“შევხვდი რუსთავში” – რა უთხრეს მიხეილ ცაგარელს უცხოპლანეტელებმა და რატომ არ შემოდიან ისინი ადამიანებთან კონტაქტში

977
SHARE

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ღიმილს იწვევს, ზოგი მათ უნდობლობას უცხადებს, ნაწილს მათი არსებობის სჯერა და არსებობენ სპეციალისტებიც, რომლებიც უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებს სერიოზულად სწავლობენ და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია.

საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჰქონიათ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. ერთ-ერთია ცნობილი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი. მისი თქმით, წლების წინ საქართველოში უცხოპლანეტელებს შეხვდა და ამასთან დაკავშირებით დაუვიწყარი მოგონებებიც აქვს.

რა უამბეს და რა განიცადა ასტროლოგმა მათთან შეხვედრისას – ამაზე მიხეილ ცაგარელი AMBEBI.GE-ს ესაუბრება.

“იმის თქმა, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ მთელ ამხელა სამყაროში და ჩვენ გარდა სხვა არავინ, არ შეიძლება. სამყარო ვითარდება გრადაციის პრინციპით, შესაბამისად, “რაღაც ქვევითაა და რაღაც – ზევით” და ეს ცნობილი გამონათქვამიც სულ ძალაშია. ისე მარტივად არ არის საქმე, რომ – მოვედით და წავედით. საიდან მოვედით ან სად მივდივართ, ვინმემ იცის საერთოდ?! იცით, ჩვენ გარდა, დედამიწაზე კიდევ რამდენი სამყაროა? ცხოველთა სამყარო, მინერალების, მცენარეების და ამ სულების გრადაციას კარგად არც ვიცნობთ. მაგრამ თუ რა ხდება ჩვენი სამყაროს მიღმა, ამის უამრავი მანიშნებელია, თუნდაც სვეტიცხოვლის ერთ-ერთ კედელზე, სადაც უცხოპლანეტელები არიან გამოსახული. მსგავსის მოძებნა სხვადასხვა რელიგიაში შეიძლება.

ცნობილია, რომ უამრავი პლანეტარული გემია ჩამოსული დედამიწაზე. არსებობს მოსაზრებაც, რომ ადამიანი უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილი, რომ ადამიანი მათი ექსპერიმენტული პროექტია. უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ამ ყველაფერს უცხოპლანეტელებთან ჩემი შეხვედრა უფრო ცხადჰყოფს”.

– სად შეხვდით მათ?

– სულ 2 შეხვედრა მქონდა. შევხვდი უდიდესი პიროვნების, უფოლოგ – თალეს შონიას მეშვეობით. უცხოპლანეტელებთან შეხვედრა 90-იან წლებში მქონდა, როცა ისინი მეტად იყვნენ გააქტიურებულები. შევხვდი რუსთავში დათქმულ ადგილას და ის ემოცია არასდროს მავიწყდება. ის არ იყო პირდაპირი ლაპარაკი, უფრო ტელეპატიური საუბარი გახლდათ. დაახლოებით, კომპიუტერში რომ გავუშვათ ხმა და იმ ხმამ გითარგმნოს და აზრი მოგაწოდოს ქართულ ენაზე. ასეთი უცნაური რამ იყო.

გარეგნულად უზარმაზარი, დაახლოებით ორმეტრნახევარი მაინც. მათში არიან მაღლებიც და დაბლებიც. გააჩნია, რომელი თანავარსკვლავედიდან მოდიან, რომელი პლანეტარული სისტემიდან. არიან – იუპიტერიანელები, მარსიანელები. მარსიანელები თავისი ხასიათით, უფრო აგრესიულები არიან. იუპიტერიანელები მეტად გვიცავენ. კანის ფერშიც არის განსხვავება, აქვთ მომწვანო, მოლურჯო, ნაცრისფერი კანი. რომ უახლოვდები, გგონია, რომ დედამიწაზე არ ხარ. რომ დავინახე, თავიდან ძალიან შემეშინდა, ალბათ პულსი 120 მქონდა – საოცრებას ვუყურებდი. ჩემ წინ მდგარ არსებას, სახის სხვა წყობა ჰქონდა, მიყურებდა და არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდა… ამასთან, ძალიან ძლიერი ენერგოველი აქვთ და გაჩერდა ჩემი საათი, რომელიც ხელზე მეკეთა, ამტკივდა თავი, ყურები – საწყის ეტაპზე საოცარი დისკომფორტი მქონდა.

– რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი კონტაქტი?

– იმ პერიოდში დროს ვერ ვგრძნობდი, რამე რომ ეკითხა კაცს, ვერაფერს ვუპასუხებდი, საუბარმა დაახლოებით საათ-ნახევარს გასტანა და ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. ჩვენ გვაინტერესებდა – რატომ არ შემოდიან ჩვენთან ახლო კონტაქტში? პასუხი იყო ასეთი – ჯერ ადრეა. რომ ჩვენი ცივილიზაცია ძალიან შორს არის მათგან, ამის გამო ვერ ვუგებთ ერთმანეთს და რომ ჩვენთვის ადრეა ეს კავშირი. მითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, აგრესიულები ვართ, ვფიქრობთ მხოლოდ ფულზე და ომზე. მათი ერთადერთი მიზანი კი დედამიწის დაცვაა, რომ ჩვენმა უგუნურობამ არ დაანგრიოს ის. თუ დედამიწა დაინგრა, ბირთვული კატასტროფა გარდაუვალი იქნება. ეს კი სხვა მზის სისტემებს მომენტალურად გადაეცემა და ისინიც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩდებიან. ამიტომ დროდადრო გვიწევს აქ ჩამოსვლა, რომ ბირთვული აფეთქებისგან მთელი მზის სისტემა დავიცვათო.

გვითხრა, რომ მთვარეზე არსებობს უამრავი შიდაქალაქი, მეტიც, რომ ასეთი სამყარო ეგვიპტის პირამიდების ქვეშაცაა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და პირამიდებს როგორც ქვებს, ისე აღვიქვამთ. ეს რომ დავინახოთ, მეოთხე განზომილება გვჭირდება. ამიტომაც არის, რომ ამ განზომილების უქონლობის გამო ჩვენს სამყაროში ბევრ რამეს ვერ ვხედავთ.

– კიდევ რა შეიტყვეთ მათგან?

– ისინი ებრაული ტომების წინაპრები არიან და ცხოვრობდნენ იმ ზონაში, სადაც ახლა ისრაელია და ზუსტად ისე განვითარდნენ, როგორც ვვითარდებით ჩვენ. დედამიწაზე გაიარეს განვითარების ყველა ეტაპი. მერე იქამდე მივიდნენ, რომ საოცარი სიჩქარის ტექნიკა, ტექნოლოგიები შექმნეს, აქ ამოწურეს საკუთარი თავი, დედამიწამ ვეღარ დაიტია ისინი, აქაურობა ვერ აკმაყოფილებდა მათ ტექნიკურ პროგრესს და დატოვეს ეს სამყარო. შემდგომი ეტაპი კი სხვა სამყაროდან დაიწყეს. პირველი, რაც გააკეთეს, შეისწავლეს მთვარე და უკვე გარეგნულად სხვა სხეულიც დასჭირდათ. ამიტომაც მოხდა მათი გარეგნული შეცვლა. ხოლო კითხვაზე, რატომ იტაცებენ ადამიანებს? გვიპასუხა: დედამიწიდან ადამიანები შესწავლის მიზნით მიგვყავს. მიგვყავს, მაგრამ ისევ ვაბრუნებთ.

სხვათა შორის, ამის დასტურად შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში ვიცნობდი ქალბატონს, დიდუბეში ცხოვრობდა, ახლა ავსტრიაშია, რომელიც ასე წაიყვანეს. როდესაც მას ვესაუბრე, ზუსტად აღმიწერა მათი ვიზიტის ეპიზოდი და ისიც, როგორ წაიყვანეს იუპიტერზე, დააკვირდნენ და მერე უკან დააბრუნეს. მაქვს ასევე ერთი ამბავი, რომელიც დმანისელ ქალბატონს უკავშირდება. ისიც ასე წაიყვანეს და დააბრუნეს. ვენების სერიოზული დაავადება ჰქონდა, ვეღარ დადიოდა. მათ ეს პრობლემა მოუხსნეს. ხომ ვამბობ, ტვინი მეოთხე-მეხუთე ცნობიერების დონეზე აქვთ განვითარებული, შეუძლიათ ადამიანი რენტგენივით გააშუქონ, დაინახონ, რა დაავადება აქვს და რა ენერგეტიკის მქონეა… ასეთი ვრცელი ინფორმაცია არავისგან მიმიღია და ის 2 შეხვედრაც არასდროს მავიწყდება.

წყარო:www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი