“წვეთი ზღვაში” – გემის კაპიტანმა კოტე ბოლქვაძემ ჩანახატების კრებული გამოსცა

189
SHARE

„მინდა ვიყო თავისუფალი, მაგრამ არ მინდა ვიყო მარტო! მინდა კავკასიონიდან გადმოვფრინდე, ზღვაში ჩამავალ მზეს დავეწიო და გავაჩერო, რომ არ ჩავიდეს!
ან კიდევ, ხიხანის ციხის ბჭეებზე ვიდგე და ამომავალი მზის ნახევარსფეროს ხელებგაშლილი ვეხატებოდე შავ სილუეტად! …
მინდა ჩიტი ჟღურტულებდეს ფანჯარასთან, ბებია საბანს მახურავდეს, სიმშვიდეს მიფუებდეს ბალიშივით…” – ამ სიტყვების ავტორი კოტე ბოლქვაძეა – გასულ 90-იანი წლების ჟურნალისტი, ტელეკომპანია “იბერიაში” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და დღეს – ამერიკული გემის კაპიტანი.
კოტე ბოლქვაძე 1974 წლის 18 მაისს ბათუმში დაიბადა.
მის ერთ-ერთ ჩანახატში კი, ვკითხულობთ:
“ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ დღეს გემის კაპიტანი ვარ და ვინც ბავშვობიდან მიცნობს, დამიდასტურებს, რომ არასდროს არ მქონია სურვილი მეხანძრე ან კოსმონავტი გამოვსულიყავი. მახსოვს, ბებია არქეოლოგობას მირჩევდა, ხოლო დედას ქირურგად წარმოვედგინე. ამ დროს, ყველასთვის მოულოდნელად, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში, ე.წ. მარიახოდკაში ჩავაბარე და იმედგაცრუებული ბებია, პროტესტის ნიშნად, თითქმის ორ თვეს არ მელაპარაკებოდა”.
კოტე ერთ-ერთი იმ მეოცნებეთაგანია, რომელმაც საბოლოოდ, ყოველდღიურ ყოფიერებაზე გაიმარჯვა და თავის ოცნებას ბოლომდე მიჰყვა.
დღეს იგი თავის ოცნებასთან ერთად ცხოვრობს და მართავს გემს ისევე, როგორც თავის ცხოვრებას.
“რამდენიმე წელი ამაოდ ვსდიე ოქროს თევზს… არადა, არ გაება ჩემს ბადეში”, – სამაგიეროდ, დღეს გამოსცა თავისი ჩანახატების კრებული, სადაც წერს ყველაფერზე, რაც კი თავს გადახდენია, რაც კი უგრძნია.
წერს აღდგომის ღამეს ჩაჟამულ სახლებზე, ფეხით გასავლელ ბილიკზე, ფანჯრებზე – საიდანაც ნავთქურების შუქი ბჟუტავს.
წერს ღამეზე, რომელმაც თავისი შავი მკლავები ჩამოაწყო ჰორიზონტზე და მზის უკანასკნელი სხივი გაწყვიტა.
წერს ზღვაში გადამხდარ ამბებსა და დღეებზე, უიღბლობასა და ზღვის სიყვარულზე.
წერს შიშზე, უცხო ქალაქზე, მეგობრობისა და ყველა იმ ადამიანურ განცდაზე, რაც არავისთვის არ არის უცხო.
კოტე ბოლქვაძის მოგზაურობა ისევ გრძელდება.
ის სულ ზღვაშია, თოლია ჯონათანივით, რომელმაც ისწავლა ფრენა და ეზიარა თავისუფლების უმაღლეს სულს.

11939049_411758279019563_801508372_n

FB კომენტარები

კომენტარი