ცნობილი ტრაგედია თბილისიდან ვერონამდე, ანუ ჩვენი დროის “რომეო და ჯულიეტა”

148
SHARE

“რომეო და ჯულიეტა” – უილიამ შექსპირის ცნობილი ტრაგედიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მრავალ სცენაზე იდგმება. მასზე არაერთ ქართველ რეჟისორს უმუშავია, მაგრამ ბოლოს რაც ვნახე, ეს ახმეტელის თეატრის საპრემიერო წარმოდგენა იყო, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა.

როგორც ვიცით, ტრაგედიაში მოთხრობილია ორი ახალგაზრდა შეყვარებულის, რომეო მონტეგისა და ჯულიეტა კაპულეტის ამბავი, რომლებიც მათი ოჯახების მტრობის გამო იღუპებიან. ცნობილია, რომ შექსპირის პიესაში მოქმედება ვერონაში მიმდინარეობს, თუმცა ახმეტელის თეატრის ახალ წარმოდგენაში მოქმედება თბილისში იწყება და ვერონაში გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რეჟისორის განსხვავებული, ორიგინალური და ახლებური სცენური ინტერპრეტაციაა და ის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განახორციელა.

მოქმედება სპექტაკლში სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში ვითარდება. სპექტაკლის მთავარი გმირები ეტაპობრივად ჰიპებისა და მუნჯი კინოს ეპოქაში ცხოვრობენ, წარმოდგენის დასასრულს კი მაყურებელი ისევ XVII საუკუნის ვერონაში ბრუნდება.

სპექტაკლში გათამაშებული ამბავი ორი მოქიშპე გვარის მტრობაზე კი არ მოგვითხრობს, არამედ ხელმოცარულ და სიყვარულში იმედგაცრუებულ ადამიანებზე. რეჟისორი ცნობილი პიესის უცნობ აქცენტებს სვამს და დღემდე ყურადღების მიღმა დარჩენილ პრობლემატიკას წარმოაჩენს, რითაც სიყვარულის ისტორიას კიდევ უფრო მძაფრად, ორიგინალურად და თანამედროვედ მოგვითხრობს.

ირაკლი გოგია, რეჟისორი:
– არ გვინდოდა, “რომეო და ჯულიეტა” ორი გვარის დაპირისპირებაზე დაგვედგა, თუმცა პიესა არ გადაგვიკეთებია, უბრალოდ წერტილ-მძიმე სხვა ადგილას დავსვით. ვაჩვენეთ დაბოღმილი, არშემდგარი ადამიანები როგორ კლავენ შემდგარ ურთიერთობებს, – ეს იყო ჩვენი სათქმელი… მოქმედება დავიწყეთ თბილისში და დავამთავრეთ ვერონაში… ესეც სიმბოლურია.

გიორგი გასვიანი, მსახიობი:
– ჩემი პერსონაჟი ერთი ვნებებით სავსე ბერია, რომელსაც სამწუხაროდ, ბოროტება გამოუვიდა იმის ნაცვლად, რომ სიკეთის მსახური ყოფილიყო. დიახ, ის უნებლიედ მკვლელი გახდა, მაგრამ ეს მისი კომპლექსების ბრალია, მას ეს არ უნდოდა, უბრალოდ, აქამდე ქვეცნობიერმა მიიყვანა.

– როგორ ფიქრობ, წარმოდგენას მაყურებელი როგორ მიიღებს?
– შექსპირი ისეთია, რომ სადაც წაგიყვანს, უნდა გაჰყვე, ჩვენც ამ გზით წავედით, გავყევით. დიახ, ყველაფერი აქეთკენ ლოგიკურად წავიდა, რა შედეგიც მივიღეთ. რაც მთავარია, თავად სამუშაო პროცესი ძალიან სასიამოვნოდ წარიმართა. ბოლო პერიოდში დიდი ხანია ასეთი ემოცია არ გვქონია. ეს თავად შექსპირის და ჩვენი რეჟისორის დამსახურებაა.
ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ კაცს ვითამაშებდი, რომელშიც გაერთიანებულია თითქოს მეფისტოფელიც, იაგოც, რიჩარდიც. ძიძა და ლორენცო ცოცხლები რჩებიან და ორი ადამიანი კი მიჰყავთ ტრაგედიამდე. ეს სპექტაკლი არ არის ორი გვარის მტრობაზე. რომეო და ჯულიეტა ამ შემთხვევაში სიკვდილამდე ორი ადამიანის ბოროტებამ მიიყვანა. თან, გამოვედით იმ ეპოქიდან, რომელშიც ვცხოვრობთ და ვაჩვენეთ, როგორები იქნებოდნენ – ლორენცო და ძიძა ამ დროში, შემდეგ კი ისევ XVI საუკუნეში გადავინაცვლეთ…

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:
– ჩემი ძიძა ტრაგიკული ადამიანია. შეუმდგარი ქალია, როგორც პირად ცხოვრებაში, სექსუალურად, ისე პროფესიულად. თუ ადამიანს ეს საკითხები არ აქვს წესრიგში, საზოგადოებაში ისეთი წარმოდგენაა ხოლმე, რომ არა უშავს, ამას ცხოვრება წაიღებს, მაგრამ ქვეცნობიერში ეს იმდენად დიდ კომპლექსებად ილექება, რომ სადღაც ის ძაფი შემდეგში აუცილებლად გაწყდება.

ყველაზე მეტად ის

მაღელვებს, როდესაც შეუმდგარი ადამიანები, ახლობლებს იმიტომ აზიანებენ, რომ ჰგონიათ, მათზე მეტი უფლება აქვთ. ეს ახლობლების მიმართ გაუაზრებლად, უნებლიედ ჩადენილი ძალადობაა და მათი უფლებების შელახვა. მე ისეთი ძიძა მომწონს, რომელსაც წინსაფარი არ უკეთია, არ არის ფაშფაშა (ისე, ვერც ვიქნებოდი ფაშფაშა). ამ შემთხვევაში მე და რეჟისორი თანამოაზრენი აღმოვჩნდით. დიდი კომფორტი იყო ირაკლი გოგიასთან მუშაობა. მასთან ამ თეატრში უკვე მეორე სპექტაკლზე ვიმუშავე. ჩემთვის კომფორტული რეჟისორია (ამ თეატრში საერთოდ მან მომიყვანა).
ვფიქრობ, რომ იმ პრობლემების დანახვა, რაც შექსპირს აქვს, ჩემთვის საინტერესო უფრო XXI საუკუნის გადასახედიდანაა, რასაც ვეცადეთ კიდეც. ვითომ უნებლიე შეცდომები – ლორენცოს და ძიძის, შესაძლოა, მავნებლური საქციელი აღმოჩნდეს.

როგორც ამბობენ, მსახიობები მორალს სცენიდან კითხულობენო. ამ შემთხვევაში მორალის კითხვის ნაკლები უფლება მაქვს იმიტომ, რომ ამის გაკეთების ასე მასშტაბურად მეშინია. თუმცა ის მორალი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნუ შევუშლით ერთმანეთს ხელს იმიტომ მაინც, რომ უბრალოდ ხელი არ შევუშალოთ! თუ ეს ყველაფერი სპექტაკლში გამოჩნდა, მაშინ ბედნიერი ვარ, რადგანაც ასე მინდოდა, რომ ყოფილიყო.

– ემოციურად დატვირთული როლი გაქვთ. რა დაგიტოვათ ამ ნამუშევარმა?
– ეს არის სერიოზული გამოცდილება… ბევრი წელია კამერასთან მიწევს მუშაობა და ხმამაღალ ნათქამად ნუ ჩამითვლით და ის ჩემს ორგანულ ნაწილადაც იქცა, მაგრამ თითოეული როლი სცენაზე არის ცოცხალი პროცესი, საკუთარი თავის გამოცდა, – როგორ მოვიქცევი ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს მნიშვნელოვანია, თან, აღარ ვართ პატარები, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და მოგვეთხოვება, სცენიდან რაღაც ჭეშმარიტებას რომ ვქადაგებთ, გააზრებული გვქონდეს. ეს ერთ-ერთი საფეხურია. მოკლედ, ამ როლმა აბსოლუტურად სხვა არტისტული ვნებები წამოიღო.

– და დაარღვიეთ კიდეც ტელევიზიაში შექმნილი თქვენი კლიშეც…
– ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გავექეცი და დავარღვიე ის. ამასთან, შემიძლია ვაკეთო სხვა ჟანრიც, სხვა სახე ისე, რომ მაყურებლის გულამდე და გონებამდე მივიდეს…

სპექტაკლში თათულისა და გიორგის გარდა, მონაწილეობენ მსახიობები: გიგი მიგრიაული (რომეო), სოფია სებისკვერაძე (ჯულიეტა), ანდრია გველესიანი, ვერიკო კალანდარიშვილი, ბექნუ ქაფიანიძე, გიორგი ცხადაძე, გიორგი ჭუმბურიძე, იუკა ვასაძე, გაგა მახათაძე. მხატვარი – მარიკა კვაჭაძე გახლავთ, ქორეოგრაფი – გიორგი რაზმაძე.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი