ გაძლიერებს და გზრდის-მეთქი და მეორე დღეს უფრო ძლიერს მეღვიძებოდა. რა თქმა უნდა, პირველად რომ გავიგე, რასაც ჩემზე ამბობდნენ, ბევრი ვიტირე. ყველაფერი გაზვიადებულად და ცუდად ეწერა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი ხდება.

FB კომენტარები

კომენტარი