ხელოვნების სხვადასხვა დარგში არსებული მწვავე პრობლემები

165
SHARE

მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში წამყვან როლს ასრულებს როგორც პოლიტიკა, ასევე კულტურა, თუმცა საქართველოში პოლიტიკურ-კულტურული განუვითარებლობა ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შეინიშნება. ხელოვნების სხვადასხვა სფეროს დაღმასვლა უარყოფითად აისახება ქვეყნის იერსახეზე, რადგან თითოეული ქვეყანა საკუთარ უპირატესობას ნაციონალური კულტურით წარმოაჩენს. დღესდღეობით ტურიზმის შემცირების ერთ-ერთ მიზეზს, ვფიქრობ, სწორედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის განუვითარებლობა იწვევს. მიმაჩნია, რომ საქართველოში არ არის ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ერთი იდეოლოგიური მიდგომა ექნება კულტურის სფეროს მიმართ, აქედან გამომდინარე, ნაკლებია სახელმწიფოს ხელშეწყობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მიმართ.

ჩემი აზრით, მიუღებელია საქართველოში არსებული ერთადერთი ოპერის შენობა 5 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ 3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო სარემონტო სამუშაოები, 5 წელი გაგრძელდა და კულტურის ერთ-ერთი წამყვანი დარგის, ოპერის განვითარება სრულიად შეაჩერა. შენობისა და საქმიანობის გარეშე დარჩენილი მსახიობები კი, უსახსრობისა და დაფინანსების უქონლობის გამო, უმუშევრად დარჩნენ და მოღვაწეობა ვერც საზღვარგარეთ გააგრძელეს.

საბალეტო დასი კი უმძიმეს პირობებში მუშაობს, რადგან მათ ესაჭიროებათ დარბაზები შესაბამისი იატაკი, რომელიც დღესდღეობით არ გააჩნიათ. თბილისში კი ერთადერთი ქორეოგრაფიული სასწავლებელი, რომელიც ვ. ჭაბუკიანის სახელს ატარებს, დანგრევის პირასაა და წლებია სახელმწიფო ყურადღებას არ იჩენს არსებული სასწავლებლის მიმართ, რის გამოც მოსწავლეებს სხვადასხვა შენობაში უწევთ სიარული. ვფიქრობ, აუცილებელია ქორეოგრაფიული სასწავლებლის აღდგენა, რადგან სწორედ ეს შენობა ინახავს იმ რეკვიზიტებსა და დარბაზებს, რომელშიც ადრეულ წლებში მოღვაწეობდნენ: ვერა წიგნაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, ლალი კანდელაკი და სხვები.

ასევე მწვავედ დგას პედაგოგიკის საკითხიც, მათი განათლების ხარისხი დაბალია, რადგან ელემენტარული პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე ასწავლიან ბავშვებს. ეს კარგად აისახა სასერტიფიკატო გამოცდებისას, თუ როგორ იყვნენ ,,შპარგალკამომარაგებული“ პედაგოგები მზად გამოცდებისთვის. პირველ რიგში, საზოგადოება უნდა იყოს ჩახედული როგორც პოლიტიკაში, ასევე კულტურაში. ამგვარად ჩამოყალიბდება ერთი იდეოლოგია და ყველა სფეროში გათვითცნობიერებული საზოგადოების თითოეული წევრი, ყოველთვის სწორ ნაბიჯს გადადგამს სამომავლოდ.

ნინო  ხარაძე

FB კომენტარები

კომენტარი