„ხელი უნდა მომეწერა შეთანხმებაზე, რომ აღარ დავორსულდებოდი“ – ერთ–ერთ საელჩოში ნუცა ჭირაქაძის მუშაობისას მომხდარი მძიმე ფაქტი

431
SHARE

ქალები საქართველოდან 36 წლის ნუცა ჭირაქაძის ისტორიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩოში დავიწყე მუშაობა. მალევე აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი და მოულოდნელი სიხარული იმაზე დარდმა შეცვალა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რადგან ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადით ვიყავი დასაქმებული. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ტყუილის თქმას გულწრფელობა სჯობდა და ჩემს უფროსს, ელჩს ვუთხარი, რომ ბავშვს ველოდებოდი. მშრალი და თავშეკავებული რეაქცია ჰქონდა. ორსულობა მარტივად არ მიმდინარეობდა, თუმცა თავს არ ვზოგავდი, კარგად რომ მემუშავა და ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა საელჩოსთვის. ხშირად, სახლში დაბრუნებული, დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, მაგრამ მეორე დღეს ისევ სამსახურში მივდიოდი და თავდაუზოგავად ვშრომობდი. ერთ-ერთ საკონტროლო ვიზიტზე, ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში არ იყო, სასწრაფო გამოკვლევები მჭირდებოდა და საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი. აქედან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი, რომელიც ათ დღეს გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ ბავშვი ვერ შევინარჩუნე, მუცელი მომეშალა. როგორც კი საავადმყოფოში დამაწვინეს, ჩემს უფროსს მივწერე, საავადმყოფოში ვწევარ, ბიულეტენი მაქვს გახსნილი და რამდენიმე დღე ვერ ვიქნები, რადგან ცუდი ამბები მაქვს-მეთქი. პასუხად მომწერა, რომ სამწუხარო იყო, მაგრამ მისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ვინ იმუშავებდა საელჩოში და ჩემმა არყოფნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

აბსოლუტურად განადგურებული დავბრუნდი სამსახურში, ჯერ იმის გამო, რაც გადავიტანე და იმედგაცრუებული ვიყავი იმითაც, როგორ შეეძლო ადამიანს, რომელიც თავადაც 3 შვილის მამაა, ასეთ მძიმე წუთებში თავისი ხელქვეითისთვის ეთქვა, რომ მთავარი სამსახურია და სულ ფეხებზე ჰკიდია, მუცელი მომეშალა თუ არა. თუმცა მთავარი იმედგაცრუება წინ მელოდა – დამიბარა და მითხრა, რომ ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადით ვარ დასაქმებული და შეუძლია, ნებისმიერ დროს უმიზეზოდ გამათავისუფლოს, მაგრამ რადგან „პრობლემა გაქრა,“ ანუ ორსულად აღარ ვარ, მტოვებს. ასევე, ძალიან კმაყოფილი კია ჩემი თავდადებული შრომისთვის, მაგრამ ხელი უნდა მომეწერა შეთანხმებაზე, რომ აღარ დავორსულდებოდი. აქვე დასძინა, რომ სხვა უცხოელ კოლეგებსაც დაეკითხა და ყველამ, უმეტესად, ქალებმა ურჩიეს, რომ დროულად მოვეშორებინე, რადგან ისევ მომინდებოდა შვილის ყოლა. ამიტომ მოიფიქრა, რომ დამტოვებდა, მაგრამ ერთი პირობით – საქართველოში მისი ელჩად ყოფნის პერიოდში ბავშვი არ უნდა გამეჩინა. უნდოდა, ჩემი შრომითი ხელშეკრულება ისევ გამოსაცდელი ვადით გაეგრძელებინა მომდევნო 1 წლის განმავლობაში, ორსულობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ რომ გავეთავისუფლებინე. შეურაცხყოფისა და ტკივილისგან ხმა ვერ ამოვიღე. ტკივილისგან, შვილის ყოლას რომ მიკრძალავდა და შეურაცხყოფისგან, რადგან ზუსტად ვიცოდი, თავის სამშობლოში ვერასდროს, ვერც ერთ თანამშრომელს გაუბედავდა ასეთი უღირსი პირობის წაყენებას.

საქართველოში ხომ შეუძლია უცხოელ დიპლომატს ასეთი რამე იკადროს, ქართველი ქალი ხომ დაბალი ღობეა… მერე რა, ქართული კანონმდებლობა რომ საერთოდ არ უშვებს ასეთ ხანგრძლივ გამოსაცდელ ვადას, მისთვის მთავარი იყო მუშახელი, რომელსაც პირადი ცხოვრება არ ექნებოდა. არ ვიცი, ამ ამბიდან დაზარალებული გამოვედი თუ გამარჯვებული, კიდევ ვერ მომიშუშებია ის ტკივილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეიძლება მოგაყენონ, რომ გინდა, დედა გახდე. რატომ არის მხოლოდ ქალების ამოცანა შვილების გაჩენა და მათზე ზრუნვა? რატომ გვიწევს მუდამ იმის მტკიცება, რომ ბავშვებისა და ოჯახის მიუხედავად, შეგვიძლია, ვიყოთ წარმატებულები? გვქონდეს კარიერა, გვინდოდეს მუშაობა და მატერიალურად აუცილებელიც კი იყოს ჩვენთვის სამსახური? მუდამ შეჯიბრში ვართ მამაკაცებთან, თითქოს, ერთი ფეხი გაქვს და სირბილში უნდა გაასწრო ორფეხიან ადამიანებს. ბავშვები ხომ ყველას მომავალია და არა მხოლოდ ქალების?! ის, რომ ფიზიოლოგიურად მხოლოდ ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, მისი პრივილეგია უნდა იყოს და არა – სასჯელი.

უღირს პირობაზე ხელი არ მოვაწარე, სამაგიეროდ, მთელი წელი მესმოდა, „ღმერთმა დაგვიფაროს შენი ორსულობისგან” და ა.შ. ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ფსიქიკა შემერყა და არც ერთი სამსახური ღირდა ამად. თუ მკითხავთ, კარიერა მირჩევნია თუ შვილები, შვილებს ავირჩევ, მაგრამ არავინ უნდა დამაყენოს ამ არჩევნის წინაშე. ევროპული სტრუქტურებისგან არავინ ელოდება მსგავსი სახის დისკრიმინაციას, ჩვენ ხომ ასეთი წარმოდგენა გვაქვს – ევროპაში დასაქმებულთა უფლებები და განსაკუთრებით, ქალების უფლებები დაცულია. ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც, წესით, ასეთ ფასეულობებზე უნდა იყვნენ გაზრდილი, როგორც კი საქართველოსნაირ ქვეყანაში ხვდებიან, კარგავენ კონტროლს და თანამედროვე მონათმფლობელებად იქცევიან.

მინდა, ქალებს ვუთხრა, არასდროს გაჩუმდნენ თუ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდებიან, რადგან მიღწევები ადამიანის უფლებების კუთხით, რომლითაც თანამედროვე მსოფლიო დღეს ამაყობს, იმ ქალების ზურგზე დგას, რომლებიც არ გაჩუმდნენ. ჩემი საყვარელი სამშობლოსგან კი ვისურვებდი, რომ დამიცვას და მომცეს საშუალება, ვიყო დედა, მქონდეს საყვარელი საქმე, რომელიც მავსებს, მაინტერესებს და განვითარების შესაძლებლობას მაძლევს.”

FB კომენტარები

კომენტარი