ძველი, მწვანე ჯემპრის გაქექილი სახელოებიდან იყურებიან ხელები, როგორც ჩამქრალი თვალები – ამბავი ხელოსანზე ​

45
SHARE

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ფილოლოგი ინგა მილორავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე სახლში გამოძახებული ხელოსნის ისტორიას იხსენებს. მისი აღწერით, მოხუც ხელოსანს დამჭკნარი ხელები ჰქონდა, ჯემპრი კი მწვანე და გაქექილი ეცვა. ​ფილოლოგის თქმით, 89 წლის მოხუცს, სახლში ლოგინად ჩავარდნილი ცოლი ელოდებოდა, რომელიც, როგორც ხელოსანმა აღნიშნა, შვილის მერეა ასე.

“ხელოსანი მოვიდა. რა ვიცოდი, ვინ მოვიდოდა, გამოვიძახე და მოვიდა. პატარა, ყვითელი მოხუცი კაცი, ძალიან პატარა და სველი. ვერ ვიტან ხელოსნებს, ცალკე მოჯალათო კასტაა, მაგრამ ეს ხელოსანია? ჩიტი თუ გნომი… მოვიდა, დაათვალიერა ონკანი, არაფერია ისეთი, ამას შენც კი გააკეთებდი, სულ იოლიაო, მოდი, უყურე და სხვა დროს თვითონ გააკეთებო.

ვდგავარ. ვუყურებ. ონკანს არა, პატარა, დამჭკნარ, გამჭვირვალე ხელებს… ძველი, მწვანე ჯემპრის გაქექილი სახელოებიდან იყურებიან ხელები, როგორც ჩამქრალი თვალები…

მაქვს ჯემპრი, მოერგება კი არა, დიდიც ექნება, ახალი, მაგრამ ისეთია ეს ხელები, ისე იყურებიან, ვერ აკადრებ, რომ აჩუქო.

გააკეთა.

– ხო უყურე რა იოლია, სხვა დროს თვითონ გააკეთებ და ფული არ დაგეხარჯება…

მინდა, რომ ჩაიზე დარჩეს, გათბეს. კატომაც გაიღვიძა, მოვიდა და ფეხებზე მიეფერა, გაედო. უი, ფისოო და გაიღიმა. როგორ გაიღიმა! ბავშვივით მიეფერა. ვერ დავრჩები, მირჩევნია წავიდე, ჩემი ქალი მელოდება, ლოგინადაა ჩავარდნილი, მთელი დღეა ვმუშაობ, ცოდვაა მარტოო.

მინდა ვკითხო, რამდენი წლისაა და მერიდება. გაიგო, ფიქრი გაიგონა? გაისად 90 წლისები ვხდებით ორივენიო.

– ის ჩავარდა, ჩვენი ბიჭის მერე… – და აღარ აგრძელებს, ან რა საჭიროა.

პატარა ჩანთა აქვს, იარაღები უწყვია, ყავისფერი, გაქექილი და… მთელი დღეა მუშაობს !!! და ახლა სახლში მიდის და ვინ იცის, იქ რა ხდება, რა აქვთ, როგორ არიან და ეს პატარა, ყვითელი ჩიტი, გნომი, უნდა წავიდეს ბნელ, სველ ღამეში……

კიდევ გაიღიმა, როცა ფული მივეცი და კიდევ ბავშვს ჰგავს. კარგად იყავი, ფისოო და კატომ უპასუხა:,,მიაუ”.

ისე მომინდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა, ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში და მერე თავის თითქმის 90 წლის ქალთან მიდის. ვერ იცოცხლა იმ მათმა ბიჭმა და რა ექნა? შეატოვა ესენი ღამეს, წვიმას, სიცოცხლეს, ქარს….

მაგრამ აბა რას იფიქრებს… გიჟიაო იფიქრებს… ან ეწყინება, შემიცოდაო. ან რა აქვს შესაცოდი, ისე კოხტად უკავია თავისი ჩანთა, ისე კოხტად მიდის პატარა, ერთი ბეწო და ძლიერი კარისკენ. ვუღებ კარს და ჯიბეში ჩაიყო ხელი, რაღაცას ეძებს. ამოიღო წითელ ქაღალდში კანფეტი, ეს ჩაის მიატანე, ერთი დამრჩა, მიყვარს ტკბილიო….. და წავიდა.

და მე რა ვქნა ახლა? და ან ამ სიცოცხლემ რა ქნას? რამ მოაწყო ასე, თვითონაც რომ არ იცის?” -წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

FB კომენტარები

კომენტარი