ქართველი სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირი გახდება

88
SHARE

თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო, სახელად “გრანდი” ამჯერად BBC-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, BBC ცხოველების შესახებ ახალ სერიალს Big Animal Surgery – „დიდი ცხოველების ოპერაციები“ იღებს, სადაც სერიის ერთი ეპიზოდი “გრანდის” და მის მომავალ ოპერაციას დაეთმობა.
“ჩავისუნთქეთ და დავიწყეთ… წინ დაძაბულზე დაძაბული კვირა გველის. გრანდი ხომ გახსოვთ? ჩვენი სპილო, 4 წლის წინ ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია რომ გადაიტანა? მთელი ქვეყანა რომ გულშემატკივრობდა და ბავშვები დასაძინებლად არ წვებოდნენ, მისი წამოდგომის მოლოდინში. პირველი ოპერაციის შედეგად გრანდს მხოლოდ ერთი ჩატეხილი ეშვი ამოვუღეთ. მეორე? აი, დადგა მეორე პრობლემის მოშორების დროც.
31 ოქტომბერს გრანდს ისევ მოუწევს პაციენტის როლის მორგება. და არა მხოლოდ პაციენტის. ამჯერად ჩვენი სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირიც გახდება. ახლავე აგიხსნით, რა ხდება.
BBC ცხოველების მოყვარულებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს და ახალ სერიალს იღებს, სახელწოდებით Big Animal Surgery – „დიდი ცხოველების ოპერაციები“. თითოეულ ეპიზოდში თითო ცხოველის ამბავს გვიამბობენ და გვიჩვენებენ, როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტექიმები უნიკალურ ოპერაციებს ცხოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი ემოცია, როცა BBC დაგვიკავშირდა და გრანდის ოპერაციის გადაღება გვთხოვა? დიახ, დიახ! სერიალის ერთი ეპიზოდი მთლიანად გრანდს მიეძღვნება. ხუმრობა საქმე ხომ არაა – BBC, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების შემქმნელი, თბილისის ზოოპარკის სპილოს მთელ მსოფლიოს გააცნობს!
გრანდის გრანდიოზული ოპერაცია, მასთან დაკავშირებული სირთულეები და რისკები იმგვარი თემაა, ერთ პოსტში რომ ვერ ამოვწურავთ. ამიტომ, ახლა დეტალებით აღარ მოგაწყენთ თავს და 31 ოქტომბრამდე ნელ-ნელა მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას. წარმატება ვუსურვოთ მძიმეწონიან პაციენტს”,- აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

FB კომენტარები

კომენტარი