ყველა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რომლის ცოდნაც მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გამოგვადგება

1289
SHARE

ყველა მთავარი და მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რომლის ცოდნაც მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გამოგვადგება- ამის შესახებ შესაბამის პოსტს ასტროლოგი დავით ნიბლაძე გვთავაზობს:

3 აგვისტოს სავსე მთვარეა.
მთვარე ამჯერად მერწყულიდან ლომში დაუპირისპირდება მზეს, ორივე მათგანი კვადრატულ ასპექტს შექმნის ურანთან, მერკური კირჩხიბიდან სატურნთან შექმნის ოპოზიციას, მარსი კი იუპიტერთან და პლუტონთან კვადრატს არ იკმარებს და თავის ვერძულ ცეცხლოვან ენერგიას ლილიტთან შეერთებით კიდევ უფრო უკონტროლოს გახდის.

მოდით, უფრო ადამიანურ და გასაგებ ენაზე, „ქართულ ჯიგრულ პონტში“ ავხსნათ ეს ყველაფერი

სავსე მთვარე არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ისედაც მოჭარბებულ ენერგიასა და აგრესიას უკავშირდება, მაგრამ როდესაც მზე და მთვარე კვადრატულ ასპექტს ქმნის ურანთან, აგრესია კიდევ უფრო უკონტროლო, სიტუაცია კი სიურპრიზებით სავსე ხდება. ურანი იმ პატარა ბავშვს შეიძლება შევადაროთ, რომელიც ვერ ეგუება შეზღუდვებს, თავისუფალი და ცნობისმოყვარეა და ამავე დროს, შეუძლებელია მისი პროგნოზირება. ურანი მერწყულის მმართველი პლანეტაა და ვინაიდან სწორედ მერწყულში მყოფი სავსე მთვარე ქმნის ასეთ ასპექტს ურანთან, მისი გავლენაც გაცილებით ძლიერია. ეს არის დრო, როდესაც გაგვიჭირდება შეზღუდვებთან და რუტინასთან შეგუება, საპასუხოდ კი დიდია ალბათობა, რომ საერთოდ არ მოვერიდოთ პროტესტის აგრესიულ ფორმებს და წინდაუხედავად, რისკების შეფასების გარეშე მივიღოთ გადაწყვეტილებები.
თუ გვსურს, რომ ურანის მახეში არ აღმოვჩნდეთ, ჯობია, ამ პერიოდში მაქსიმალურად მოვერიდოთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას და დაუფიქრებელ მოქმედებებს. მხოლოდ გონიერება და მოქნილობა დაგვეხმარება შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისას.

მაშინ, როდესაც ურანი ცვლილებებს, თავისუფლების სურვილსა და ამბოხს აპროვოცირებს, მარსის კვადრატი იუპიტერთან კიდევ უფრო მეტად ზრდის საკუთარ შესაძლებლობებში ბრმად დარწმუნების დონეს. ასეთ დროს რთულია რეალური პოტენციალის დანახვა, იმის აღიარება, რომ ვცდებით და ამ ყველაფრის მიუხედავად, შესაძლოა, ჯიუტად ვამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. და არა მხოლოდ ვამტკიცოთ, ვიბრძოლოთ კიდევაც საკუთარი იდეების, ხედვების, სურვილებისა და მიზნების დასაცავად. მარსის ლილიტთან შეერთება, რომელიც ზუსტ ასპექტს 6-10 აგვისტოს შუალედში შექმნის (თუმცა ნელ-ნელა უკვე საგრძნობი გახდება სავსე მთვარიდანაც), უფრო მეტად გაზრდის აგრესიისა და კონფლიქტების ალბათობას. ამას დაემატება მერკურის კვადრატი ურანთან (ლომიდან კუროში) და მარსის კვადრატი უკვე პლუტონთანაც (ვერძიდან თხის რქაში, ზუსტი ასპექტი 13 აგვისტოს), რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს სიტუაციას. საერთო სიტუაცია შეიძლება, დენთის კასრებით სავსე ოთახში ასანთით ხელში შესვლას შევადაროთ, სადაც პატარა ნაპერწკალიც საკმარისია დიდი აფეთქებისთვის. ჯობია, არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ ჩავებათ კონფლიქტებში, ყველანაირად ვეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ აგრესიული გარჩევები.
სანაცვლოდ ავარჩიოთ დამკვირვებლის პოზიცია და იმპულსურად მოქმედების ნაცვლად, ვიმოქმედოთ გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით.

იმედაგცრუების შეგრძნებასა და სიტუაციის უფრო მძიმედ აღქმას გააძლიერებს მერკურისა და სატურნის ოპოზიცია სავსე მთვარის დროს, რისი გაგრძელებაც შესაძლოა, სწორედ მარსის დაძაბული ასპექტებით გამოწვეული აგრესიული მოქმედებები იყოს.

საერთო ჯამში რომ შევაფასოთ მომდევნო 2 კვირა, საკმაოდ მაღალია პროვოკაციების, კონფლიქტებისა და აგრესიული დაპირისპირებების ალბათობა როგორც ურთიერთობებსა და ოჯახებში, ისე პოლიტიკურად. ამ დროს დაშვებულ შეცდომებს აუცილებლად ექნება ლოგიკური შედეგები, ამიტომ, ისევ გვმართებს მეტი თავშეკავება, სიმშვიდე, მოქნილობა და წინდახედულობა.

აიღეთ შვებულება, დაისვენეთ, განიტვირთეთ თუ ამის საშუალება გაქვთ, მოინახულეთ მეგობრები, დაკავდით შემოქმედებითი საქმეებით, დაუთმეთ დრო ჰობს, გართობას, ფიზიკურ აქტიურობას და ნებისმიერ მოულოდნელ „სიურპრიზს“ მშვიდად და აუღელვებლად შეხვდით.

სხვა შემთხვევაში ვიტყოდი, რომ სავსე მთვარის, წინა და მომდევნო დღეს უნდა ვიყოთ ფრთხილად მეთქი, მაგრამ ამჯერად იმდენად დიდხანს გასტანს ასეთი ემოციურად და ნერვულად დაძაბული ფონი, მთელი ამ დროის განმავლობაში რეკომენდებულია სიფრთხილე საჭესთან, საგზაო გადასასვლელებთან, ბასრ საგნებთან, ცეცხლთან და ცეცხლსასროლ იარაღებთან. მაღალია ასევე ტრავმების ალბათობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუსარესაბაც უყურადღებობის შემთხვევაში. ამიტომ, მეტი სიფრთხილე, ზრუნვა საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე, მეტი გაგება, დიპლომატია, მოთმინება, კომუნიკაციის ჯანსაღი ფორმები და სიტუაციის გვერდიდან დანახვა დაგვეხმარება ამ პერიოდის მშვიდად გადავლაში.

ეს ასტროლოგიური მოვლენები მეტ-ნაკლებად ყველას ეხება, თუმცა თქვენი ინდივიდუალური რუკის ანალიზის შედეგად უფრო ზუსტად და კონკრეტულად შევძლებთ შევაფასოთ, სად, რა სფეროებში და როგორი ტენდენციებია მოსალოდნელი. თუ გსურთ, პირადად თქვენი რუკა შევადგინოთ და რჩევებიც მაქსიმალურად ინდივიდუალური იყოს, მომწერეთ შეტყობინება astrolabe-ს გვერდზე.

მშვიდობიან და წარმატებულ აგვისტოს გისურვებთ!”

FB კომენტარები

კომენტარი