ქალები მისტირიან თავიანთ სტატუსს – ბლოგი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ…

206
SHARE

თავიდან ასე იწყება:

ვერ ვამბობთ ქალები იმას, რაც გვაწუხებს. 
ვერ ვამბობთ ქალები იმას, რაც გვტკივა.
ვერ ვამბობთ ქალები იმას, რასაც ჩვენი ღამეები გაუტეხია.
არათუ მას, არათუ სხვას, საკუთარ თავსაც კი ვერ ვეუბნებით, რომ რაღაც ხდება ჩვენს თავს, რომ რაღაც ყრუდ გვტკივა.

ჩვენი გოროზი ბუნება, ან ჩვენი შიშები, ან ჩვენი უსუსურობა არ გვაძლევს უფლებას, საკუთარ თავთან მაინც ვაღიაროთ, რომ იქ მარცხინვ, გულთან ახლოს რაღაც ძალიან გვტკივა.

რა ჰქვია ამ ტკივილს ეს ყველა ქალმა იცის.
ამ ტკივილს
“ჩემი კაცი” ჰქვია.

გვტკივა ჩვენი კაცის უყურადღებობა,
გვტკივა ჩვენი კაცის სიცივე,
გვკივა ჩვენი კაცის ნიჰილიზმი,
გვტკივა ჩვენი კაცის “საქმეზე მივდივარ”,
გვტკივა ჩვენი კაცის უსუსურობა..

აი, ის უსუსურობა, ჩვენისთანა უსუსურებისთვისაც კი გულისამრევი რომ არის.

მერე ის მიდის, მიდის ისევე უსუსურად, როგორც მოვიდა, თავის დროზე, დარცხვენით…მორიდებით…ბედის ცდით…

ახლა კი, მიდის და თან მიაქვს ყველა განცდა, ყველა შენი ამაგი მასზე, ყველა ერთად გატარებული წუთი მასთან..

მიაქვს ისე, როგორც ნაგავი მიჰქონდა ერთ დროს სახლიდან, სანაგვეში გადასაგდებად, თავისი სახლის სისუფთავისთვის.

ახლაც ჰგონია ალბათ, რომ ის ზედმეტი ნივთი ხარ, რომელიც უნდა მოიცილოს, მოიშოროს..მას სუნთქვისთვის აღარ სჭირდები.

მიდის შენი კაცი ასე და არაფერს გიტოვებს, გარდა მოგონებებად ქცეული ღიმილისა, სიყვარულისა, პირველი ნაბიჯებისა – როცა მასთან შენი ცხოვრება დაიწყო.

მიდის შენი კაცი შენგან უმოწყალოდ და გტოვებს იმ სიცარიელესთან, რომლის ამოვსებაც წლების განმავლობაში მან ვერ შეძლო.

და შენ მარტო დარჩენილი ცარიელ სახლში, ცარიელ ოთახში, ცარიელ საწოლში, ფიქრობ, რომ ეს სიცარიელე ისე შეგჭამს, ისე გადაგსანსლავს, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ. ამოსუნთქვასაც ვერ მოასწრებ.

გაქვავდები ლოტის ცოლივით ისე, რომ საკუთარ თავთან იმის აღიარებასაც ვერ მოასწრებ – აშავებდი, როცა დუმდი, როცა ტკივილს ინახავდი.

და მაინც, ქალები მისტირიან თავის სტატუსს.

რა ჰქვია იმ სიცარიელეს, რაც მათ ცხოვრებაში საყვარელ კაცთან განშორებას ჰქვია?  – ამ სიცარიელეს უსტატუსობა ჰქვია.

უჭირთ ქალებს ცოლის სტატუსის გარეშე ცხოვრება. ცოლყოფილები თავს ისე გრძნობენ, თითქოს მთელი სამყაროს წინაშე გაატიტვლეს და ასე ტიტველად დააყენეს და დგანან ასე შიშვლად და რცხვენიათ დაცინვის, ქილიკის, თითის გაშვერის მათკენ, მითქმა-მოთქმის.. რცხვენიათ, მაგრამ ადგილიდან ძვრა არ აქვთ.

ადგილიდან არ იძვრის ქალი, რომელიც გუშინ ქმარს გაშორდა.

არ იძვრის, რადგან არ იცის, სად წავიდეს, სად შეიმოსოს, ან ვის შეაფაროს თავი.
ადრე ხომ თავის კაცთან იყო, ადრე ხომ თავისი კაცი მოსავდა, ადრე ხომ თავის კაცს აფარებდა თავს.
მერე რა რომ მთელი ეს ხანი თავის კაცზე ძლიერი იყო.
ის მაინც თავის კაცზე სუსტად თვლიდა თავს.

სუსტად თვლიდა, რადგან ასე ასწავლეს, ასე გაზარდეს, “ქალურ სისუსტეს” მიაჩვიეს… მისგან არაფერი დატოვეს, გარდა მომავალი ცოლისა, დედისა, ბებიისა.

დიდი საშლელით წაუშალეს ყველა ის პიროვნული თვისება, რასაც ღმერთი კაცსაც და ქალსაც თანდაყოლილად ამდლის. ყველა ის უფლება, რასაც ბუნება ჩუქნის, რაც მისია და რაც მას ეკუთვნის.

და მერე .. 

ქალები თავიანთ სტატუსს მისტირიან და არა თავიანთ კაცებს. ქალებს თავიანთი სტატუსი უყვართ და არა თავიანთი კაცები. ქალებს თავიანთი სტატუსი ავსებთ და არა თავიანთი კაცები. ქალებს თავიანთ სტატუსთან უნდათ ცხოვრება და არა თავიანთ კაცებთან.

ქალები არ უნდა მისტიროდნენ არც თავიანთ სტატუსს და არც თავიანთ კაცს.

ქალებმა უნდა მოანგრიონ ის ჩარჩო, რაშიც დაბადებიდან ჩასვეს. რაშიც დაბადებიდან ამოაყოფინეს თავი, რაშიც ის გამოზარდეს. 

ქალები უნდა გათავისუფლდნენ თავს მოხვეული სტერეოტიპებისგან,
ქალებს უნდა შეეძლოთ საკუთარი ცოლის კი არა, პიროვნების დანახვა.
ქალებმა უნდა შეძლონ, მათში ცოლყოფილი კი არა, პიროვნება დაინახონ.

დაინახონ ქალი, რომელიც ტიროდა, რომელსაც უხაროდა, რომელიც იღიმოდა, რომელსაც ეშინოდა, რომელსაც სციოდა, რომელიც ცხოვრობდა ისე, როგორც მას ესმოდა ეს ცხოვრება..

უნდა დაინახონ მასში ქალი, რომელიც თავის ცხოვრებას თავად ქმნიდა.

მაგრამ ჩვენ ქალებს გვავიწყდება, რომ სანამ ჩვენ არ დავინახავთ საკუთარ პიროვნებას, რომელსაც ცხოვრების თავისი ისტორია აქვს, მანამდე ამას ვერავინ შეძლებს.

ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს.
ჩვენს დასანახს სხვა ვერ დაინახავს და ვერც ჩვენს განცდილს გაიგებს სხვა.

ქალები ხომ ჩვენ ჩვენი ცხოვრების ისტორიით გამორჩეულები ვართ.

გვახსოვდეს, რომ ჩვენმა ტკივილებმა შექმნა ჩვენი ცხოვრება. ჩვენმა სიხარულმა შექმნა ჩვენი ცხოვრება.

გვახსოვდეს, რომ ჩვენი იღბლიანობა, ჩვენი უიღბლობა, ჩვენი იმედი, ჩვენი უიმედობა, ჩვენი მოლოდინი, ჩვენი იმედგაცრუება, ჩვენი ცრემლი თუ ჩვენი ნაოჭი, ასე რომ გვიკლავს გულს – ჩვენი ცხოვრების ისტორიაა.

და ჩვენ თითოეული ჩვენი დღით ვწერთ ჩვენს ისტორიას. ისტორია კი მხოლოდ ძლიერებს, უშიშრებსა და ღისეულებს იმახსოვრებს.

ჩვენი ღირსება კი – საკუთარი თავისთვის, საკუთარი ცხოვრებისთვის თვალის გასწორება, შეცდომის აღიარება, გაღიმება და ახალი დღეების დაწყებაა, ახალი ისტორიის წერაა.

და მაინც,
ქალები მისტირიან თავის სტატუსს,
მაგრამ ქალები დიდხანს არ ტირიან.

წყარო: თაკიკას ბლოგი

 

FB კომენტარები

კომენტარი