ცნობილები ჟურნალისტების წინააღმდეგ – “დორბლიანი დოყლაპიებივით რომ ისვრით ამ კითხვებს!”

83
SHARE

ალბათ ხშირად გაგიგიათ ქართველი ვარსკვლავების წუწუნი, რომ ჟურნალისტებმა მის ინტერვიუს სკანდალური სათაური გაუკეთეს, რაღაც არასწორად დაწერეს ან ვიღაცასათან ხელოვნურად დააწყვილეს.

ეს მხოლოდ მომღერლებისა და მსახიობების სენი არ არის და თავის გასამართლებლად ამ ხერხს ხშირად პოლიტიკოსებიც მიმართავენ, მაგრამ არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ყველანაირი მიზეზის გარეშე ლანძღავენ ჟურნალისტებს და ცხოვრებაში თუ რაიმე უიღბლობა დამართვიათ, ყველაფერს მათ აბრალებენ. ამჯერად წარმოგიდგენთ ქართველ ცნობილ სახეებს, რომლებიც გა ნსაკუთრებულად არ გვწყალობენ ჟურნალისტებს.

ამ სტატიის დაწერის იდეა ნინა სუბლატის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ გაგვიჩნდა. მომღერალმა ახლახან ”ევროვიზიის” შიდაშესარჩევ ტურზე გაიმარჯვა და კონკურსზე საქართველოს სახელით წარდგება. მართალია, სუბლატს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ჟურნალისტების თანადგომა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, მედიის წარმომადგენლები ამგვარი სიტყვებით შეემკო:

”ჟურნალისტებო ჩვენი ქვეყნისა, როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი უცოდინრობა? როდესაც რაღაც საკითხზე ინტერვიუს მომზადება გინდათ, ნუთუ მცირედი ინფორმაცია მაინც არ უნდა მოიპოვოთ?! ინჩიბინჩი მაინც არ უნდა იცოდეთ? დორბლიანი დოყლაპიებივით რომ ისვრით ამ კითხვებს! როდის მოვა დრო, რომ პოსტზე მხოლოდ პროფესიონალები დაინიშნონ და არა გამოშტერებული, ზარმაცი და უთავმოყვარეო ტიპები! არ დავიზარებ და აუცილებლად დავპოსტავ ხოლმე ხიხო ჟურნალისტების მიერ დასმულ არაადეკვატურ კითხვებს, თან ლანძღვასაც დავურთავ სიამოვნებით…” – წერს სუბლატი და თავად ისიც არ იცის, რომ ჟურნალისტები პოსტზე არ ინიშნებიან…

ნამდვილად არ არის ”ევროვიზიის” კამპანიის კარგი დასაწყისი სუბლატისთვის, რომელსაც ჟურნალისტების ლანძღვას ურჩევნია, ”ევროვიზიისთვის” უკეთ მომზადებას დაუთმოს დრო და სარეპეტიციოს მიაშუროს, რომ ამ კონკურსზე ქართველები კიდევ ერთხელ არ ჩავფლავდეთ. ჩვენი მხრივ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი ნინა სუბლატი ერთი ჟურნალისტით უკმაყოფილოა, არ არის აუცილებელი, მედიის ყველა წარმომადგენელი ერთ ქვაბში მოხარშოს.

მაია დარსმელიძე არასოდეს გამოირჩეოდა ინტერვიუების სიყვარულით, მაგრამ რამდენიმე მუსიკალურ პროექტში გამოჩენისა და სოციალურ ქსელში აქტიურობის შემდეგ მისი სტატუსებით ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ. სწორედ ეს არ მოეწონა მომღერალს და ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე არაერთხელ შეამკო ისინი საკმაოდ უცენზურო სიტყვებით. ზუსტად იცოდა, რომ მის პოლიტიკურ სტატუსებს აუცილებლად გადაბეჭდავდნენ. საკვირველია, რომ მომღერალი სტატიების ქვევით მკითხველის მიერ დატოვებულ სალანძღავ კომენტარებსაც კი ჟურნალისტებს აბრალებდა. რა თქმა უნდა, ასე უფრო ადვილია, ჟურნალისტს აბრალებ, რომ ვიღაცას არ მოსწონხარ.…

დუტა სხირტლაძე უკვე წლებია, რაც პოპულარობას არ კარგავს. ერთდროულად რამდენიმე პროექტშია დაკავებული და სულ ყურადღების ცენტრშია. იყო პერიოდი, დუტას განსაკუთრებულად დაეძაბა ჟურნალისტებთან ურთიერთობა და მათი მისამართით გაღიზიანებასაც არ მალავდა. შოუმენი და მსახიობი ბოლო დროს მიხვდა, რომ მათ გარეშე პოპულარული ადამიანის ცხოვრე-ბა შეუძლებელია. სასიამოვნო ცვლილებაა, რომ დღეს დუტა მიუწვდომელი რესპონდენტი აღარ არის, ინტერვიუზეც არ ამბობს უარს და კითხვებს ენთუზიაზმით პასუხობს.

შორენა ბეგაშვილის პოპულარობაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ჟურნალისტებს. მისი ინტერვიუები ყველაზე ხშირად იბეჭდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრესაში მისი თინეიჯერობის ფოტოები გამოქვეყნდა და რამდენიმე პლასტიკურ ოპერაციაზე დაიწერა, ტელესახე აღარ გვწყალობს და ჩვენგან ისვენებს.

თაკო გაჩეჩილაძის ინტერვიუს მისი დის, ნინო გაჩეჩილაძისგან განსხვავებით, რომელიც ჟურნალისტებთან თავაზიანობით გამოირჩევა, ყვითელ პრესაში ნაკლებად ნახავთ. თაკო მიიჩნევს, რომ ახალს არაფერს აკეთებს და სალაპარაკოც არაფერი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, გლამურული ჟურნალებისთვის ყოველთვის იცლის და პოზირებასაც არ ერიდება.

ეკა კახიანი პრესაში მიუწვდომელ რესპონდენტად მიიჩნევა. ეკას ჟურნალისტებთან ურთიერთობა წლების წინ აერია, როდესაც ოჯახის ძიძას ფიზიკურად გაუსწორდა და ეს ინფორმაცია პირველად ”რეიტინგში” დაიბეჭდა. შემდეგ იყო კახიანის სატელევიზიო გამოსვლები, სადაც ხშირად ჰყვებოდა კურიოზს ჟურნალისტზე, რომელმაც ჰკითხა, ერთი კბილის ჯაგრისით იხეხავდა თუ არა მთელი ოჯახი კბილებს. ერთ დღეს ეს იდუმალი ჟურნალისტი გამოჩნდა და ჩვენს ჟურნალს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ კახიანისთვის მსგავსი შეკითხვა არასოდეს დაუსვამს.

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი