”ჩემი ცოლისთვის მასთან ყოფნისას არ მიღალატია, სხვა საქმეა, როცა მარტოხელა გავხდი”

92
SHARE

ილო ბეროშვილი პოპულარული ერთი ხელის მოსმით გახდა. მას შემდეგ ცდილობს, მოპოვებული ცნობადობა გაამყაროს და ახალ ეტაპზე გადავიდეს. ახლა შოუს ”ერთი ერთში” გამოცდილ წამყვან დუტა სხირტლაძესთან ერთად უძღვება და ცდილობს, მისგან ბევრი რამ ისწავლოს.

– ალბათ, დუტასთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს, რადგან კაცთან ერთად დუეტში პირველად მოუწია მეგაშოუს წაყვანამ. რაც შემეხება მე, ჩემთვის ეს ახალი სფეროა. დუტას გამოცდილება მხოლოდ მისთვის არ არის კარგი, ჩემთვისაც ძალიან, ძალიან კარგია. მხოლოდ ნიჭიერება რაღაც მომენტებში გამოჩნდება, მაგრამ თუ შრომა არ ახლავს, ბევრი რამ ჩაიკარგება. ვცდილობ, ყველა პროექტში რაც შეიძლება მეტი ვისწავლო, მით უმეტეს, გვერდზე ასეთი წამყვანი მყავს, რომელიც ამდენი წელია, აქტუალურია. მას ნიჭიც აქვს და შრომაც შეუძლია. გზადაგზა ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ. წამყვანი მხოლოდ გამომცხადებელი არ უნდა იყოს, იმასაც ვფიქრობ, ზედმეტი არ მოგვივიდეს.

– ზედმეტი ხომ არ იყო თაკო გაჩეჩილაძის გამოსვლის შემდეგ სექსუალურობის დემონსტრირება და სცენაზე შენი და დუტას ხოხვა?
– ვფიქრობ, მსოფლიოში ნელ-ნელა მკვიდრდება მსგავსი რაღაცები. მახვილგონიერება მნიშვნელოვანია, რაღაც ისეთი უნდა თქვა ან მოიფიქრო, რაც ხალხს გაართობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ზღვარს არ გადახვიდე. ვფიქრობ, რომ არ იყო ზედმეტი ის ეპიზოდი, რაც თქვენ დაასახელეთ, ხალხი გაერთო. ვიღაცას შეიძლება ეზედმეტა და ამას ვერაფერს ვუზამთ. შესაძლოა, კონსერვატიული სტილით წაგვეყვანა და იტყოდნენ, მოსაწყენიაო. მაყურებელი ტონუსში უნდა გყავდეს, შოუს დინამიკა არ უნდა დავარდეს.

– ”ერთი ერთშის” მონაწილედ უფრო წარმოგვედგინე.
– ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პროექტია. ”ერთი ერთში” რომ უნდა წამეყვანა, ადრე იყო გადაწყვეტილი, რადგან ”იმედის” თანამშრომელი ვარ. ”ერთი ერთში” სუფთა საჩემო შოუა, თუმცა მაინც მომღერლების პროექტია და სულ ისინი იგებენ. მონაწილეობა ძალიან მინდოდა და მინდა, თუმცა წამყვანობა ძალიან მაგარია, რადგან ჩემი ძირითადი პროფესია შოუმენობასთან ახლოსაა. იქნება სხვა სეზონები და შევეცდები, რომ მონაწილე გავხდე.

– როგორ შეეგუე იმ პოპულარობას, რომელიც უცბად მოვიდა შენთან?
– რადგან ასე მოხდა, ასე იყო საჭირო. ვინ იტყვის, როგორ ჯობდა? მე რომ თეატრალურის სტუდენტი ვყოფილიყავი, ვისაც მიზნად ეს აქვს დასახული, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ფსიქო ლოგიურად უფრო მზად ვიქნებოდი. მე უცებ გავხდი პოპულარული, რასაც პლუსებიც აქვს და მინუსებიც. მინუსი გამოუცდელობაა, მაგრამ დიდი პლუსია ის, რომ ხალხი გცნობს, რაც სასიამოვნოა. მიხარია, რომ გავხდი პოპულარული იმით, რაც მიყვარს, ანუ იუმორითა და სოციალური სატირით. მინდოდა, ამ იუმორში გარკვეული ინტელექტი ყოფილიყო. მაშინაც ვიცავდი ზღვარს, პოლიტიკა და რელიგია ამოღებული მქონდა სალაპარაკო თემებიდან. შეიძლება, შემდეგ თოქშოუს წამყვანი გავხდე და ეს ორი თემა იყოს ყველაზე აქტუალური, მაგრამ პირველ პროექტში, რითაც პოპულარული გავხდი, ამას თავი ავარიდე. ხალხმა ამას ნიჭი დაარქვა და ჩემი ნიჭით შევუყვარდი. ეპატაჟით არ გავმხდარვარ პოპულარული და იმით, რომ ვიღაცის ქმარი გავხდი, თუმცა არავის წინააღმდეგი არ ვარ, ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს.

– ნეგატივი, გამოუცდელობის გარდა, რა არის პოპულარობაში?
– მცირე ხანია, რაც პოპულარული ვარ. კარგ მხარესა და უკუჩვენებებზე შესაძლოა, უკეთ 20-წლიანი პოპულარობის ადამიანმა ილაპარაკოს. საზღვარგარეთ გვინახავს, როცა ვარსკვლავს პაპარაცები უკან დასდევენ და მათი პირადი ცხოვრება მათ პოპულარობას ეწირება. საქართველოში ასე არ არის.

– კი, მაგრამ ხომ ამბობდნენ, რომ შენი ოჯახიც პოპულარობის გამო დაინგრა?
– სანამ პოპულარული გახდები, მეზობელს თუ გამარჯობას არ ეტყვი, იმიტომ რომ გეჩქარება, ამას შესაძლოა, ყურადღებაც არ მიაქციოს. როცა ცნობილი ხდები, ამას აუცილებლად დაარქმევენ სახელად, რომ ის მეზობელი ფეხზე დაიკიდე. არავის ვადანაშაულებ იმაში, რომ პოპულარობის მოსვლის შემდეგ შენს თითოეულ ნაბიჯს აკვირდებიან, ეს ასეც უნდა იყოს და ეს არის სწორედ პოპულარობის საფასური. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, სანამ პოპულარული გავხდებოდი, მანამდე ორჯერ დავშორდით ერთმანეთს, ერთხელ – რვა თვით. ეს არის ოჯახი. ყველა მიზეზს ვერ ავხსნი, ეს კორექტულად არ მიმაჩნია და არც ვარ ამისი მოყვარული. ხომ არსებობენ წყვილები, რომლებიც პოპულარობის მიუხედავად, ერთად რჩებიან? აქ უფრო სხვა რაღაცები იყო….

– თაყვანისმცემლები ხომ მოგემატნენ პოპულარობის მოპოვების შემდეგ?
– მომემატნენ კი არა, გამიჩნდნენ (იცინის), მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ცოლთან ყოფნისას მისთვის არასდროს მიღალატია. სხვა საქმეა, როცა ერთმანეთს დავშორდით, როცა მარტოხელა ხარ, ეს სხვა ამბავია. ნელი აგირბა იმდენად წესიერი და კარგი ადამიანია, ისე გვიყვარს ჩვენი შვილები, რომ პოპულარობა ვერ გადაწონიდა, სხვა პრობლემები რომ არ ჰქონოდა ჩვენს ოჯახს. სტერეოტიპულია ასეთი მიდგომა და შესაძლოა, მეც მეფიქრა სხვა ადამიანზე, აი, პოპულარული გახდა და გაგიჟდა და გადაირია-მეთქი. უცბად ამდენი თაყვანისმცემელი გიჩნდება, წყნარი ცხოვრებიდან ხან იქ მიგიწვევენ, ხან – აქ, რთულია შოუბიზნესის სამყაროში ყოფნა. დილიდან საღამომდე გიჟური რიტმი გაქვს. პოპულარობა გამოჩნდება, გაგივარდება რაღაც და მერე ფიქრობ, როგორ შეინარჩუნო, როგორ წახვიდე სწორი მიმართულებით, შეცდომები არ დაუშვა.

– შენი პოპულარობა მატერიალურ მდგომარეობაზე თუ აისახა?
– რა თქმა უნდა, აისახა. ჩემთვის შოუბიზნესს ფული მოაქვს. ყველაფერი შედარებითია. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ნამდვილად ვიტყვი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნისას ჩემს 700-ლარიან ხელფასს ამ მდგომარეობას არც კი შევადარებ. ამასაც უნდა დაფასება, როცა ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში რომ მქონოდა ეს პოპულარობა, რასაკვირველია, უფრო დიდი ანაზღაურება მექნებოდა, მაგრამ იქ კონკურენციაც დიდია.

– რაიმე კომპლექსი თუ გაგიჩინა პოპულარობამ, მაგალითად, ქალს შეიძლება, შენი პოპულარობის გამო მოეწონო.
– მდიდარ ადამიანებსაც ხომ აქვთ ამგვარი კომპლექსები? რა თქმა უნდა, პოპულარობის დროს გიჩნდება განცდა, რატომ მოვწონვარ გოგონას, პოპულარობის თუ ჩემი თვისებების გამო? შესაძლოა, მაჩო ტიპი არ ვარ, რომ ყველა ქალს რენტგენივით ვხედავდე, მაგრამ მაინც იგრძნობა. მეორე მხრივ, ისიც მნიშვნელოვანია, რა გინდა შენ ქალისგან, როგორც მამაკაცს. თუ ხანმოკლე ურთიერთობებია, რატომაც არა? იყოს (იცინის). ჩემთვის გასაგებიც ხდება, თუკი პოპულარობის გამო მოვეწონები ვინმეს. თუკი ვინმემ მოახერხა, იმდენად მაგრად მოვეტყუებინე, რომ მხოლოდ პოპულარობის გამო მოვწონდი და მე ვერ შევამჩნიე, საღოლ მაგას!..

– ანუ შენი მოტყუება არ არის ადვილი.
– შესაძლოა, ძალიან რთული არ არის, მაგრამ არც ადვილია. არის ურთიერთობების საწყისი ეტაპი. არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, ქალს რატომ მოვწონვარ. თუკი სერიოზულ სტადიაში გადადის ურთიერთობა, მერე უფრო მეტად ვუკვირდები.

– ბოლოს მინდა გკითხო სოციალურ ქსელში კომენტარების შესახებ. ალბათ, ნეგატივიც წამოსულია.
– კი, არის, რადგან ნელ-ნელა მასშტაბებიც იზრდება. რა თქმა უნდა, მაინტერესებს საზოგადოების აზრი. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხალხი არის ბრბო და მასა ძირითადად უინტელექტოა. მე ასეთ კატეგორიას არ ვეკუთვნი. იყო პროექტები, რომლებიც არ ეგონათ, რომ ამხელა პოპულარობას მოიპოვებდა, მაგალითად, ”შუა ქალაქში”. შესაძლოა, ვიღაცას ტარკოვსკი ან ბერგმანი მოსწონს. შესაძლოა, მოსახლეობის დიდი ნაწილი პროფესიულად ვერ განიხილავს ამა თუ იმ შოუს, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც ხვდება, რა არის კარგი და რა – ცუდი. ამიტომაც მაინტერესებს გამოხმაურებები, თუკი არგუმენტირებული კრიტიკაა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ასეთი მინახავს. ვიღაც თუ დაწერს, ეს რასა ჰგავსო, სხვა საქმეა. ჩემთვის ამისი მნიშვნელობა იკარგება. თუ მომრავლდება კრიტიკა, გული დამწყდება და აუცილებლად დავუკვირდები.

წყარო: www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი