„ჭარბწოიანობა ჩვენთვის აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ამ პრობლემის მიმართ საერთოდ არ გვაქვს რეაქცია“ – ინტერვიუ კვების კონსულტანტ თემურ მიქაუტიძესთან

35
SHARE

ცხოვრების ჯანსაღი წესი – ხშირად გვესმის და ალბათ, არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რას გულისხმობს და რას მოიცავს ის? მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მთავარი დეტალები სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს.
ამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კვების კონსულტანტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კლუბის ხელმძღვანელს, თემურ მიქაუტაძეს რჩევებისთვის მივმართეთ. ის წლებია უკვე პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ამავდროულად სხვადასხვა აქტივობაში იღებს მონაწილეობას, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოში სწორი კვების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას.

თქვენთვის, როგორც კვების კონსულტანტისთვის, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება?

ჯანსაღი წესით ცხოვრება არის ცხოვრებისა და აქტივობის, სხეულის ექსპლუატაციის სწორი ფორმა. ეს არის სწორი კვება, სწორი დასვენება, სწორი აქტივობა. ჯანმრთელი ცხოვრება ჯანმრთელი სხეულია, ჯანმრთელი სხეული მაქსიმალურად უზრუნველყოფს ადამიანის მიერ მაქსიმალური სარგებლით ექსპლუატაციის შანსს.
როგორ ფიქრობთ, რა სჯობს? ავადმყოფი, ნაადრევად დაბერებული, ენერგიაგამოცლილი და მოდუნებული საზოგადოება თუ ენერგიული, ჯანმრთელი და შემოქმედებითი?

რამდენად აქტუალურია დღეს საქართველოში ჭარბწონიანობის პრობლემა და რამდენად საჭიროებს კომპლექსურ მიდგომებს?

ეს პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენთვის კი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ამ პრობლემის მიმართ საერთოდ არა გვაქვს რეაქცია და ამ დროს, ევროპაში ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ჩვენ გვაქვს.
მე ვიტყოდი, რომ დემოგრაფიულ საფრთხესთან ერთად, თავისი მნიშვნელობით, პირველია.

ყველაზე ხშირად რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ კვებასთან დაკავშირებული პრობლემით და  რა არის მათი ჭარბწონიანობის მიზეზი?

ყველა ასაკის. უფრო სწორად, პრობლემა არის ყველა ასაკში. ჩვენთვის ყველაზე საყურადღებოა ბავშვების მდგომარეობა. თუმცა მოგვმართავენ უფრო საშუალო ასაკს გადაცილებულები. როცა უკვე ვეღარ სუნთქავენ, ფეხები უსივდებათ და ბოლოსდაბოლოს, მრავალ მიზეზთა გამო, ექიმმა უთხრა, რომ წონაში უნდა დაიკლონ. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ თავიდან რომ ეზრუნათ იმაზე, რომ არ მოემატათ წონაში, დასაკლებიც არ გახდებოდა..

რას გვეტყვით თამბაქოსა და ალკოჰოლზე, როგორც არაჯანსაღი ცხოვრების წესზე?

რა უნდა გითხრათ? თამბაქოც და ალკოჰოლიც კლავს. ცოტა ხნის წინ მოწევა და ქეიფი კარგ ტონად ითვლებოდა. ძალიან მალე აღმოჩნდება, რომ ეს სრული უაზრობაა. ძალიან მალე ეს სამარცხვინო იქნება.  ის აისახება ჩვენს ორგანიზმზე  უარყოფითად და სამწუხაროდ, დაგვიანების შემთხვევაში, პაციენტის მკურნალობა და რეაბილიტაცია შეუძლებელიც კი ხდება ექიმისათვის.. ჩვენ სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას, რომელშიც ნიკოტინის, კუპრისა და თამბაქოს ადგილი არ არის.

თვლით თუ არა, რომ საქართველოში უფრო აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია მოსახლეობაში და რატომ?

კი, ვთვლი და ეს მალე დაიწყება. რატომ და იმიტომ, რომ ძალიან რთული ვითარებაა და როდესაც გავაცნობიერებთ მაშინვე დავიწყებთ ზომების მიღებასაც.

და ბოლოს, რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ?

ვურჩევდი, გაერკვნენ რას ნიშნავს სწორი კვება, სწორი დასვენება და სწორი აქტივობა. გაერკვნენ და შეიტანონ თავიანთ ოჯახებში ეს წესები. გინდათ გყავდეთ, ჯანსაღი და ძლიერი შთამომავლობა? კეთილი ინებეთ და გაეცანით ჯანსაღი ცხოვრების საკითხებს.
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საბოლოოდ, უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯამრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ჯანსაღი ცხოვრების ერთგვარი ინდოკატორია კარგი განწყობა, რონელიც ადამიანის ემოციურ, მენტალურ, ინტელექტუალურ, ფიზიკურ და სულიერ სფეროებს მოიცავს.

გახსოვდეთ: „ჯანსაღ სხეულში ჯასაღი სულია“

FB კომენტარები

კომენტარი