“ცეცხლის ალში გახვეული ტაძრის ფონზე გაღიმებულმა გადავიღე სურათი” – დომენიკ მანგოს აღსარება

1230
SHARE

რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში დომენიკ მანგოს, იგივე კუკური ბარამიძის ვიდეო გავრცელდა, სადაც ის ბედნიერი და აღტაცებული გვამცნობს ნოტრ-დამის ხანძრის ამბავს.
ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
ახლახან, მანგომ “ფეისბუქგვერდზე” დაწერა პოსტი, რომელშიც ის პატიებას ითხოვს და ბოდიშს იხდის.
,,მინდა, აღსარება ჩაგაბაროთ. ვიცი, ერთეულები იქნებით მკითხველთა შორის, რომელიც ჩემს ამბავს გაიგებთ და გულთან მიიტანთ, მაგრამ მე ხომ ისედაც ყოველთვის ერთეულებისთვის ვიყავი მრავალთა შორის. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს დიდი ხანი ახსენებდა ნინა, თუმცა, მე არასდროს დავეთანხმე იქ რომ წავსულიყავით. დღეს, როდესაც პარიზის ცა შავმა ღრუბელმა მოიცვა, გაუგებარმა სიხარულმა და დაუღალავმა ენერგიამ შემიპყრო. ავყურებდი კვამლიან ცას და სიხარული მეუფლებოდა, თითქოს, მაშინ დადგა დრო, როდესაც ამ ტაძარმა ჩემი ყურადღება მიიქცია და მიმიზიდა. არ ვიცოდი, რა იყო ტაძარში, რა იწვოდა – ვიცოდი მხოლოდ ის, რომ იქ უნდა მივსულიყავი. 3.2 კილომეტრი ვიარე ფეხით ისე, რომ არც დავიღალე მიუხედავად იმისა, რომ დიდ ჩანთებს დავატარებდით თან. გზად ის ამაზრზენი ვიდეო ჩავწერე და გზა ჩქარა გავაგრძელე. -ეს ხომ ისტორიული მოვლენაა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის – ვფიქრობდი გულში და ხმამაღლაც ვამბობდი ამას. სიხარულით გავიარე 3 კილომეტრი და ცეცხლის ალში გახვეული ტაძრის ფონზე გაღიმებულმა გადავიღე სურათი, თითქოს, რაღაც კარგი ხდებოდა.

ტაძრიდან წამოსულმა დავკარგე სიხარულიცა და ენერგიაც. უცებ, შიგნიდან დიდმა სინანულის შეგრძნებამ დამიარა და ერთბაშად ვიგრძენი, რომ ის ადამიანი, რომელიც სიხარულით მიიჩქაროდა ტაძრისკენ, მე არ ვიყავი. შევხედე ჩემს თავს იმ საშინელ ვიდეოში და შემეშინდა, შემრცხვა და იმავე წამს გავუგე ყველას, ვინც სიძულვილით იყო განწყობილი ჩემ მიმართ – მეც მძულდა საკუთარი თავი. ძალიან შევშინდი, იმ მომენტში ვერ გავიგე, რა ხდებოდა, რამ მიმიყვანა იქამდე, ან და როგორ ვერ შევძელი საკუთარი თავის დამორჩილება და მაშინ ძალიან გავბრაზდი, მომინდა, საკუთარი თავისთვის მევნო და ასე მომებოდიშებინა ყველასთვის, პირველ ყოვლისა კი ჩემთვის.
შემთხვევით არაფერი ხდება, მით უმეტეს, რომ ადამიანი საკუთარ თავს არ ემორჩილებოდეს და შემდეგ ომს იწყებდეს მესთან. ვიცი, რომ ეს დიდი გაკვეთილი იქნება ჩემთვის და ჩემთან ერთად იმ ერთეულთათვის, ვისაც ჩემი გესმით. ამ ბრძოლას გაგრძელება აქვს და, ალბათ, ჩემივე თავის მხილებიდან ბევრს ამხელს კიდევ. საჯაროდ კი მოვივიხადე ბოდიში და ხელი დავიწვი, მაგრამ იკმარეს ეს? არა.
პირველი გაკვეთილი, რაც ამ შემთხვევამ მასწავლა და ნათლად დამანახა, ეს სისხლის და ხორცის მსმელი და მჭამელი უძღები ბრბოა, რომელსაც არა თუ მიტევება, არამედ ცოცხლების სისხლი სწყურია. მათ არც ღვთისმშობლის ტაძარი აღელვებთ, აქამდე არც იცოდნენ, რა იდო შიგნით – მათ მიზეზი აქვთ სიძულვილისთვის და ზეობენ. ისინი მიიღებენ სისხლსაც და ხორცსაც, შემდეგ კი ოხრად დარჩებათ საკუთარი თავი – მარტოდ. მე მოვინანიე გულწრფელად და, ალბათ, კიდევ მთელი ცხოვრება დამჭირდება მოსანანიებლად, რომ ბოროტი ვერ დავამარცხე საკუთარ თავში, მაგრამ ისინი?…
ბრძოლა გრძელდება. მიიღეთ ჩემი აღსარება, ჩემო ერთეულებო და შემინდეთ თქვენ, რადგან მხოლოდ იშვიათ დიდსულოვნებს თუ შეუძლია მიტევება – უშუალოდ, ადამიანის მიღება შეცდომებისა და სისწორეების ფასადებს მიღმა.
ბოდიში”, – წერს კუკური ბარამიძე.

FB კომენტარები

კომენტარი