ყვარელში პოლიციელი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს? – რას აცხადებენ ადგილობრივები

157
SHARE

დეტექტივ-გამომძიებელ გელა ფიცხელაურის მკვლელობამ ყვარელში ვნებათაღელვა გამოიწვია. გელა ფიცხელაური გადაჭრილი სანადირო თოფიდან საკუთარ სადარბაზოში ზურგიდან დაცხრილეს.
მკვლელი 1986 წელს დაბადებული ილია სეფაშვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ვაზნები ნადირის დასახოცი საფანტით იყო დატენილი. მკვლელი პოლიციელს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა. როცა ფიცხელაურმა ეზოში ავტომანქანა გააჩერა და საკუთარ სადარბაზოსკენ გაემართა, ის მსხვერპლს უკან მიჰყვა… მძიმედ დაჭრილმა პოლიციელმა, რომელსაც მსხვილი საფანტით მიყენებული ყველა ნატყვიარიდან სისხლი სდიოდა, ძალა მოიკრიბა და ცოლს დაურეკა, – მიშველეო. გელა ფიცხელაური სიკვდილს საოპერაციო მაგიდაზე დილამდე ებრძოდა… ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.
„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ყვარელის მცხოვრები რეზო ღელაღუტაშვილი აცხადებს, რომ არ სჯერა, ფიცხელაურის მკვლელი 3 წელიწადი ინგლისში იმაზე ფიქრობდა, – აი, ყვარელში გელა ფიცხელაურს რომ ვეჩხუბე, როდის ჩავიდე და როდის მოვკლაო.
„ყვარელში ხალხი ლაპარაკობს, რომ გელა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს. თუმცა, ჩემი ფიქრით, გამორიცხული არ არის, რომ ესეც ისევე იყოს მოწყობილი, როგორც თავის დროზე სამხარაულის მოკვლას „ტენიდნენ“… კეთილისმყოფელი კაცს საზღვარგარეთ მყოფს არასოდეს დაურეკავს, – ჩამოდი, შენი ცოლი ამასთან და ამასთან დადისო; გელას მკვლელს კი ალბათ ურეკავდნენ და მეთოდურად აგიჟებდნენ. სხვანაირად ასე საგანგებოდ ვერ მოემზადებოდა მკვლელობისთვის, – კაცი მოკლა და მეორე დღეს უკვე საზღვარგარეთ გარბოდა. ესე იგი, გელას მოკვლა დიდი ხანია უნდოდა ვიღაცას“, – აცხადებს ღელაღუტაშვილი.

წყარო: “კვირის პალიტრა”

FB კომენტარები

კომენტარი