“ქალმა დედამთილთან არ უნდა იცხოვროს” – მანანა “ჩემი ცოლის დაქალებიდან

327
SHARE

ეს ქოთქოთა დედამთილი რამდენიმე წელია სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” რძალ-დედამთილი თემაზე სალაპარაკოს არ ულევს მაყურებელს. მედეა ლორთქიფანიძემ ხალხის დიდი სიყვარული გამოჩენისთანავე მოიპოვა. როგორია “მანანა დეიდას” რეალური ცხოვრება, როგორი რძალი იყო თავად და როგორ გრძნობს თავს სიდედრის ამპლუაში?
– ბოლო დროს შეუძლოდ გავხდი, გული ძალიან მაწუხებდა და ამ სერიებში აღარ ვაჩანვარ… რატომღაც რძლებს ჰგონიათ, რომ ფილმში ცუდი დედამთილი ვარ! კაცო, ვასმევ, ვაჭმევ, ოჯახს თავზე ვარ გადაყოლილი და კიდევ ცუდი დედამთილი რატომ ვარ, ამიხსენით?! უნიჭიერესი ქალია ქეთი დევდარიანი. მას თითქმის საერთოდ ვერ ვხედავთ, მოგვაყრის ხოლმე გამზადებულ სცენარს და თვითონ არ ჩანს… რომ ვეკითხებით, მომვალ სერიაში რა გვექნებაო, არ ვიცი ჯერო, გვეუბნება…
– რეალურ ცხოვრებაში ჰგვხართ თქვენს გმირს?
– რეალურად კიდევ უფრო რბილი ხასიათის ვარ! ჩემი სიძისთვის ცხოვრებაში ხმამაღალი არ მითქვამს. ქალი დავბერდი და ჩემს ცხოვრებაში არავისთან მიჩხუბია. ჩემი შვილის ამხანაგები ჩემი მეგობრები არიან. გაბრაზებასაც კი ვერ ვახერხებ და ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ ხომ კარგად ვარ-მეთქი. შეიძლება, რაღაც მწყინს კიდეც, მაგრამ მერე არც მახსოვს, რა მოხდა და როგორ იყო… ჩემთან დილით რომ შემოხვიდეთ, ყავას ვსვამთ მთელი სამეზობლო და ვლაპარაკობთ.
– ოჯახი როგორ შექმენით, სად გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?
ჩემი მეგობარი ავად გახდა და მას საავადმყოფოში წავყევი. იქ პროფესორი რომ შემოვიდა, ისე ამხედ-დამხედა, მივხვდი, რომ მოვეწონე. ტუჩები გააწკლაპუნა და ეტყობოდა, ინტერესით რომ მიყურებდა… ოჯახი მალევე შევქმენით, მერე გავხდი გიჟი დედა და გადარეული ბებია…
ჩემი შვილიც მე დამემსგავსა. ყოველდღე უნდა მოვიდეს და მინახულოს. პატარა ბავშვივით მექცევა. ახლაც იმისთვის იყო მოსული, რომ მსხალი მოეტანა.
ღამ-ღამობით მსხალს ვჭამ, რომ არ გადავიტვირთო და ეს რომ გაიგო, სულ მოაქვს.
– დღეს როგორ იხსენებთ ემოციას, როცა დედა გახდით?
– დიდად არაფერი ემოცია მქონია, ტყუილს ვერ გეტყვით! მაგ დროს ისეა ქალი ტკივილებისგან დატანჯული, თავ-ბედს იწყევლის… სიხარულს მერე გრძნობ, სამშობიაროდან რომ წამოხვალ. მანამდე იწყევლები, ვინც გათხოვება და ბავშვის გაჩენა ინატროს, ჩემი ქმარი რომ ახლოს მყავდეს, მოვახჩობდიო და ეგეთები… მერე გადაგივლის ბრაზი, საერთოდ გავიწყდება ტკივილები და ისევ თავიდან იწყებ ყველაფერს… უდიდესი სიხარული და სიყვარული მოდის შვილის და ჩვეულებრივი გიჟი ხდები. ასევეა შვილიშვილიც. ჩემი პირველი შვილიშვილი რომ დაიბადა, 40 დღე ხელიდან არ გამიშვია.
ჩემთან ეზოში ვისხედით ბახტრიონზე, სადაც არაჩვეულებრივი ჰაერია. გადასარევი ეზო გვაქვს! ორი შვილიშვილი მყავს, რვა წლის არის ბიჭი და ხუთი წლის გოგო. ახლაც რომ ვწვები, ხან ერთ შვილიშვილს ვიხუტებ გულში და ხან მეორეს. სულ მინდა ჩემს გვერდით იყვნენ და ეს უკვე არანორმალური სიყვარულია! შვილი ერთი მყავს, სიბერეში ძლივს გავსაღდი და მეტი აღარ გამიჩნდა, თორემ კი გავაჩენდი…
– ფილმში იმდენად ბუნებრივად თამაშობთ, დათო ზოგჯერ მართლა თქვენი შვილი გვგონია…
– თქვენ კი არა, მე მგონია დათო მართლა ჩემი შვილი… 80 წლის რომ გავხდი, დავურეკე, დათო შვილო მოდი დედაშენის დაბადების დღეზე აუცილებლად-მეთქი. ღამის სამ საათამდე გადაღება ჰქონდა, მოსვლა ვერ მოახერხდა და მთელი კვირაა, აღარ ვურეკავ, გაბრაზებული ვარ… 80 წელი ცოტა არ არის, მაგრამ გული ახალგაზრდული მაქვს! ერთადერთი მწყინს, რომ რესტორნებში ვეღარ დავდივარ. მინდა ქალაქგარეთ ტურისტებთან ერთად წავიდე, დავათვალიერო კახეთი, სვანეთი… ცეკვა რომ აღარ შემიძლია, მაგით ვხვდები რომ დავბერდი!
– რას ურჩევდით ქალბატონებს, პროფესიაშიც წარმატებული რომ იყვნენ და ოჯახური იდილიაც ჰქონდეთ?
– აუცილებლად კარგი ქმარი უნდა ამოარჩიონ! ორივე უნდა მსახურობდნენ! დედამთილთან რძალი არ უნდა ცხოვრობდეს და ამ მხრივ ვეთანხმები ჩემს რძალს – ნინას, მაგრამ ის არ უნდა ეთქვა, კიდევ კარგი დედამთილთან არ ვცხოვრობო… კი ბატონო, დედამთილი ეგოისტია და ფიქრობს, რომ მისი შვილი უკეთესია და უკეთეს რძალს იმსახურებდა.
მეც ცალკე ვცხოვრობ ახლა და მიმაჩნია, რომ აუცილებლად ასეც უნდა იყოს. ჩემი სიძის მერიდება. ბოლოსდაბოლოს, ზოგჯერ გინდა სახლში პერანგით გაიარო, სიძესთან კი უნდა ჩაიცვა და ყოველთვის მოწესრიგებული იყო!
ჩემთვის ვარ თავისუფლად და თავს ასე კარგად ვგრძნობ! არაფერი არ მაკლია, არც სიძისგან და არც ქალიშვილისგან! პენსიაც მაქვს, ხელფასიც და სულ ვცდილობ, შვილიშვილები გავანებივრო. ახლა ყულაბაც კი გავახსნევინე ორივეს… მეც არ მიცხოვრია დედამთილთან, მაგრამ თითქმის ყოველდღე მასთან ვიყავი სადილზე. ჩემი დედამთილი და მისი და ერთად ცხოვრობდნენ, ორი მოხუცებული ქალბატონი იყო და მე და ჩემი მეუღლე ყოველდღე დავდიოდით, რომ გაგვეხალისებინა… დასასვენებლად დაგვყავდა და უამრავი ფოტოც გვაქვს გადაღებული. დედამთილი ბოლოს ძალიან მოტყდა, დაპატარავდა და პატარა ბავშვივით ავიყვანდი ხელში და ისე ვაბანავებდი. სიკეთის თესვაზე დიდი ბედნიერება არაფერია!
ძალიან კარგად ვცხოვრობდი, ფეშენ ბინა მქონდა, საუკეთესო აგარაკი კოტორაანთკარში და ჩემმა მეგობარმა ყველაფერი დამაკარგინა. იგი ჩემთან გაიზარდა, ჩემთან სვამდა, ჭამდა და ბანკიდან ფული მოტყუებით გამომატანინა… მისი წყალობით დავკარგე ბინა, აგარაკი, მანქანა და ყველაფერი… მერე გაქრა და სად ჯანდაბაშია, არაფერი ვიცით…
– ახლა სად ცხოვრობთ?
– ახლა იგივე კორპუსში მეთხუთმეტე სართულზე ვარ ჩიტივით ამოფრენილი. რუსთაველის თეატრის წინ გადავდიოდი ბესიკის ქუჩაზე, მაგრამ მეგობრებმა არაფრით გამიშვეს. ფული დამიმატეს და ბინა შემაძენინეს… ასეა, სიკეთე უკან ბრუნდება! იმ მეგობარმა ხომ ასეთი საშინელება ჩაიდინა, მაგრამ დღესვე რომ მოვიდეს და პატიება მთხოვოს, ვაპატიებ! ვერარით ვუჩივლებ და ციხეში ჩავსვამ! დამიჯერეთ, არაფრით შემიძლია ცუდი რომ გავუკეთო ადამიანს!

წყარო  

FB კომენტარები

კომენტარი