წყნეთში არასრულწლოვნებმა შინაურ ცხოველს ყელი გამოსჭრეს (ფოტოკოლაჟი)

180
SHARE

 

ცხოველთა დამცველი თეიმურაზ წიქორიძე სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტოს აქვეყნებს. შინაურ ცხოველს სანადირო თოფით ჭრილობა აქვს მიყენებული. „ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ“ ძაღლი ვეტერინართან წაიყვანა, სადაც რენტგენის დროს გაშუქებისას საფანტის ტყვიები აღმოჩნდა. „კვირა+“ დაუკავშირდა თეიმურაზ წიქორიძეს, რომელმაც დეტალურად გვიამბო მომხდარის შესახებ.
„ერთი კვირის წინ თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიასთან, დღისით, მზისით ძაღლს სანადირო თოფიდან ესროლეს. სისხლი სდიოდა და პირველად რომ დავინახე, უბრალო ტრავმა მეგონა. ვეტერინართან მიყვანის შემდეგ, რენტგენით დავადგინეთ, რომ ძაღლს ნასროლი ჰქონდა. გამოვიძახეთ პოლიცია, კრიმინალური სამსახური, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. ფოტოც კი არ გადაუღეს.
ექსპერტიზაზე აღარაა ლაპარაკი, იმ ადამიანმა, ვინც ეს ჩაიდინა, რა თქმა უნდა, მოსაკლავად ესროლა და ააცილა, ხვალ შეიძლება ბავშვს გაარტყას. ვიღაც დადის ქალაქში ცეცხლსასროლი იარაღით და ამაზე რეაგირებაა საჭირო“, – ამბობს წიქორიძეს.
„ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ უფროსი კიდევ ერთ ამბავს გვიყვება, რომელიც წყნეთში მოხდა. მისი ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა ციკანს ყელი გამოსჭრეს და ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთეს.
„ჩვენ ცხოველთა დამცველები ვართ, გინდა ბავშვი იყოს, გინდა კაცი, თვითონ ფოტოც შემზარავია, შინაური ცხოველისთვის ასე ყელის გამოჭრა დაუშვებელია. რაც შეეხება ფოტოს, ვერ ვიპოვეთ, ვინ ატვირთა, მხოლოდ ის ვიცით, რომ გადაღებულია წყნეთში. ინტერნეტშიც არის გამოქვეყნებული ეს სურათი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არავინ შეგვხმიანებია. ეს რომ ძაღლი ყოფილიყო, ჩვენ მივმართავდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ამას სრული იგნორირება მოჰყვება, ერთადერთი – ეს შემზარავი სურათი წაიშლებოდა და ამით დამთავრდებოდა მთელი გამოძიება.
ცხოველების ბაზრობებზე საერთოდ საშინელება ხდება, უჰაეროდ, უწყლოდ, ტომრებში გუდავენ ცხოველებს, ეს შემზარავი სანახავია. საქართველოს კანონმდებლობაში არის ცხოველის დაცვასთან დაკავშირებული გარკვეული რეგულაციები, მაგრამ მხოლოდ ფერმაში მყოფი ცხოველებისთვის. ეს უსამართლობაა, ცხოველსაც სტკივა, იგივე შეგრძნებები აქვს, რაც ადამიანს. დღესასწაულ ლომისობის შემდეგ უკვე აღარაფერი მიკვირს“, – განაცხადა თეიუმურაზ წიქორიძემ.

FB კომენტარები

კომენტარი