ჩვენი დროის ყველაზე უტაქტო შეკითხვები

92
SHARE

“რატომ არ თხოვდები?”; “რატომ არ აჩენ შვილს?”; “რას ნიშნავს შენი ტატუ?”; “რატომ არ ჭამ ხორცს, ვეგეტარიანელი ხარ?” – მსგავსი კითხვები ახლობლებისგანაც გვსმენია და უცხოებისგანაც.

გარშემომყოფების უტაქტობას საზღვარი არ აქვს და თითქოს, მათი მიზანი ჩვენი დამცირება და საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენაა.

რატომ ხარ ასეთი გამხდარი? – თუ მთელი ბავშვობა გამხდარი იყავი, ახლაც მოხდენილად გამოიყურები; თუ დედაც და ბებიაც გამხდარი გყავს და წლების მატებასთან ერთად, ცხიმგროვები არ გკიდია გვერდებზე, მშვიდად იყავი, ბედმა საუკეთესო საჩუქარი მოგიძღვნა.

და ნუ მიაქცევ ყურადღებას ჩასუქებულ მეზობლებს, კოლეგებს, “კეთილისმსურველებს” რომლებიც უკმაყოფილოდ აგათვალიერებენ და უტაქტოდ გკითხავენ: “გოგო, როდის უნდა დაემსგავსო გემრიელ ქალს?”, “მეშინია, ქარმა არ წაგიღოს”, “როდემდე უნდა მოიკლა თავი შიმშილით?”. ნუ ეცდები თავის გამართლებას, მსუქნებს, უბრალოდ, შურთ შენი.

წონა, თმის ფერი, ჩაცმის სტილი პირადი თემაა და როგორიც მოგწონს, ისეთი უნდა გქონდეს. ბოლოს და ბოლოს, შენ ხომ არ ეკითხები მათ: “რატომ ხარ ასეთი ქონიანი, ჭამას როდის უნდა დაანებო თავი?!”

როდის გააჩენ ბავშვს? – თუ ახალგათხოვილი ხარ ან პირველი შვილი უკვე სკოლაში მიდის, გარშემომყოფები დაუზარებლად ინტერესდებიან: “რას ელოდები, ბავშვს რატომ არ აჩენ?” “მეორე როდის გეყოლება? ცოდო არ არის შენი პატარა? დაიკო ან ძამიკო გაუჩინე”… ერთი გოგო ქორწინებიდან პირველივე წელს დაორსულდა, მაგრამ შვილი მშობიარობისას დაეღუპა. 12 წელი დასჭირდა გოგონას, რომ მეორე შვილის გასაჩენად ფსიქოლოგიურად მომზადებულიყო. მთელი ეს წლები მისი დედობის საკითხი მეზობლებისა და კოლეგების განსჯის საგანი იყო.

ყველას ვერ მოუყვები პირადი ტრაგედიის შესახებ. ერთი გოგოც ვიცი, რომელიც ვერ ფეხმძიმდებოდა. არც მას დაადგა კარგი დღე, სანამ შვილი არ გააჩინა. რა საინტერესოა, ვის სტკივა შენზე მეტად გული, ვის უნდა შენზე მეტად ჯანმრთელი შვილის დედობა? მაგრამ ხალხს ვერ გააჩუმებ.

რატომ არ ჭამ ხორცს, ვეგეტარიანელი ხარ? – წვეულებაზე, სადაც ყველა ხორცს მიირთმევს, ვეგეტარიანელი თეთრი ყვავივით გამოიყურება. მაშინვე დააყრიან კითხვებს: “ცხოველები გეცოდება?”; “ტყავის ფეხსაცმელი რატომ გაცვია?”; “აბა, რას ჭამ, მწვანილს?”. შეიძლება ვეგეტარიანელებზე ინფორმაცია ბავშვებს არ ჰქონდეთ, მაგრამ ნუთუ ძნელია, ზრდასრულმა ადამიანმა მოიძიოს საჭირო ინფორმაცია? თუ ის, ვინც ხორცს არ ჭამს, ავადაა და მისი “გამოჯანმრთელება” ხორცის მჭამელების “მისიაა”?..

რატომ არ სვამ, ავად ხარ? – წარმოიდგინეთ მამაკაცის მდგომარეობა, როცა მეგობრები მასხრად იგდებენ იმის გამო, რომ ალკოჰოლს არ სვამს. “ცოლი არ გრთავს დალევის ნებას?”; “კარგი რა, ერთი ჭიქა არაფერს გიზამს”; მათ ვერც წარმოუდგენიათ, რომ მამაკაცი მამა გახდა, მის ცოლს კი მძიმე ფეხმძიმობა ჰქონდა და არათუ არ ექეიფებოდა, სურდა, ნათელი გონება ჰქონოდა, რომ ცოლ-შვილს საჭირო დროს დახმარებოდა.

რას ნიშნავს შენი ტატუ? – ბევრს ჰგონია, რომ თუ ტატუ გაიკეთე, ადამიანი-ტელევიზორი გახდი, ყველა უნდა მოგაშტერდეს და უაზრო კითხვები დაგაყაროს. “ეს რა დაგიხატავს?”; “ნამდვილია?”. ბავშვებს ცნობისმოყვარეობა კიდევ ეპატიებათ, მაგრამ უფროს ადამიანებს არა და ვერც ხვდებიან, როგორ აღიზიანებენ ხალხს თავიანთი უტაქტო კითხვებით.

ჩვენს კლასში ერთი გოგო სწავლობდა. კარგი მოსწავლე იყო, მაგრამ მის მშობლებს ძალიან უჭირდათ და გოგონას დედის სამოსი ეცვა. ყოველთვის სუფთად და მოწესრიგებულად დადიოდა სკოლაში, მაგრამ მშობლის სამოსი მაინც დიდი ჰქონდა. თუმცა რა ექნა? ტანსაცმლის გამო დამრიგებელი ხშირად უტაქტოდ ეკითხებოდა: “რა საშინლად გაცვია” და საწყალი გოგონა სად დამალულიყო, არ იცოდა.

რატომ არ ნათლავთ ბავშვს? – ვერ გაიგებ, მართლა გულით განიცდის მკითხველი, რომ ბავშვი მოუნათლავი გყავს თუ ნათლობაში ქეიფი მონატრებია. ახლობლის მეუღლე მუსულმანია, თავად მართლმადიდებელი და მშობლებს სურთ, ზრდასრულმა ბავშვმა თავად აირჩიოს, თუ რომელი რელიგიის მიმდევარი იქნება. ამას კი ყველას ვერ აუხსნი. ან რატომ უნდა გახადო შენი ოჯახის საკითხი ყველა უსაქმურის განხილვის თემად?!

როდის გათხოვდები? – სტატიას ყველაზე უკმეხი კითხვით დავაგვირგვინებთ. “ერთი შენს ქორწილში მაქეიფა”; “რას ელოდები, წლები მიდის!”. აუხსენი ახლა ამ ცნობისმოყვარეს, რატომ, რისთვის და როდის. რატომ, რატომ არ შეიძლება მათ თავადაც უკმეხად უპასუხო, ისინი ხომ შენს პირად ცხოვრებაში დაუკითხავად ერევიან. თუმცა, რაც უნდა უპასუხო, ცნობისმოყვარე მაინც მოძებნის გასამართლებელ საბუთს: “იმიტომაც ვერ თხოვდები, ასეთი რომ ხარ!” ან “რა მოგივიდა? მეგობრულად გკითხე!..”

ცნობისმოყვარე კოლეგებს, მეზობლებს, გამვლელებს ვერსად გაექცევით. მათ მოსაწონ პასუხს ვერ გასცემთ, მაინც თქვენ იქნებით დამნაშავე. ამიტომ მთავარია, თავად არ მოიშალოთ ნერვები და ღიმილით გაერიდოთ.

წყარო: marao.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი