“უცნობი ვირუსი ისევ აგრძელებს სიურპრიზებს ბავშვებში” – ქართველი პედიატრი

172
SHARE
Portrait of newborn baby and hand inside incubator

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. ის დეტალურად აღწერს კოვიდ-19-ის შემდგომ განვითარებულ ახალ სიმპტომებს, რომლებიც, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში ბავშვებში გავრცელდა.

“კოვიდ-კავაზაკით დაპანიკებულები მწერენ “ინბოქსში”. მშობლების ინფორმირებისთვის შემოვიხედე დროებით…

როგორც მოსალოდნელი იყო, უცნობი ვირუსი ისევ აგრძელებს სურპრიზებს, აქამდე პედიატრები მშვიდად რომ ვიყავით – ვიცოდით, ბავშვებში ასიმპტომურად ან მსუბუქი სიმპტომებით მიდის ინფექცია, ხუთი კვირის უკან გამოჩნდა ეს ფენომენი- კოვიდ-19-ის მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმის გადატანის მერე, ბავშვების ნაწილს განუვითარდა ანთებითი რეაქცია ინფექციურ აგენტზე კავაზაკის მსგავსი სინდრომით (და არა კავაზაკის დაავადება) და თანმდევი სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, რომლის მკურნალობა შეიძლება დროული ჰოსპიტალიზაციით, ლეტალური გამოსავალი ძალიან იშვიათია. ნუ დაისტრესებით, ყურადღებით იყავით, რომ არ გამოგეპაროთ შემდეგი სიმპტომები:

:გახანგრძლივებული ცხელება;

კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, მუცლის ტკივილი (ზოგჯერ აპენდიკულური სინდრომის მსგავსი), ღებინება, დიარეა;
კანის სიმპტომატიკა, გამონაყარი შეიძლება, იყოს კავაზაკისთვის სპეციფიკური და არასპეციფიკურიც;
ფარინგიტი, “ჟოლოსებრი” ენა;
კონუნქტივიტი;
კისრის ადენოპათია;
თავის ტკივილი;
სხვა რესპირაციული სიმპტომებიც ერთვება ზოგჯერ.

ძირითადი გართულებაა გულის მხრივ- მიოკარდიტი, პერიკარდიტი, კორონალური სისხლძარღვების დაზიანება, რის გამოსარიცხადაც დამახასიათებელი სიმპტომებისა და სისხლში ანთებითი სინდრომის არსებობისას კეთდება გულის ექოსკოპია.

რაც მთავარია, მკურნალობას ექვემდებარება, თქვენგან საჭიროა სიფრთხილე, სიმპტომები რომ არ გამოგეპაროთ და დროული ჰოსპიტალიზაცია.

პ.ს. არ მიყვარს წამოძახება – “ხომ გეუბნებოდით”, ყოველთვის ცუდად და ნიშნისმოგებასავით ჟღერს და ამ კონტექსტში ეს სიმდაბლე და სისასტიკეა, მაგრამ როცა ამდენ ადამიანს ისევ არ სჯერა ვირუსის არსებობის, ეპიდემიის საფრთხე და არაექიმების ზღაპრებს უფრო იზიარებს, ექიმები კი მტრებად შეგვრაცხა, უნდა ითქვას – ხომ გეუბნებოდით, უცნობ ვირუსთან გარისკვა დაუშვებელია, სიფრთხილე არასდროსაა ზედმეტი!

პ.პ.ს. საფრანგეთი ისევ შეცდა, შეზღუდვების მოხსნა ბავშვებით რომ დაიწყო, რასაც ასევე ვამბობდი!”, – წერს ქეთი ლობჟანიძე “ფეისბუქში”.

FB კომენტარები

კომენტარი