ხევსურების ბეწვის ხიდი, რომელიც ერთადერთ ოჯახს გარესამყაროსთან აკავშირებდა

74
SHARE

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ისტორიკოსი ბუბა კუდავა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხევსურეთის ერთ-ერთი ხიდის ფოტოს და ძალიან საინტერესო ისტორიას აქვეყნებს.
“კვირა პლუსი” ამ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ:
“ახლა არ ვიცი, მაგრამ სულ რამდენიმე წლის წინ ეს ბეწვის ხიდი აკავშირებდა ხევსურეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მცხოვრებ ლამის ერთადერთ ოჯახს გარესამყაროსთან. მრავალშვილიანი ხევსურებისთვის ეს ბეწვის ხიდი ბედის ხიდადაც ქცეულა – სამი წლის შვილი გადავარდნილა აქ და დამხრჩვალა. ჩემდა სამარცხვინოდ, სტუდენტობის მერე მუცოს 2010-ში პირველად ვესტუმრე. არადა, ისე იმოქმედა მაშინ, რომ თითქოს წელი არ უნდა გამომეტოვებინა.12434485_442678489260875_436167174_n
ოჯახის გამძლეობამ, რწმენამ და თავს დატეხილმა ამბავმა დამზაფრა. დაუფიქრებლად გავხსენი საფულე და იმის გაკეთება გადავწყვიტე, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან ბუნებრივია. ამერიკელი სტუმარი გვახლდა. მაშინვე დამედევნა გახსნილი საფულით, თან მომყვებოდა და თან კუპიურების შერჩევაში დახმარებას მთხოვდა. რამდენიმე დღეში სუფრასთან ვისხედით და მადლობებს მიხდიდა – ცხოვრებაში ასეთი რამ არასოდეს მომფიქრებია, ასე პირველად მოვიქეცი და გინდა დაიჯერე და გინდა არა, შენ ჩემი ცხოვრება შეცვალეო. მე არა და, იმ უდრეკმა ოჯახმა, ერთ დროს სახელოვანმა და ახლა დალეულმა მუცომ, ამ ბედის ხიდმა და ჩვენმა პატარა ქვეყანამ კი, მგონი, მართლა დააფიქრა დიდი ქვეყნის შვილი.
სიკეთისა იყოს, ჩემო კარგებო. სიკეთისა, რომელიც ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. რომელიც გადამდებია და რომელსაც ვერავინ ვერასოდეს მორევია. ჩვენი ქვეყნისა და ხალხისა იყოს, უამრავი რომ აქვს სასწავლი და გასავლელი, მაგრამ იქითაც რომ ბევრს ასწავლის და აფიქრიანებს. კიდევ, ხევსურეთისა იყოს, უმოწყალოდ რომ დაცლილა, ჩვენ კი, დიდ-დიდი საქმეებით გართულთ, ჯერ ვერ მოგვიცლია მისთვის. კიდევ – მუცოსი იყოს და ამ ოჯახისა კიდევ, ეს ფიჩხი რომ გაუდვია მოღრიალე მდინარეზე და ასე იცავს იმპერიისგან მის წილ საქართველოს. კიდევ, ხიდისა იყოს, ეშმაკი რომ ყოფს და ეს კი აკავშირებს. ხიდისა, აგრე რომ გვაკლია დღეს”.

FB კომენტარები

კომენტარი