წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში შუმბას და-ძმები გაჩნდნენ

84
SHARE

თბილისის ზოოპარკს სამი ახალი წევრი ჰყავს. ცნობილ ლომს შუმბას და-ძმები შეეძინა. როგორც ზოოპარკის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს, დედა და ბოკვერები თავს კარგად გრძნობენ.
„და აი, ის დიადი დღეც დადგა, როცა ჩვენი შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ! წყლადიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველად გაგვიჩნდა ლომები! თეთრი ლომები! 3 ბუთხუზა ბოკვერი! კლეოპატრას მშობიარობა გაურთულდა, კარგა ხანს გვანერვიულა. თანაც, ლომის მშობიარობა ხუმრობა საქმე ხომ არაა – ვერც ბებიაქალს მიახმარებ, ვერც აუხსნი, როდის რა გააკეთოს, ვერც პატარების გამოსაყვანად შეხვალ. მშობიარობა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ჩვენმა ვეტექიმებმა იყოჩაღეს და აგერ – შედეგიც სახეზეა. კლეოპატრაც და ბოკვერებიც კარგად გრძნობენ თავს. დედა მონდომებით იცავს შვილებს. ვოლიერს რომ უახლოვდები, ქუხს და გრგვინავს გალომებული (აფთარი რომ ყოფილიყო, გააფთრებულს დავწერდით). ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას. ამჟამად დახურულ ვოლიერში იმყოფებიან. ალბათ რამდენიმე დღეში დედა ბავშვებს გარეთაც გამოიყვანს სასეირნოდ და მერე ყველას გექნებათ მათი მონახულების შესაძლებლობა. მანამდე კი ამ ფოტოებით დატკბით და გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული!“ – ავრცელებს ზოოპარკის ფეისბუქის გვერდი.

 

Comments

comments