უფლისციხეში სასიკვდილოდ დაშავებულმა ტურისტმა რამდენიმე ადამიანს სიცოცხლე აჩუქა

381
SHARE

უფლისციხეში, ერთი თვის წინ, ცხენიდან ჩამოვარდნილი ტურისტი, ორიტ გური, ისრაელში გარდაიცვალა.

44 წლის ქალის ერთი თირკმელი მამამისს გადაუნერგეს. ის სამი წლის განმავლობაში ელოდებოდა დონორს. ისრაელის მედიის ცნობით, მამის გარდა მან კიდევ რამდენიმე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე – მისი გული, მეორე თირკმელი და ღვიძლი სხვა პაციენტებს გადაუნერგეს.

“ჩვენ ჯერ კიდევ წლების წინ შევპირდით ერთმანეთს, რომ თუ რომელიმე ჩვენგანს რამე შეემთხვეოდა, ის აუცილებლად ორგანოების დონორი გახდებოდა. მე ის გავაკეთე, რაც მას სურდა – სხვა ადამიანებს ვაჩუქეთ სიცოცხლე”, – ამბობს ორიტის მეუღლე.

ინციდენტი, რომლის შედეგადაც 44 წლის ისრაელელი პედაგოგი დაიღუპა, 2017 წლის 7 ოქტომბერს, სოფელ ქვახვრელთან მოხდა.

ორიტ გური და მისი მეუღლე, ტურისტული მარშრუტით უფლისციხეში იმყოფებოდნენ. როგორც მუზეუმის თანამშრომელი, გიგუცა თათრიშვილი გვიყვება, მათ ადგილობრივ მცხოვრებს ცხენი სთხოვეს.

,,ამ ბავშვს, პატრონს აუხსნეს, რომ ორიტს ისრაელში ცხენები ჰყავდა და ჯირითიც შეეძლო. მართლაც, კარგად მართავდა თურმე ცხენს, მაგრამ სოფლისკენ, ხიდის ბოლოს შეემთხვევა ეს ამბავი” – ამბობს მუზეუმის თანამშრომელი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ადგილობრივები იხსენებენ, რომ ერთ-ერთ მოსახვევში ცხენი დაფრთხა და ტურისტი ბეტონის ბორდიურებს შორის ჩააგდო. ორიტ გურმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაშავებული გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ სასწრაფოდ ჩაუტარდა თავის ქალის ღრუს ოპერაცია, “მდგომარეობა იყო მძიმე, თუმცა სტაბილური”. ორიტი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ისრაელში გადააფრინეს, თუმცა მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.

,,მე ავასრულე ჩემი შვილის სურვილი. ხალხი მამშვიდებს, რომ ის ახლა მუდმივად ჩემთან იცხოვრებს” – უთხრა ორიტ გურის მამამ ჟურნალისტებს. შვილის გარდაცვალებამდე მას 4 დონორი ჰყავდა, თუმცა თირკმელი ყველა შემთხვევაში შეუთავსებელი აღმოჩნდა.

წყარო: www.qartli.ge

FB კომენტარები

კომენტარი