„უფლებები ვარდების ნაცვლად” – „დედის დღის“ ფასადური მხარე საქართველოში

46
SHARE

3 მარტი, „დედის დღე“ – დილიდან სოციალურ ქსელსა თუ რეალურ სივრცეში დედების მიმართ გამოხატულ უამრავ თბილ სიტყვას წააწყდებით. ქუჩაში შეხვდებით ქალებს იებით, სუფრასთან კი დედის მნიშვნელობასა და ქალის სიწმინდეზე მამაკაცების განსაკუთრებულად წარმოთქმულ სადღეგრძელოებს მოისმენთ. საქართველოს სახალხო დამცველი კი გვეუბნება, რომ ქვეყანაში ქალები ძალადობის მსხვერპლნი არიან.

„დედის დღესთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს ძალადობრივი გარემოდან თავის დაღწევა შვილებთან ერთად უწევთ, ისინი მარტონი იბრძვიან თავიანთი და შვილების უსაფრთხოების დასაცავად და უამრავი პრობლემის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ საბოლოოდ უსაფრთხო გარემოში აღზარდონ შვილებიო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ანა არგანაშვილი კი საქართველოში „დედის დღეს“ ქალების მიმართ გამოხატულ სითბოს ფარისევლობას უწოდებს. მისი აზრით, ქვეყანაში რეალურად დედებს არ აფასებენ, რადგან მათი უფლბები დაცული არ არის.

როგორც ანა არგანაშვილმა „კვირას“ განუცხადა, „დედის დღის“ აღნიშვნა გენდერული თანასწორობის საფუძველზე უნდა მოხდეს.

„სინამდვილეში დღეს რა ხდება: ჩვენი შრომის კოდექსი ჯერ ისევ არ იცნობს დასაქმებული ქალების უფლებებს, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის დრო, რაც ბავშვთან რეალურ ყოფნას სჭირდება,

ქალების ანაზღაურება ჯერ კიდევ ბევრად (დაახლოებით 40%-50%) ნაკლებია, ვიდრე კაცების. ქალებს არ აწინაურებენ და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე არ ნიშნავენ, ქალები დაუცველები არიან სექსუალური შევიწროებისაგან სამსახურში და სხვა. კაცებისთვის დეკრეტული შვებულების აღება ჯერ ისევ არ არის ნორმა და, მოუხედავად იმისა, რომ კანონით ეს გათვალისწინებულია, პრაქტიკაში დანერგილი არ არის, რადგან ითვლება, რომ ისინი არ არიან ვალდებულნი, ბავშვებს მოუარონ“, – ამბობს არგანაშვილი.

მისი თქმით, დედებს უნდა მისცენ საშუალება, იყვნენ რეალიზებულები, დასაქმებულები და განათლებული ქალები, რადგან მათ მიერ შვილების გაჩენა სახელმწიფოსთვის არსებობის წინაპირობაა.

იგი მიიჩნევს, რომ რეალიზებულ ქალს სახელმწიფომ უნდა მისცეს საშუალება, თავისი რეალიზებულება შეათავსოს რეპროდუქციული უფლების განხორციელებასთან.

„მას შემდეგ, რაც დაორსულდები, ან დედა ხდები, ყველა სხვა ფუნქციას კარგავ. ყველას ავიწყდება, რომ ჩვენც ვიყავით ბავშვები და ჩვენც ვოცნებობდით, შეგვძლებოდა დიდი საქმეების გაკეთება. ჩვენც გვინდა საკუთარი განათლების, ცოდნის, სურვილების რეალიზაცია მოვახდინოთ. მაგრამ არა, ეს საზოგადოება გეუბნება, რახან ორსულად ხარ, ან დედა გახდი, ყველა სხვა სურვილი გვერდზე უნდა გადადოო. საზოგადოება გვეუბნება, რომ ჩვენთვის მხოლოდ შვილების წარმატება უნდა იყოს სიხარული. ჩვენ წარმატებაზე ფიქრს კი ეგოისტობად გვითვლიან“, – ამბობს არგანაშვილი.

„დედის დღე“ მსოფლიოში ერთ-ერთი თარიღია, როდესაც ქალის, როგორც დედის რთულ, საპასუხისმგებლო როლსა და მისთვის ხელშეწყობის საკითხებზე საუბრობენ, იხსენებენ დემოკრატიულ პოროცესებში მათ განუზომელ წვლილს და მათი დამხმარებით სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. სხვადასხვა ქვეყნები ამ დღეს აღნიშნავენ ლოზუნგით – “უფლებები ვარდების ნაცვლად”, რითაც მიანიშნებენ, რომ ეს დღე არ უნდა იყოს ზედაპირულად აღნიშნული და ქალებისადმი ერთდღიანი, სიმბოლოებით პატივისცემის გამომხატველი.

11050984_1045937242100958_61417909_n

ნიცა ბუხნიკაშვილი

Comments

comments