წერილი კახას

169
SHARE

წერილს მეორედ გწერ. პირველი ჯერ არ გინახავს. იმ დღეს დავწერე, როცა ქვეყანას მოევლინე, როცა ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ძალიან მომინდა შენს მომავალს გავსაუბრებოდი.

 

ამ წერილის იდეა სხვებს ეკუთვნის. მომეწონა, რადგან, ვინ იცის, „მეორე წერილს“ ჩემით როდის მოვაბამდი თავს. წერა ძალიან მიჭირს. არადა, იმ პირველის შემდეგ სულ გწერ, სულ გესაუბრები – გულში თუ ცხადში და ახლა ეს ამბავი კარგი საშუალებაა ამ საუბრების ნაწილს თავი მოვუყარო.

არ მინდა შეგონებები გამომივიდეს. უბრალოდ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიარო. თუ რამე გამოგადგება, გამიხარდება. შეიძლება რაღაც გაითვალისწინო, რაღაცამდე კი თავად მიხვიდე. შეიძლება რამეს არასწორად ვხედავ, რა ვიცი… დიდი თეორეტიკოსი კი მყავხარ და მოკლედ, შენ იცი!

ეცადე შეიცნო, ვის უყვარხარ გულით და შენც გულით შეიყვარე. ამ გახსენებაზე: გულს ხშირად უგდე ხოლმე ყური. კაი ვინმეა, მეგობრადაც გამოგადგება და მასწავლებლადაც.

ეცადე არ ეჭიდაო მოყვასსა თუ  მოძულეს წვრილმანებზე. ეცადე დაუთმო, ეცადე გაატარო.

ეცადე ერთი ჩხირიც არ დათმო, როცა საქმე შენს ფუნდამენტურ ფასეულობებს ეხება – შენს რწმენას, შენს ქვეყანას, შენს მოყვასს…

ეცადე ყველგან, ყველა სიყვარულში უანგარო იყო.

ეცადე არავისი გეშინოდეს, არავისი, საერთოდ არავისი.

სულ ეცადე შინაგანად თავისუფალი იყო. ეცადე ნაკლებად იყო ვინმეზე დამოკიდებული და ჩამოკიდებული.

ეცადე ყოველთვის გახსოვდეს სულ მცირედიც კი, რაც შენთვის გაუკეთებიათ და ეცადე ასმაგად მიუგო ცხოვრების მანძილზე.

ეცადე მაგრად დაუდგე ყოველგვარ უსამართლობას. მას შემდეგ კი, რაც გაიმარჯვებ (და გარწმუნებ, აუცილებლად გაიმარჯვებ), ეცადე მხოლოდ სიკეთით გადაუხადო სამაგიერო.

ეცადე იშვიათად იყო კატეგორიული, იშვიათად დაარქვა „თეთრი“ და „შავი“.

ეცადე ყოველთვის ღირსეული მოწინააღმდეგე იყო. მაშინაც, როცა იქით მხარეს უღირსად იქცევიან.

ეცადე არასოდეს იყო ის, რაც შენ არ ხარ.

ეცადე არასოდეს მოიტყუო, არასოდეს.

ეცადე ღვთის წინაშე მართალი იყო. ნუ ეცდები ყველასთან მართალი იყო.

ეცადე კბილებით დაიცვა მართალი კაცი.

ეცადე არაფრად გიღირდეს არანაირი თანამდებობა.

ყოველდღიურად ეცადე სითბო არ მოაკლო ბებია-ბაბუებს. ეცადე გაუფრთხილდე მათთან გატარებულ ყოველ წამს. ღმერთმა დიდხანს გიმყოფოს.

ეცადე სულ გახსოვდეს შენი მშობლები. ეცადე ხშირად გაიხსენო, როგორ სიამოვნებას ანიჭებ მათ სულ მცირედი ყურადღებითაც კი.

ეცადე ისწავლო ყველა შენი წინაპრის სახელი, რომელიც კი გვახსოვს და ყოველი შესაძლებლობისთანავე ეცადე შეიარო მათ საფლავებზე, როცა იქით მოხვდები, ორი წუთით მაინც.

ეცადე არასოდეს უთხრა უარი დახმარებაზე მოყვასს, რომელსაც ეს ჭირდება – ნაცნობსა თუ უცნობს. ეცადე სულ გახსოვდეს, რომ ამით საკუთარ სულსაც ეხმარები.

ეცადე სულ გახსოვდეს შენი ქვეყანა და სულ ცდილობდე საქმით ემსახურო.

ეცადე შეიცნო შენი ქვეყანა. ეცადე სულ იარო და სულ მოიარო.

ეცადე არასოდეს დაივიწყო აფხაზეთი და არც ერთი გოჯი დაკარგული ტერიტორიისა, რა დროც არ უნდა გავიდეს.

თუ უცხოეთში მოგიწია ყოფნა, ეცადე ზურგი არ შეაქციო ქართველებს, რაც არ უნდა გული აგიცრუოს ვინმემ.

თუ უცხოეთში მოგიწია ცხოვრება, ეცადე ეს დროებითი იყოს და ეცადე შენს სამშობლოში დაუბრუნდე.

ეცადე შეცვალო შენი ქვეყნის ბედი. შენი წილი ეცადე.

ეცადე გაუფრთხილდე დროს. არ არის იმდენი დრო, შენგან რომ ჩანს.

ეცადე არასოდეს იყო პათეტიკური და ყოველთვის უბრალოდ თქვა დიდი სათქმელიც კი.

ეცადე ყოველთვის არ თქვა შენი სათქმელი. ხან კი ეცადე დაურიდებლად თქვა. ეცადე კარგად გაარჩიო – როდის რომელი.

ეცადე არასოდეს დაკარგო რწმენა. ყოველ ჯერზე ეცადე ხელახლა წამოდგე და ეცადე არასოდეს დანებდე.

ეცადე არასოდეს აგიცრუვდეს გული კაცთა მოდგმაზე. ეცადე მიმოიხედო ხოლმე და აუცილებლად დაინახავ ადამიანებს, რომლებიც დაგიბრუნებენ რწმენას.

ეცადე სულ იბრძოლო, სულ. ეცადე სულ გახსოვდეს ძველი წარწერის ტექსტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იატაკზე – „დექით მტკიცედ და შეურყევლად“.

ეცადე სულ ელაპარაკო საკუთარ თავს, სულ შეიცნო და სულ აკვირდე. ეცადე თავი შენი შენ გახლავდეს სულ. ეცადე სულ იპოვო შენი შეცდომები. ეცადე სულ ინანო შენი შეცდომები.

ეცადე ყოველთვის იქ იმსახურო, სადაც ღმერთი დაგადგენს.

ეცადე ამოიცნო გზები, რომელსაც ღმერთი ყოველთვის გიჩვენებს. როცა ვერ ხვდები საით წახვიდე, ეცადე მიენდო განგებას.

ეცადე სულ ახლის ძიებაში იყო, სულ ინიციატივებში, ეცადე არ ჩაგითრიოს ერთფეროვნებამ. ეცადე არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით, ყოველი საქმის დასრულების შემდეგ ეცადე მაშინვე ახალს შეეჭიდო.

ეცადე არაფერი დააყენო საკუთარ ღირსებაზე მაღლა, თუმცა ეცადე ეს არასოდეს გადაზარდო ქედმაღლობაში.

ეცადე ნაკლებად იყო სუბიექტური. ეცადე სულ გახსოვნეს, რომ მედალს ორი მხარე კი არა, უამრავი რაკურსი აქვს.

ეცადე არასოდეს გათითოკაცდე.

რასაც არ უნდა მიაღწიო, ეცადე ყოველთვის შეახსენო თავს, რომ ერთი ჩვეულებრივი, სხვაზე არაფრით უკეთესი ადამიანი ხარ.

ეცადე ყოველთვის შეამჩნიო „რიგითი“, ჩუმი, სულ-სულ ბოლოში მჯდარი ადამიანები.

ეცადე ყოველთვის დაუფასო, ვისაც წვლილი მიუძღვის.

ეცადე ის დრო, სხვისი განკითხვისკენ რომ მირბის ხოლმე, საქმისკენ შემოატრიალო.

ეცადე არასოდეს დაკარგო წონასწორობა, არ გამოხვიდე მწყობრიდან – მაშინაც, როცა თვლი, რომ ძალიან უსამართლოდ გექცევიან.

ეცადე ხშირად შეხედო იუმორით არემარეს.

ეცადე ყოველთვის იყო მზად.

ეცადე თავი არასოდეს იქო. როცა გაქებენ, ისიც ეცადე სტიმულად გარდაქმნა.

ეცადე კვალი დატოვო, შენი საკუთარი კვალი.

ეცადე გიყვარდეს, სულ გიყვარდეს.

ბოლოს ორ თხოვნას მოვაყოლებ, „ეცადე“-ების გარეშე:

გთხოვ არასოდეს დაივიწყო შენი ფუძე, შენი მამული სოფელ ნაგვაზაოში;

შენი წინაპრების პატივისცემის ნიშნად, გთხოვ, მეგრული და სვანური ისწავლო.

ამ წერილმა კიდევ ერთი საშუალება მომცა – მეთქვა ის, რაც შენთვის არასოდეს მითქვამს:

მადლობა იმ სიხარულისათვის, რასაც შენი არსებობის მანძილზე მანიჭებ – მუცლადყოფნიდან დღემდე.

ძალიან მიყვარხარ.

გზას დაგილოცავ…

ბუბა კუდავა

 

წყარო: https://dadreadmeabook.

FB კომენტარები

კომენტარი