ხედი სასაფლაოზე, არარეგისტრირებული კორპუსი და ბინა, რომელიც მოიგე, მაგრამ არ გეკუთვნის – სკანდალები მოგებული ბინების გარშემო

64
SHARE

”თქვენ მოიგეთ ბინა” – ამ სიტყების გაგონებაზე ყველა ოცნებობს. რამდენიმე წელია, სხვადასხვა გასართობ შოუსა თუ კონკურსზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზი ბინაა, რომელიც ხშირად სკანდალის მიზეზი ხდება. თუმცა, რასაკვირველია, ყველა შემთხვევა ერთმანეთს არ ჰგავს, კმაყოფილიც უამრავი ადამიანი გვინახავს, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ”ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება”, ბევრი რამ არ მოსწონთ, მაგრამ ხმამაღლა არ ლაპარაკობენ და მხოლოდ მადლობას იხდიან.

დიტო ლაგვილავა
წლების წინ მუსიკალურ პროექტ ”ვარსკვლავების აკადემიის” გამარჯვებული გახდა და ბინა მოიგო. ”ის ბინა გავყიდე და სხვა ვიყიდე, ისევ ახალ კორპუსში. პროექტის პერიოდში ბინა შენდებოდა და თეთრი კარკასი ორ წელიწადში ჩა-მაბარეს. საწუწუნო არაფერი მქონდა, რადგან დაპირებული ბინა გადმომცეს, არავის უთქვამს, რომ რემონტი იქნებოდა გაკეთებული. ბინა ხედის გამო გავყიდე, მაგრამ არ ვწუწუნებ, სასაფლაოს გადაჰყურებდა. უკანა მხარეს ჰქონდა ასეთი ხედი. მე-18 სართულზე რომ ხარ და სასაფლაოს გარდა ვერაფერს ხედავ, სასიამოვნო არ არის (იცინის)”.

ალბათ, ყველას გახსოვთ 2011 წლის ”ნიჭიერის” გამარჯვებული პატარა ბიჭი ვანო ფიფია, რომელმაც ბინა ბათუმის ბულვარში მოიგო. ორი წლის შემდეგ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ვრცელი მასალა, სადაც ვკითხულობდით, რომ ვანოს ბინა, რომელიც კონტრაქტით 2012 წლის ოქტომ-ბერში უნდა გადასცემოდა, იქამდე არ მიუღია. კომპანიამ, რომელმაც ბინა გაათამაშა, კომენტარში აღნიშნა, რომ სამშენებლო ვადებზე გამარჯვებულთან ვალდებულება არ ჰქონია და ბავშვს ბინა მალე გადაეცემოდა.

ინტერნეტმედიაში აგორებული სკანდალის შემდეგ მალე ოჯახს ერთოთახიანი გარემონტებული ბინა გადაეცა. მაცაცო თოხაძე მომღერალი და რადიოწამყვანია. გარკვეული პერიოდის წინ გადაცემა ”იღბლიან ბორბალში” ბინა მოიგო, მაგრამ დღემდე არ იცის, მიიღებს თუ არა მოგებულ პრიზს.

– დაახლოებით ორი თვის წინ ერთ ჩემს ახლობელს გავყევი გადაცემაში და ძალიან უნდოდა, როგორც მის გულშემატკივარს, მემღერა, მაგრამ ადგილზე გაირკვა, რომ სტუმარს არ შეიძლებოდა ემღერა და თუ მონაწილეობას მივიღებ-დი, არ იქნებოდა პრობლემა. გადაცემის შემდეგ ჩემი მონაცემები დავტოვე და ერთ თვეში დამირეკეს. ჩემი სურვილიც იყო, რადგან ძალიან მიყვარს ეს გადაცემა. მანამდე ამ გადაცემაში ასეთი ღირებულების პრიზი არ გათამაშებულა. ჩემი აზრით, ვერ დაუშვეს, რომ მონაწილე სუპერთამაშს დათანხმდებოდა, ბორბალზე ბინა ამოვიდოდა და მოთამაშე მოიგებდა. გადაცემის გასვლამდე სამი დღით ადრე რეკლამები დაიწყო, სადაც ჩანდა, რომ ბინა მოვიგე. ამ ამბიდან მეორე დღეს იმ სამშენებელო კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ კონტრაქტი ბოლომდე არ იყო ხელმოწერილი და უარს აცხადებდნენ ჩემთვის ბინის გადმოცემაზე. ტელეკომპანიაში ერთთვიანი ვადა მთხოვეს, ამ დროში ან სამშენებლო კორპუსი და ბინა, რომელიც კომპანია მოეგებოდა გონს და ბინა გადმომეცემოდა, ან იზარალებდნენ და ბინას თავად მიყიდდნენ, ან კომპენსაციას მომცემდნენ.

ოცი დღის შემდეგ დაგვიანებით გადმომცეს კონტრაქტი, სადაც წერია, რომ პრიზის გადაცემაზე ვალდებულება აქვს სამშენებლო კომპანიას. ხელშეკრულებას ხელი საგრიმიოროში მოვაწერე და ჩემი დანაშაულია, რომ არ წამიკითხავს. სხვების კონტრაქტები არ მინახავს და არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სიტუაციას მოარგეს ჩემი კონტრაქტი. უბრალოდ, ვერ ვხვდები, თუ საბუთები მოწესრიგებული აქვთ, რატომ გადაიხდიან კეთილი ნებით თანხას. ჩემი ეჭვით, რაღაც გაუგებრობა მოხდა ტელევიზიასა და სამშენებლო კომპანიას შორის. ფაქტია, რომ მე ვარ ყველაზე მართალი ამ სამ მხარეს შორის. ერთი თვე რამდენიმე დღეში გადის და თუ ამის შემდეგ არავინ შემეხმიანა ტელევიზიიდან, აუცილებლად შევხვდები გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, მისი აზრი ძალიან მაინტერესებს. მერე არ ვიცი, რას ვიზამ, უამრავი ადვოკატი მიკავშირდება, რომ დრო არ დავკარგო და პროცესი დავიწყოთ.

დათო გელაძე (ჩელე) მსახიობია და წლების წინ ”ჯეობარში” ბინა აჩუქეს, თუმცა ეს სიურპრიზი იყო და ფინალში გაიგო.

– ჩემი ”ჯეობარში” ყოფნის დროს დაიბეჭდა ინტერვიუ, რომ ბინა არ მქონდა, რომელიც მაია რჩეულიშვილს წაუკითხავს და გადაუწყვეტია, ნებისმიერ შემთხვევაში ბინა ეჩუქებინა. კორპუსი მაშინ მშენებლობის პროცესში იყო, შემდეგ კომპანიას პრობლემები შეექმნა და რემონტი ვეღარ გააკეთეს. არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ნაჩუქარი ბინაა. იმ კორპუსში ხალხი ცხოვრობს, უბრალოდ, მე არ გამირემონტებია. ახლა ვყიდი მაგ ბინას და მინდა, საკუთარი სახლი ვიყიდო. ბევრი ძაღლი მყავს და ეზო მინდა. ახლა ჩემს ცოლთან ერთად მთაწმინდაზე ვცხოვრობ, ხედავთ, რა ჭკვიანი ვარ, ბინიანი ცოლი მოვიყვანე.

სხვებისგან განსხვავებით, ძალიან გაუმართლა ნინო ძოწენიძეს, რომელმაც პროექტ ”ერთი ერთში” გაიმარჯვა.

– ძალიან კმაყოფილი ვარ. ის ბინა გავყიდე, რადგან მთელი კორპუსი ერთ-ერთმა სამედიცინო ცენტრმა შეისყიდა და ფული მომცეს. ჩემ შემთხვევაში ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. კარგ ფასად გაიყიდა და ფული ანგარიშზე შევიტანე, ისეთი თანხაა, რომ ბინას თავისუფლად ვიყიდი.

2012 წლის 31 დეკემბერს ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” რუსკა მაყაშვილმა ბათუმში ბინა მოიგო, მოგვიანებით კი სერიოზულ პრობლემებში გაეხვია. როგორც პრესასთან საუბარში მსახიობის დედა თამარ მაყაშვილი აცხადებდა, კონტრაქტის მიხედვით, თეთრი კარკასი უნდა ჩაებარებინათ და უკვე დასრულებული ბინის სანახავად რომ ჩავიდნენ, სახლში ტიხრებიც არ იყო ამოყვანილი. თამარმა გადაცემის მაშინდელ პროდიუსერ ალინა არველაძეს დაურეკა, რომ კონტრაქტის პირობები არ სრულდებოდა და მისგან პასუხად მიიღო, რომ ის ”იმედში” აღარ მუშაობდა. როგორ განვითარდა მას შემდეგ მოვლენები, ქალბატონ თამარს დავურეკეთ და პირადად ვკითხეთ.

– ჩემ გარდა არავინ ახმოვანებს ასეთ პრობლემებს. გამოდის, რომ მაყაშვილი აშარი დედაკაცია და სხვები ჩუმად არიან. ჩვენი ბინა არ არის რეგისტრირებული და არაფერი დაუცავთ კონტრაქტის მიხედვით. ორასჯერ არის საბუთები შეცვლილი. რა თეთრი კარკასი, პრინციპის ამბავზე წავედი და როდესაც რეესტრში გატარდება ბინა, რუსუდანს 50 კვადრატულს მისცემენ და ამაზეც სამშენებლო კომპანიის დირექტორმა იბრძოლა. ”იმედის” ახლანდელ აღმასრულებელ პროდიუსერსაც ვესაუბრე, უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, და იმათ პირობა ხომ შეასრულეს, ბინას არეკლამებდნენ გადაცემაშიო. რუსიკოზე წერია, რომ სამომავლო მეპატრონეა, რაც ნიშნავს, რომ ვინმე კემულარიას ნება თუ არ იქნება, არ მისცემენ ბინას და ”იმედს” რომ თვითონ აქვს რაღაცები არეული, მაგას ვამბობ რამდენი წელია. ჩვენთვის არავის არაფერი უჩუქებია, მთელმა საქართველომ აჩუქა ეს ბინა, ვირული შრომით მოიპოვა და ნუ მაძახებენ რაღაც სისულელეებს. აღარ იციან, როგორ ჩამიკეტონ ”იმედის” კარი. საერთოდ რაზე მელაპარაკებით, პროექტი ”ერთი ერთში” გავიდა ”იმედზე” და ”კატოკივით” გადაუარეს.

– ეს გადაცემა რუსკას მიჰყავდა ”ჯიდიესზე”, აქედან შეთავაზება არ ჰქონია?
– არა და კიდევ კარგი, რადგან ეს იყო სამარცხვინო რამ. ისე, ხშირად გვიწვევენ ”იმედის” გადაცემებში სტუმრად, მაგრამ სათანამშრომლოდ არა. ეგ კი არა, პროექტ ”ორი ვარსკვლავიდან” დამტკიცებული მომხსნეს და გადამაგდეს. თურმე რეიტინგი რომ გამოიკითხეს, ოცმა კაცმა უთხრა, თამრიკო არაო. გიორგი ჩიქოვანის მეწყვილე უნდა ვყოფილიყავი.


წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი”

FB კომენტარები

კომენტარი