ძალადობის მსხვერპლმა მამაკაცმა გამოსავალი ტყუილში იპოვა

71
SHARE

   ოჯახური კონფლიქტის დროს რძალ-დედამთილი ყოველთვის ზედმეტად აქტიურია. ხშირად არც სიძე გამოირჩევა გონიერებით. რაც შეეხება მამამთილს, მის ჩივილსა და სატკივარს იშვიათად თუ მოისმენს მკითხველი. არადა, თუ ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს დავუჯერებთ შესაძლებელია, ოჯახის ყველაზე ნეიტრალურ ფიგურას ჩუმად და მალულად იმაზე მეტის გაკეთება შეეძლოს, ვიდრე მისი ანჩხლი რძალი, მჩაგვრელი მეუღლე და გაუწონასწორებელი ვაჟიშვილი წარმოიდგენენ.
გოგი 58 წლისაა და ჩვენს მკითხველს ის ამბავს უამბობს, რაც ორი წლის განმავლობაში მის ოჯახში ტრიალებდა.
– პირველ რიგში იმის იმედით, რომ ჩემს ვინაობას ჟურნალის მკითხველს არ გაუმხელენ, გეტყვით, რომ 30 წელია დაქორწინებული ვარ და მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარი ნების შესაბამისად 30 წუთი არ მიცხოვრია. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ მამაკაცი ძლიერია და საკუთარი თავის დაცვას მოახერხებს. ცოლმა პირველივე დღეებიდან ისე დამიმორჩილა, თვალებში შევციცინებდი. მის ნებისმიერ ახირებას ვასრულებდი და თან… მსიამოვნებდა.
– იქნებ ამის მიზეზი სიყვარული იყო?
– ერთი ბრძენი კაცი ამბობდა, სიყვარული თავისუფლების გარეშე არ არსებობსო, მე კი ცოლისა და სიდედრის მონად გადავიქეცი. საბრალო დედაჩემს გული უსკდებოდა, ჩემს შვილს ასეთი რა გაუკეთეს, როგორ დამიჩაგრესო. როცა მარტო დამიგულებდა, ცდილობდა გამოვეფხიზლებინე, მაგრამ უშედეგოდ. არ ვიცი, როგორ შეიძლება კაცს ქალის ეშინოდეს, მაგრამ ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემმა მეუღლემ ვაჟიშვილიც დაიმორჩილა. ბესო უკვე სტუდენტი იყო და დედის უნებართვოდ ღამე მეგობართანაც კი ვერ დარჩებოდა. ქალაქიდან გასვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. შემდეგ, როცა ცოლის მოყვანა პირველად ახსენა, დედამისმა ლამის სილა გააწნა, ჯერ ისევ პატარა ხარო.
– რამდენი წლის იყო?
– 26-ის. ჩემმა ცოლმა მშვენივრად იცოდა, რომ ბესო უკვე სრულწლოვანი იყო, მაგრამ ეგოიზმს ვერ ერეოდა. მომავალ რძალზე ეჭვიანობდა. ეშინოდა, რომ მის ადგილს ოჯახში სხვა ქალი დაიკავებდა. არ ვიცი, ჩემმა შვილმა როგორ შეძლო დედის წინააღმდეგ წასვლა და დაქორწინება. მან მალულად მოიყვანა ცოლი. ერთი კვირა სოფელში ჰყავდა და როცა ოჯახი ფაქტის წინაშე დააყენა, მაშინღა დაბრუნდა სახლში.
– საინტერესო იქნებოდა რძალ-დედამთილის შეხვედრა…
– მე ეს ჩემი თვალით არ მინახავს. რაღაც საქმე მოვიმიზეზე და შინ მხოლოდ მაშინ დავბრუნდი, როცა ნეფე-დედოფალი ოთხი საათის ჩამოსული იყო. პირველ დღეებში თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ დაახლოებით ერთ კვირაში ისე აირდაირია სიტუაცია, სახლიდან გაქცევის მიზეზს ვეძებდი.
– ვინ იყო დამნაშავე?
– ჩემი ცოლი ხომ ნამდვილი გადარეულია, არც რძალი შეხვდა ნაკლები. ისეთი ანჩხლი გოგო აღმოჩნდა, იმისი კივილი მთელ ქუჩას ესმოდა. ჩემი ვაჟიშვილი კი იჯდა და გაფითრებული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
– დედის აღარ ეშინოდა?
– ეშინოდა, ოღონდ უკვე ორივესი ერთდროულად. მერყევი ბუნების ადამიანი თუ დედამ დაიმორჩილა, მის დაჩაგვრას ცოლიც მოახერხებს.
ერთხელ შინ ვბრუნდებოდი. კიბეებზე ჩემი რძლის ყვირილი მომესმა. კარი შევაღე და რას ვხედავ – მოსჯდომია დედამთილი რძალს და გამეტებით ურტყამს. ვეცი ცოლს, რას აკეთებ-მეთქი და გადავათრიე. ჩემმა რძალმა ამ მომენტით ისარგებლა, ფეხზე წამოდგა და ახლა დედამთილი გაშხლართა იატაკზე. ერთი-ორი მუშტი, როგორც გამშველებელს, მეც მითავაზეს. სწორედ იმ დღეს მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ცოლი რომ თავზე არ წამომესვა, ბიჭიც ნორმალურ ოჯახში გაიზრდებოდა, რძალსაც ჯანსაღი გარემო დახვდებოდა და ამ სამარცხვინო სცენებს თავიდან ავირიდებდით.
– კარგი დასკვნაა, ოღონდ დაგვიანებული…
– სწორედ იმიტომ, რომ დაგვიანებული იყო, პირდაპირი იერიშის მიტანას შემოვლითი გზა ვარჩიე. ვიღაც გოგოს სურათი ვიშოვე, ჩემს ცოლს მივუტანე და ვუთხარი, ბესო ამ კახპას გადაეკიდა, მისგან ბავშვს ელოდება, უნდა, სოფიკო გააგდოს და ვაგზლის მეძავი შინ მოიყვანოს-მეთქი. ის სურათი რძალსაც ვაჩვენე, თან დავაფიცე, რომ საიდუმლო შეენახა. ბესო ქორწინებამდე ერთ ქალთან დადიოდა, მასთან შვილი შეეძინა და ახლა ბავშვისთვის წილს ითხოვს, თუ დედამთილი არ შემოირიგე (სახლი მასზე იყო გაფორმებული), შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდე-თქო. ორთაჭალაში სამსართულიანი, კეთილმოწყობილი კერძო სახლი გვაქვს, რომელი რძალი მოინდომებდა მის დაკარგვას? ან რომელი დედამთილი ისურვებდა კაპასი, მაგრამ ლამაზი და პატიოსანი რძლის ნაცვლად ვაგზლის კახპას, თანაც ფეხმძიმეს?!
როცა გეგმის პირველი ეტაპი შევასრულე, ბესო ცალკე გავიხმე და სიტუაციაში გავარკვიე. თან ვთხოვე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მომბაძო, თავი ისე დაიჭირე, კითხვის დასმაც ვერ გაბედონ-მეთქი.
– გაჭრა?
– მეორე დილით ვდგები საწოლიდან და რას ვხედავ, რძალი სამზარეულოში გაზქურასთან ფუსფუსებს, დედამთილი კი მაგიდაზე ტკბილეულსა და ყავის ჭიქებს აწყობს, თან სოფლის რაღაც ამბავს უყვება. იქვე ზის ბესოც და კოპებშეკრული ცხელ ჩაის სულმოუთქმელად ყლაპავს. უნდა, შინიდან მანამდე გაასწროს, სანამ კითხვის დასმას გაბედავენ, თორემ შეიძლება გამბედაობამ უმტყუნოს. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ბესო მომდევნო რამდენიმე დღე სამსახურიდან მივლინებაში გააგზავნეს და ცოლსა და დედას მისი `დამუშავების~ საშუალება არ მისცემიათ. ამასობაში რძალ-დედამთილის ურთიერთობა კიდევ უფრო დათბა. უკან დაბრუნებულ ბესოს შეეძლო ყველაფერი გაეფუჭებინა, მაგრამ მას დედასა და ცოლზე მეტად უკვე იმის შეეშინდა, რომ ოჯახური იდილია ხუხულასავით თავზე დაემხობოდა. ის დედის თანდასწრებით ტელეფონით რამდენჯერმე `ელაპარაკა~ უცნობ ქალბატონს, ცოლთან ერთად კი თავისივე ფირმაში რეკავდა, მემკვიდრეობის საკითხების გასარკვევად.
– კი მაგრამ, ტყუილი შიში როდემდე გასტანდა?
– არც ისე დიდხანს, მაგრამ ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რძალ-დედამთილს საერთო ენაზე ლაპარაკი ესწავლა. როგორც გაარკვიეს, ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელი ნამდვილად არ იყო. ტყუილი რომ არ გამოაშკარავებულიყო, რამდენიმე თვეში სოფო და ჩემი მეუღლე ახალი, შედარებით უწყინარი გამონაგონით დავამშვიდე.
– კონფლიქტი რომ თავიდან დაწყებულიყო?
– მეც მეშინოდა, მაგრამ ცხოვრებაში პირველად გამიმართლა. ჩვენს ოჯახში დღემდე სიმშვიდეა.

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი