“ჯეობარის” სექსსიმბოლო საქართველოს გადარჩენისთვის პოლიტიკაში მოდის

454
SHARE

“ჯეობარის” გამარჯვებული და მოდელი დეა ადამია საპროტესტო აქციებს გეგმავს და პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ მან გუშინ განაცხადა. ადამიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება და ერის და ბერის ხმამ უნდა გაიმარჯვოს. რა იგულისხმა პოლიტიკაში დაბრუნებაში და რას აპირებს ადამია, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– დეა, თქვენმა განცხადებამ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რას ნიშნავს პოლიტიკაში დაბრუნება? როდის იყავით პოლიტიკაში?
– პოლიტიკაში 14 წლის ასაკიდან ვარ. ბედმა ისეთ ქვეყანაში მომავლინა, სადაც ბავშვობა არ მღირსებია. მინდა ეს თუ არა, 1992 წლის 14 აგვისტოდან სულ პოლიტიკაში ვარ. მერე იყო ბნელი საქართველო, ქუჩაში სავაჭროდ მდგარი დიდი და პატარა. კიდევ კარგი, მშობლებმა გაგვარიდეს ამ ყოფას და პეტერბურგში ვცხოვრობდით. იქ ასეთი რამე ნამდვილად არ იგრძნობოდა, მიყვარს იქ გატარებული ბავშვობა. მაგრამ წლების შემდეგ დავბრუნდით საქართველოში. 2003 წლიდან იწყება ახალი პოლიტიკური შოუების პერიოდი, იმედი, შემდეგ იმედგაცრუება და ისევ აქციები. 2009 წლიდან ვარ ყველა აქციების და მიტინგების მონაწილე და პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი. ამჯერად ამ პარტიის თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ. საჭირბოროტო საკითხები და მტკივნეული პრობლემები ბევრია და გული არ მითმენს, რომ ამას შორიდან მშვიდად ვუყურო. საქართველო მიზანმიმართულად ღატაკდება და იძირება, რასაც არ დავუშვებთ მე და ჩემი თაობა!

– შენს განცხადებაში აღნიშნავ, რომ ქართველი ხალხის დროა, და ერის და ბერის ხმამ უნდა გადაფაროს ყველა ანტიქართული ხმა. ვის გულისხმობ ანტიქართულ ხმებში და როგორ გგონია, კახა კუკავა ქართული ხმა არის? გაყვება ხალხი თქვენს გზას?
– ანტიქართულია ქართულ მიწების უცხოელებზე გასხვისება! ანტიქართულია ამერიკისა და ევროპის წინაშე ჩვენი მონური მორჩილება, ანტიქართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის ქვეყანად არგამოცხადება. ანტიქართულია საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ბაზის მშენებლობა. მიმაჩნია, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ბევრი მტკივნეული ფაქტია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ადრე იყო რუსი ხელმწიფის “ნამესტნიკი” საქართველოში, დღეს იგივე გვყავს ამერიკის ელჩი ნორლანდი, ვის გარეშეც ერთი საკითხი არ წყდება ქვეყანაში… რა შეიცვალა? ეს არის თავისუფლება?

– რატომ მიიჩნევ ანტიქართულად ნატო-ს ბაზების ჩამოყალიბებას საქართველოში?
– ქვეყანა, სადაც უცხო ჯარი დგას და უცხო ქვეყნის ბაზებია, არასოდეს იქნება თავისუფალი. როგორ გგონიათ, ამ ბაზიდან გასროლილი რაკეტა პასუხად აქეთ ყვავილებს მიიღებს? ყოვლად დაუშვებელია ასეთი ბაზების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსება. ამერიკის ინტერესები ირანში და ობამას ზღვარგადასული პოლიტიკური ვნებები რუსეთთან მიმართებაში – ეს ყოველივე ჩვენ შემოგვიბრუნდება ცუდად. საქართველოს დამოუკიდებლობა ნეიტრალიტეტის გამოცხადებითა და დიპლომატიური მეთოდებით არის შესაძლებელი. ნეიტრალიტეტი ჩვენი ხსნაა და ერთადერთი გამოსავალი.

– ივანიშვილის მთავრობა არ მოგწონთ?
– ივანიშვილის მთავრობას ბევრ რამეში ვემადლიერები. შავი ჭირის მოშორებაში, მაგრამ ბევრი რამ, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, არ გაკეთდა. სანამ გამწარებული მამა შვილის საფლავზე შვილს არ წააკლეს, მანამ გამოძიებებიც არ წარმოებდა, რამაც სავალალო და ტრაგიკული შედეგები მოიტანა. საინტერესოა, პირადად მათ ოჯახებს რომ შეხებოდა ასეთი რამ, მაშინაც ასე გულგრილად მიუდგებოდნენ დანაშაულის

გახსნას? ქვეყანაში უსამართლობის განცდაა! სიღატაკე მატულობს, დასაქმება არ ხდება, უმუშევრობაა და არც იმედია ხალხში, რომ რამე გამოსწორდება.

– ამბობთ, რომ სააკაშვილია შავი ჭირი?
– სრულიად დამნაშავე ნაცრეჟიმი! მისი 9 წლიანი მმართველობა.

– რას ურჩევ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს?
– არ უსმინოს გარე ძალებს და ყველა გადაწყვეტილება მიიღოს თვითონ! იმოქმედოს ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვინმეს პირადი ინტერესებიდან!

– ვის გულისხმობ გარე ძალებში?
– რა თქმა უნდა, ევროპის და ამერიკის კარნახს. ისინი საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან ჩვენს ქვეყანაში და არა ჩვენი სიყვარულით. ჩემი შემდგომი ნაბიჯი, თუ ასე გაგრძელდა, იქნება პროტესტი; ჩემი და ჩემი თაობის დიდი პროტესტი. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს! დამამცირებელია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება!

– რუსეთის მხარდამჭერი ხარ?
– რაც შეეხება დამპყრობელობისა და ოკუპაციის თემას, ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ისტორიულად დამპყრობელია, თუ ირგვლივ კარგად მიმოვიხედავთ და მეხსიერებას მოვუხმობთ! იქნება ეს შეფარვითი თუ ღია ოკუპაცია… შეხედეთ აღმაშენებლის გამზირს თბილისში, თურქებისაა. ბათუმი, ქობულეთი თურქებისაა… და რაც ყველაზე საშიშია, ისინი სარწმუნოებრივი ოკუპაციითაც არიან დაკავებული და აჭარაში მრავალი ახალგაზრდაა ისლამის სწავლებაში ჩათრეული, ასევეა დასავლური იეჰოვური ექსპანსიაც! მათი მასონური ამერიკული ქსელი მთელს საქართველოშია. სულს უწამლავენ ადამიანებს და რწმენას უმრუდებენ! ეს ყველაზე საშიში ოკუპაციაა. რაც შეეხება რუსეთს, მიმაჩნია, რომ პატარა საქართველოს არავისი იმედი არ უნდა ქონდეს ამ ზესახელმწიფოსთან ბრძოლაში! თუ რამ სიტყვა შეგვაწიეს, ესეც იმიტომ, რომ სათავისო ინტერესები აქვთ და საქართველოს იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ.

– მოდელობიდან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღე?
– მოდელობა იყო ერთი პერიოდის თინეიჯერული “წიკები”. პოლიტიკა კი ჩემი საყვარელი თემაა. მით უმეტეს, როდესაც ასეთ დღეშია ჩემი სამშობლო, თითო აგური მის საკეთილდღეოდ ყველამ უნდა დავდოთ!

წყარო: ამბები. ჯი

FB კომენტარები

კომენტარი