შეროზია მკითხველს ემშვიდობება – “მადლობა, რომ მკითხულობდით”

144
SHARE

გადაწყვეტილია.

მოლაპარაკებას აღარ ექვემდებარება…

… სანამ დაგემშვიდობებით, მინდა კიდევ ერთხელ, ოდნავ სხვა კუთხით (სხვა რაკურსს ვეღარ ვიყენებ, თქვენი შიშით) გაგაცნოთ ჩემი ბლოგი (ვიღაცისთვის ბლოკი )…

ბლოგი – ჩემი მესაიდუმლეა, რომელსაც ხანდახან ვეხუმრები, ხან ჩემ ემოციებს ვანდობ, ისეთს, როგორიც მოდის, დაუვარცხნელს და მაკიაჟის გარეშე და ყოველ ჯერზე, საქვეყნოდ „მიბაზრებს“… ან უბრალოდ თავს ვიბრმავებ, ვაძლევ იმისთვის, რომ გამიბაზროს, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვირიდებ თავიდან და თითს მისკენ ვიშვერ.

შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემ კუთვნილ აივანზე, ფეხშიშველი, ტრუსით გამოვედი და ფეხებზე მკიდია როგორ გამოვიყურები. ამ დროს ქვემოთ დგას ბრბო და მკიცხავს იმისთვის, თუ რატომ მაცვია „თანამდებობის შეუფერებლად“, მესვრის ქვებს, რომლებიც მეცამეტე სართულამდე ვერ აღწევს და ძვირფასი მიზიდულობის ძალის შუამდგომლობით, ისევ მათივე ცარიელ თავებს ეცემა.

არის საღამოები, როცა საშინლად გბეზრდება საქმიანი და საზოგადოებისთვის შექმნილი „მე“, მოზომილი სიტყვა-პასუხით, ძვალ რბილში გამჯდარი „ეფექტური მომსახურების სტანდარტით“, ფასადური ღიმილით და დახვეწილი მანერებით, უკვალოდ იშორებ ნაჩქარევად წათხიპნილ მაკიაჟს და რჩები პირისპირ საკუთარ თავთან, საკუთარ სივრცეში, სადაც ცხვირის შემოყოფა არავისთვის დაგიძალებია…

  • ხან ხუმრობ, რაც ვიღაცისთვის პოპია და ამისთვის გაკრიტიკებენ, როცა იცი, რომ თუნდაც იგივე კრიტიკოსები – ჯაზს არასდროს მოუსმენენ. პოპსაც იმიტომ უსმენენ, რომ გაუცხადებლად თუ გაცხადებულად – სიამოვნებთ და თან კრიტიკაც უფრო მარტივია
  • ხან კეთილშობილება შემოგიტევს და რჩევებს გასცემ უანგაროდ, რასაც დამრიგებლურ ტონში გითვლიან და ავიწყდებათ რიტორიკის ძალა. უსუნო, უხმო, უგემო და უფერო ნაწერს, იმ ფერის საღებავს ასხამენ, რა ფერადაც თავად ხედავენ სამყაროს, შესაბამისად, ვიღაცისთვის თბილი ხარ, სხვისთვის აგრესორი, „სხვა სხვისთვის“ სარკაზმით გაჟღენთილი და ეს უაზრო განხილვებიც აღარ სრულდება
  • ხან შენს ისტორიებს ჰყვები, რომელიც ვიღაცისთვის ან თავის ქებაა, ან „ვის რაში აინტერესებს“, ხოლო თუ ნაკლი ვერ იპოვეს – გამოგონებული ზღაპარი.

შენც გეღიმება, იმ მორალისტებზე, რომლებიც მორალის წაკითხვისთვის გესვრიან ქვებს… იმ ფსევდო ინტელექტუალებზეც, რომლებმაც კანტის ნიჰილიზმის ორი აბზაცი გადაიკითხეს და თავისივე, გეომეტრიული პროგრესიით გაზრდილ აიქიუზე – ორგაზმი განიცადეს და ვისაც შეგიძლია ათს ერთად, 10 წუთიანი დებატებითაც კი – თავი არარაობად აგრძნობინო… და მაინც, გებედნიერება მომენტი, როცა პოზიტივით აგრძელებ ცხოვრებას და არავის ემტერები.

ჩვენ, ყველანი სტერეოტიპების მსხვერპლნი ვართ. ვინ დააწესა როგორ უნდა იქცეოდეს ღირსეული ქართელი კაცი, თუ ქალი? თუ ლექტორი, ტრენერი და/ან ტოპ მენეჯერი ხარ, ფიქრობთ, რომ საწოლშიც ლექცია უნდა წაიკითხოთ, ან მენეჯერული უნარები გამოავლინოთ, მანამ – სანამ ქუჩაში ნაყიდ ჰოთ დოგს პირს დააკარებთ? თუ ბლოგიც აუცილებლად მარკეტინგულ კომუნიკაციებზე უნდა გქონდეთ? განათლებული და რაც მთავარია, „დაკმაყოფილებული“ ადამიანი, არასდროს გაგკიცხავთ იუმორისთვის, თუნდაც სარკაზმის მსუბუქი ფორმისთვის. ან გაგაკრიტიკებთ ერთხელ და წავა, მაგრამ თუ ყოველ ჯერზე, შენგან რაღაც ახალს ელოდება, რასაც მერე თითზე დაიხვევს, ეს უკვე ქვეცნობიერი „ფარული ვნებაა“. (მადლობა!)

ასევე, ბევრი ნეგატიური ემოციის საწყისი შურიც შეიძლება გახდეს… როცა თვლი, რომ მთელი ორი წიგნი წაიკითხე, მთელი 4 კურსი დაასრულე უნივერსიტეტში არც ისე ცუდად, შენი „სექტა“ კარგ ტიპად გთვლის და შენ აქ უნდა იჯდე და ჰეითერობდე, როცა სხვები ცხოვრებით ტკბებიან? მათაც აქვთ ნაკლი! ვიპოვოთ, დავიხვიოთ თითზე, იქნებ ამან მაინც მოგვანიჭოს სექსუალური კმაყოფილება და შეგვივსოს სხვა მრავალი დანაკლისი?

არა და რა მარტივია, გურამ შეროზიას ბლოგ პოსტების სამჯერ გადაკითხვის მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლი იპოვნო, სალანძღავი (აბა კრიტიკა ასეთი მარტივი არ არის) ჩანართების ამოწერის, შემდეგ გაზიარების, წყევლა-კრულვის, შემდეგ ბევრი კომენტარის და განხილვის ნაცვლად – ადგე და თვით განვითარებაზე იზრუნო? ან უბრალოდ იმუშავო, რომ ფული გამოიმუშავო, რომლითაც მერე სექსს გამოიმუშავებ და მრავალი ა.შ. (სანამ ესეც დამრიგებლურ ტონში ჩამთვლია, შევცვლი თემას)

იცით, თუ არა, რომ:

  • მე მაგიური მესამე თვალი ვარ, ყველა ვერ ხედავს, მაგრამ საკმარისია დაინახო – აღგაფრთოვანებს
  • „ოსტატიც ვარ და მარგარიტაც“ – ერთი წაკითხვით შეიძლება არ მოგეწონოს, იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ გაიგო, რაკი, რეალურად მისი მოწონება მხოლოდ სწორად აღქმის და გეგების შემთხვევაშია შესაძლებელი;
  • მე არტემიდას ტაძარი ვარ, შეგიძლია გამა-ცეცხლო და ისეთი პოპულარული გახდე, ისტორიაში შეხვიდე;
  • მე შაგრენის ტყავი ვარ – ყველა სურვილს გისრულებთ და ამის ხარჯზე მე ვზარალდები;
  • თქვენ რასკოლნიკოვი ხართ, მე სასჯელი… დანაშაულისთვის არ გსჯით, მაგრამ ოდესმე თავად მიხვალთ ჭეშმარიტებამდე და მოინანიებთ
  • მე ფარსმან სპარსი ვარ – არავინ იცით, რომ სინამდვილეში აბუბექრ ისმაილ იბნ ალ აშარი მქვია და ჩემ მხოლოდ ერთ სახეს ხედავთ
  • მე კასიუს კოლჰაუნი ვარ – შემიძლია თავი მოგჭრათ და ის თავიც თქვენივე ხელით გატარებინოთ
  • მე ხინკალი ვარ, თუ სწორად არ მიუდგები და სიფრთხილით არ მოეპყრობი, ზედ რომ გადაგეწუწება და თავიც მოგეჭრება… (როგორი კონტრასტული გადასვლა იყო)

ბლოგს რაც შეეხება, დავისვენოთ ერთი თვით, ხოლო ამ პერიოდის თავზე, განახლებული ემოციით დავბრუნდეთ.

გემშვიდობებით სექტემბრის მეორე ნახევრამდე!

ბედნიერ და საინტერესო ზაფხულს გისურვებთ! ^^

(პ.ს. ვიცი, რომ კანტის ნიჰილიზმს არ გამიტარებთ, შესაბამისად, ველოდები თვით გამოცხადებული ინტელექტუალების სტატუსებში.
ხინკლის, ჰეროსტრატეს და მესამე თვალის ჩანართებსაც)

http://www.guramsherozia.com/archives/2021

FB კომენტარები

კომენტარი