ქალმა 7-წლიანი ქორწინების შემდეგ შეიტყო, რომ ქმარი მასზე ჩუმად ძალადობდა

788
SHARE

ძალადობა საშინელებაა. განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც მოძალადე ახლობელი ადამიანია. ეს მენდი ბორდმენის ისტორიაა, რომელიც ვერ წარმოიდგენდა, რომ 7 წლის განმავლობაში ქმარი ასმევდა საძილე საშუალებებს და ამის შემდეგ ძალადობდა მასზე.
ამერიკელი მენდი ბორდმენი დარწმუნებული იყო, რომ სავსებით ნორმალური ოჯახური ცხოვრება ჰქონდა. დევიდ ვაისონს სიყვარულით გაჰყვა. მათ თავბრუდამხვევი ქორწინება ჰქონდათ. რამდენიმე წლის შემდეგ რომანტიკა ყოველდღიურმა რუტინამ შეცვალა: ბავშვები, სამსახური, სახლი. „ჩენ ვიყავით ტიპური ოჯახური წყვილი“, – ამბობს მენდი. ის აღარ გრძნობდა თავს ბედნიერად, როგორც წლების წინ, მაგრამ ქორწინებას წარუმატებელს ვერ დაარქმევდა.
თუმცა 7 წლის თანაცხოვრების შემდეგ ბორდმენმა უცებ შეამჩნია, რომ მეხსიერების პრობლემები ჰქონდა: ზოგჯერ შიშველი იღვიძებდა, მაშინ, როცა საღამურებით წვებოდა და ვერ იხსენებდა,როდის გაიხადა. მაგრამ მთავარი რაც შეამჩნია, იყო აბების მწარე გემო პირში და ვერც იმას იხსენებდა, როდის მიიღო.
რთულია არ შეშინდე და არ იფიქრო, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს. ერთხელ მენდის ღამით გაეღვიძა და დაინახა, დევიდი ფანრით ხელში ლეიბის ქვეშ რაღაცას მალავდა. როდესაც მენდიმ მოითხოვა ეჩვენებინა, თუ რას მალავდა ქმარი, მან ძალის გამოყენებით გააჩერა. მხოლოდ ხანგრძლივი დავის შემდეგ აღიარა, რას მალავდა – ბოთლს, რომელშიც გაურკვეველი სითხე ესხა.
დევიდმა გამოუცხადა, რომ ბოთლში გაზავებული საძილე საშუალება იყო. იმიტომ გასმევდი, რათა კარგად დაგეძინაო. დევიდი არწმუნებდა მენდის, რომ ამას მის საკეთილდღეოდ აკეთებდა და დაიფიცა, რომ აღარ მოიქცეოდა ასე.
რა თქმა უნდა, ვაისმა არ შეასრულა დანაპირები. მენდიმ გადაწყვიტა გაეგო, ბოლოს და ბოლოს რა ხდებოდა მის თავს.
ჩუმად აიღო ქმრის ტელეფონი და შოკის მომგვრელი ჩანაწერები ნახა: მან იპოვა სამი ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ ძალადობდა ქმარი მასზე, მაშინ როდესაც ის უგონო მდგომარეობაში იყო. და დევიდი ამას ყველაფერს იღებდა…
მენდი შოკში ჩავარდა. ვერ იჯერებდა ნანახს. „ყველა ვიდეოზე გვამივით გამოვიყურებოდი. პანიკაში ჩავვარდი, საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ საყვარელი მეუღლე, შენი შვილების მამა ასე გექცევა. შემრცხვა და შემეშინდა“, – იხსენებს მენდი. როდესაც ქმარს აჩვენა ვიდეოები, მან უთხრა, რომ ვერაფერს ხედავდა ამაში ცუდს. გარდა ამისა, დაარწმუნა ცოლი, რომ არავინ დაიჯერებდა მის ნათქვამს და ვერაფერს დაამტკიცებდა… არადა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ყველაფერი სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ახლა ბორდმენი აღიარებს, რომ მაშინ ძალიან შეშინებული იყო და ვერ იაზრებდა, თუ რა უნდა მოემოქმედებინა. მართალია, გაშორდა ქმარს, მაგრამ არ უჩივლია სასამართლოში. მოძალადე მოიშორა, მაგრამ ბავშვებს მაინც ჰქონდათ კონტაქტი მამასთან და დასვენების დღეებს მასთან ერთად ატარებდნენ. მენდიმ ბოლომდე ვერ გააცნობიერა, თუ რა მოხდა მის თავს. ნელ-ნელა დეპრესიამ შეიპყრო. არაფერი შველოდა: არც პოზიტიური ინფორმაციები, არც ფსიქოლოგის კონსულტაციები. ბოლოს მაინც დედობრივმა ინსტინქტმა უშველა. დასვენების დღეებში და-ძმა ერთად მიდიოდნენ მამასთან. ერთხელაც მოხდა ისე, რომ ბიჭი ავად გახდა და მხოლოდ გოგონა უნდა წასულიყო მამასთან. სწორედ მაშინ გაიღვიძა დედობრივმა ინსტინქტმა, მიხვდა, რომ მისი მდგომარეობა არ იყო ნორმალური, მისი ყოფილი ქმარი კი დამნაშავე იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონოდა ურთიერთობა ბავშვებთან. გადაწყვიტა, მიემართა პოლიციისთვის.
ბორდმენმა ვიდეოჩანაწერების ასლი მიუტანა სამართალდამცავებს და ძალადობის მუხლით აღიძრა საქმე. დევიდი გაასამართლეს და რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. თუმცა, სასამართლო დარბაზში კიდევ ერთი შოკისმომგვრელი რამ ელოდა მენდის. მოსამართლემ ვაისი დამნაშავედ სცნო, მაგრამ შინაპატიმრობა მიუსაჯა.
მენდი არ ელოდა ასეთ გადაწყვეტილებას. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ქმრის მიერ ცოლზე ძალადობა „ჩვეულებრივი“ სექსუალური ძალადობა იყო და მიაკუთვნა ნაკლებად მძიმე დანაშაულს. ყველანაირი იმედი მშვიდი ცხოვრებისა დამთავრდა. მოსამართლის მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ, მენდიმ გადაწყვიტა მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინა თავისი ამბავი. “ჯერ ისევ მეშინია დეპრესიის, ხშირად მახსენდება ვიდეოჩანაწერები. მიუხედავად ამისა, ყოველდღე ვცდილობ რაიმე მოვიმოქმედო იმისთვის, რომ ადამიანებმა შეცვალონ თავიანთი შეხედულება ცოლ-ქმრული ძალადობის მიმართ“, – ამბობს მენდი.
ბორდმენი მოუწოდებს ქალებს, მოითხოვონ მოძალადეების დასჯა. მართალია, მის შემთხვევაში სამართალმა იზეიმა და ექს-მეუღლე დააპატიმრეს, რადგან მან დაარღვია მისჯილი „შინაპატიმრობის“ წესები. მან პატიმრობაში რამდენიმე თვე გაატარა… და მალევე ისევ დააპატიმრეს სექსუალური ხასიათის მუხლით! – თურმე დევიდი, რომელიც სუპერმარკეტში მუშაობდა, ჩუმად იღებდა ადამიანებს საპირფარეშოში!
ახლა უკვე დიდი ხნით ჩასვეს ციხეში და მენდიმაც ბოლომდე გაიტანა თავისი სიმართლე.

წყარო:https://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი