ქალი კირჩხიბი & მამაკაცი ქალწული

197
SHARE

ქალწულისა და კირჩხიბის რომანი შეიძლება იყოს ფეიერვერკების კასკადი, ერთობ ემოციური და ღრმა. თუმცა, ნუ გეგონებათ, რომ ამის პარალელურად ეს იქნება უპრობლემო და ადვილი ურთიერთობა. რატომ? იმიტომ რომ, ქალწულიც და კიჩხიბიც, ორივე საკმაოდ რთული ნიშნებია.
მამაკაცი ქალწული თავისი არსით, თავით ფეხებამდე რეალისტი ადამიანია. ის საგნებსა და მოვლენებს ხედავს ისე, როგორც არის – შეულამაზებლად და ვერ იტანს ვერანირ ირაციონალურ დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ. მაშინ როცა კირჩხიბი ქალი, ჭეშმარიტი მთვარეული წინააღმდეგი არ არის პერიოდულად თავს ემოციურობის უფლებაც მისცეს და წაიოცნებოს ხოლმე. ამასთან ერთად, ნუ დაგავიწყდებათ, კირჩხიბის ბუტია ხასიათის ამბავი. ქალწულის თვალი კი ყველა წვრილმანს ამჩნევს და ობიექტური რეალობის აღნიშნვისას ერთობ ხისტიც კია. მაჩვენეთ კირჩხიბი, რომელიც კრიტიკას ცრემლების გარეშე იტანს და მომიძებნეთ ქალწული, რომელიც თავს შეიკავებს კრიტიკისგან, როცა სიტუაცია მართლაც რომ “თვალს ჭრის”.

მიხვდით ალბათ, ამ ორის ურთიერთობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ემოციური შეუთავსებლობა იქნება. ქალწული ბუნებით გაწონასწორებული და პერფექციონისტი ადამიანია. კირჩხიბისთვის ყველაზე მარტივი დანაშაულის შეგრძნების გაჩენა მუდმივი კრიტიკის მეშვეობით. არადა, ამ დროს ქალწულის კრიტიკა შეუსაბამო და წრეგადასული არასოდეს არის, უბრალოდ კირჩხიბს ახასიათებს ყველაფრის მიტანა გულთან. თანაც ხომ არსებობს განსხვავება როგორი ტონით გაგაკრიტიკებს საყვარელი ადამიანი? ქალწული კი მუდმივად დაბნეული მხრების აჩეჩვით შეხვდება მის სუპერემოციურობას. მით უმეტეს, თუ ამ დროს მთვარის სავსე ან კლებადი დაემთხვა მუხანათურად მათ კონფლიქტს. მთვარის ფაზები პირდაპირპროპორციულად მოქმედებს კირჩხიბი ქალის განწყობაზე. მოკლედ, როგორ შეიძლება გულსა და გონებას შორის ჰარმონია დამყარდეს? დიახ, დიახ, ქალწული ხომ ყველაზე ანალიტიკური და გონიერი ნიშანია, კირჩხიბი კი ცარიელი გული და ემოციები. თუმცა, ხომ არსებობს ნებისმიერ ურთიერთობაში კომპრომისის ვარიანტი.

ამ შემთხვევაში კი კირჩხიბსა და ქალწულს შორის განსხვავებასთან ერთად ბევრი საერთოც მოიძებნება. პირველი და უმთვარესი ეს არის ფული – დიახ, ორივეს ძალიან უყვარს მატერიალური სიმყარე და, როგორც წესი, არც ერთი არ გამოირჩევა განსაკუთრებული მფლანგველობით. ქალწული მამაკაცისთვის კი დიახაც, აღფრთოვანების საგანია ყაირათიანი და ეკონომიური ქალი, რომელიც მის მიერ გამომუშავებულ ფულს შოფინგსა და უსარგებლო ხარახურაში არ გაფლანგავს. შესაბამისად, ამ წყვილს რეალურად აქვს საშუალება ერთობლივი, ფინანსურად სტაბილური მომავლის ასაშენებლად. კიდევ ერთი მაკავშირებელი რგოლი მათ შორის არის ის, რომ კირჩხიბიც და ქალწულიც ორივე “შინაყუდაა”, არც ერთი მათგანი არ იწვის სურვილით დიდი ხნით დატოვოს სახლი. შესაბამისად, მყუდროებისა და პრივატულობის სიყვარული კიდევ ერთი მაკავშირებელი ფაქტორი იქნება მათი ურთიერთობის განვითარებაში. ქალწულის ნიშანი ასტროლოგიურად ზრუნვასთან, ქმედით დახმარებასთან ასოცირდება.

ქალწულზე უკეთ არავინ აფასებს ზოგადად სხვაზე ზრუნვის მომენტს. კირჩხიბი კი ამ მხრივ ყველაზე მზრუნველი ნიშანია. თანაც მას აქვს ის, რაც ასე აკლია ქალწულს – ემოციური ზრუნვის მომენტი. ქალწულის ზრუნვა ხომ მხოლოდ მატერიალური ან საქმიანი კუთხით გამოიხატება. დიახ, ერთი შეხედვით კირჩხიბისა და ქალწულის წყვილს არ ჰქვია იდეალური. იმიტომ რომ, მათ შორის დიდი განსხვავებაა ფსიქო-ემოციური კუთხით, მაგრამ კომპრომისის ხარჯზე იმ შემთხვევაში, თუ კირჩხიბი ისწავლის მშვიდად მოუსმინოს პარტნიორის ობიექტურ კრიტიკას და ქალწული მოინდომებს ხანდახან მაინც მისცეს კირჩხიბს საშუალება იქვითინოს მის მხარზე, ყველაფერი შესაძლებელია. მათ შორის ბედნიერი ოჯახური ცხოვრებაც კი.

წყარო:https://astrologi.ambebi.ge

Comments

comments