„ჩირჩხელა“ 2 წლის შემდეგ – გური სალუქვაძის ძველი მომავალი

106
SHARE

ის ჯერ მხოლოდ 2 წლის და 2 თვისაა, ყველაფერი თეთრი პოლარული ბუს გამოჩენით და თიზინგით დაიწყო.  შემდეგ იყო  ინტერნეტ  გაყიდვები, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ონლაინს ოფლაინი ჯობიაო და 11 კვ.ფართში საფირმო მაღაზია ვაკეში „ჩირის ბუ-წიკი“ გაიხსნა. შემდეგ მოჰყვა საფირმო სტენდი თბილისი ცენტრალში, ათობით ღვინის მაღაზიასა და არამარკეტულ ქსელში ბრენდირებული სტენდების განთავსება, ქართული კაფე-მაღაზია მთაწმინდაზე და ტურისტულ ინდუსტრიაში შესვლა – ეს ის დინამიკაა, რაც ამ მოკლე დროში კომპანია „ჩირჩელამ“ განავითარა.

რატომ ბუ? ხშირად დასმული კითხვების დროს ჩვენი პასუხი მარტივი იყო – „ბუს არანაირი კავშირი არ აქვს ჩირთან, ეს ჩვენი ხასიათია. ეს იყო სწორედ ის მომენტი როდესაც, გააზრებულად, პირველივე დღეებიდან დარწმუნებული ვიყავით ჩვენს შესაძლებლობებში, ყოველგვარი ამბიციების გარეშე, ბუ ხომ სიჭკვიანის სიმბოლოა”, – ღიმილით გვესაუბრება ჩირჩხელას დამფუძნებელი გური სალუქვაძე და აგრძელებს…

“ჩვენ ძალიან მალე შევძელით ჩირის ხარისხის კულტურა  დაგვემკვიდრებინა საქართველოში. ჩირი ყველასთვის ასოცირდებოდა, როგორც ძაფზე ასხმული ბებოს ტრადიციული ტკბილეული, ჩვენ ამ თემას დავუმატეთ ბევრი კრეატიული ინგრედიენტი, რომელმაც საბოლოო ჯამში, დიდი გამოხმაურება და აღიარება მოიპოვა”, – აღნიშნა სტარტაპერმა.

ტრადიციების გათანამედროვეობას საზოგადოების კრიტიკა არ მოჰყოლია? 

ჩვენ არ ვეხებით სამუზეუმო ექსპონატებს. როდესაც ვეხებით ტრადიციებს, ბეწვის ხიდზე გავდივართ, მაგრამ თუ ზომიერად ვამატებთ სითამამეს, მაშინ ვქმნით ნატურალურ, ხელნაკეთ ქართულ „ჩირჩელებს“, ეს იმ გათენებული ღამეების შედეგია, რომელიც თქვენს სამსჯავროზე გამოდის ხოლმე, ეს ჩვენი გუნდის დამსახურებაა. ასე რომ, ვემსახურებით ტრადიციებს და ჯანმრთელობას.

დიახ, „ჩირჩელები“, ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი პროდუქტი, დავამკვიდრეთ ახალი ტერმინი, ანუ დღეს თუ ვინმეს ქართული ტრადიციული ნუგბარის დაგემოვნება ან სადმე გაგზავნა სურს, ასე ამბობენ „გავაგზავნოთ ჩირჩხელები“. ამაში მოიაზრებენ ჩირებს და ჩურჩეს – ჩვენს უჯანმრთელეს პროდქტს.

გადავხედეთ და გასულ წელთან შედარებით, წელს არაერთი ახალი გამოწვევა გქონდათ.

ახალ გამოწვევებს თავად ვეძებთ და ვპოულობთ კიდეც, დავდივართ სოფლებში და ვიკვლევთ საინტერესო დეტალებს. მაგალითად, სულ ახლახან გურიაში აღმოვაჩინეთ მივიწყებული „საკალანდო ტრადიცია“, ციცო ბებოს „ჯანჯუხების აბაჟური“ – ჭაღს ასე ეძახიან გურულები. ჩვენ მას ახალი სული ჩავბერეთ და გპირდებით, ჩვენი „ჯანჯუხების აბაჟური“, შემდეგ ახალ წელს უამრავ ოჯახს გაანათებს.

გვაბედნიერებს ის, რომ კარგად დავიწყებულ ძველს, ტრენდულ და მოდურ ფორმებად ვაქცევთ. ძველი მომავალი“ – ეს ჩვენი ახალი დევიზია.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის ქცევაა, რომელმაც შეგვაძლებინა უფრო მეტის გაკეთება. ერთ დღეს გადავწყვიტეთ და ჩავაცვით ჩურჩხელებს ჩოხები, უსაშველოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა „ჩურჩელების თაიგულს“, რომელსაც დღეს  ყველგან დაატარებენ, სადაც ერთ დროს ბანბანერკით და თაიგულით მიდიოდნენ. ეკონომ პაკეტია – ორი ერთში, თან ძალიან კრეატიული, მას არ აქვს სეზონი, გემრიელ საჩუქრებს ყველა ყოველთვის გასცემს და იღებს.

გური, რამდენიმე კომენტარი ვნახეთ, ჩირჩხელა კრეატიულ ბრენდად აღიარესო, რა მოვლენები განვითარდა ამ მიმართულებით?

ზედმიწევნით სასიამოვნოა, როდესაც არა მხოლოდ გამოცდილი ბიზნესმენები, არამედ ახალგაზრდებიც რომ გიქებენ საქმეს. ჩირჩხელა სხვადასხვა უნივერსიტეტში საგამოცდო ქეისად სახელდება, როგორც საკმაოდ მოკლე დროში, სწრაფად მზარდი, ყველაზე კრეატიული ბრენდი.

წარმოების განვითარების მიმართულებით რას გეგმავთ?

წარმოების გაფართოება და ექსპორტის თემა კვლავ ძალაში რჩება, რადგანაც თებერვალი პასიური თვეა, ეს პერიოდი წარმოების თემაზე უნდა ვიმუშაოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ შედეგებსაც დავდებთ.

არ შემიძლია, არ გითხრათ, რომ მძლავრი ჩირის კომპანიები, ქარხნები, გვიწვევენ როგორც კონსულტანტებს, გვეკითხებია რჩევებს და მათ ბიზნესპარტნიორადაც მოგვიაზრებენ. გვქონდა შემოთავაზება გაგვეცა ფრანჩიზა, მაგრამ ჩვენ არ დავთანმხდით ამ შემოთავაზებას.

გური, თითქმის არაფერი გითქვამთ თქვენს  საოჯახო კაფე-მაღაზიაზე, რომელიც ტურისტულ ზონაში, მთაწმინდაზე მდებარეობს.

ჩვენს ეთნოკაფესაც „ჩირჩხელა“ ჰქვია და ყოველდღიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს. ამ კაფის ერთ-ერთი ღირსება „ლიტერატურული კიბეა“, სადაც ზამთრის სუსხიან დღეებში ვეპატიჟებით ყველას, ბუხრის პირას სხვადასხვა ენებზე ლიტეტარურის საკითხავად.

ტურისტების კომენტარებით სავსეა „ჩირჩხელას შთაბეჭდილებების კედელი“, თუმცა ყველაზე დიდი კოპლიმენტი ჩვენთვის ის გულწრფელი სიტყვებია, როდესაც ქართულ სტილს, გემრიელ ქართულ კერძებს და გულთბილ მიღებას გვიწონებენ. ამას წინათ, ერთი ბრიტანელი წყვილი გვესაუბრებოდა, ის მოხვდა იქ „ქართულში“, რისთვისაც ჩამოვიდა. სწორედ ეს არის ჩვენი მიგნება, როდესაც მომხარებელს ვთავაზობთ იმას, რაც მას სურს და თავიანთ ქვეყნებში საქართველოზე აღტაცებით ყვებიან ამბებს.

ყველა სტუმართან შევდივართ კომუნიკაციაში, ვუწევთ კონსულტაციებს, ვაცნობთ საქართველოს და ვეპატიჟებით ტურებზე, ეს მათ ძალიან მოსწონთ, სწორედ ეს უკურეაქციები გვათამამებს, ესეც ხომ სწორი მენეჯმენტის შედეგია.

წელს ნაწილობრივ სასტუმრო ბიზნესშიც მოვსინჯეთ ძალები, სულ მალე სერიოზულ ნაბიჯებსაც გადავდგამთ. თბილისის გარდა გეგმაში გვაქვს საკურორტო რეგიონებზე მუშაობა.

აი, სწორედ ეს არის ჩვენი პროგრესული მოქმედების შედეგები და სამომავლო გეგმა, რომელსაც ახლა, მხოლოდ თქვენ გიმხელთ.

 

R

FB კომენტარები

კომენტარი