“სპერმის” და “მჯდომარედ დაკრძალვის” შემდეგ ბუმბული და ნისკარტი – წყალტუბოს საკრებულოს დადგენილება ქილიკის საგანი გახდა

747
SHARE

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა–პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის თაობაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტტეის მიერ მიღებული დადგენილება, სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმის საგნად იქცა.

როგორც ირკვევა, ქილიკის საგანი დადგენილებაში მოცემული ცალკეული პუნქტები გახდა, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რა ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად.
დადგენილების თანახმად, შინაური ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად, ჩაითვლება ზოოფილური აქტის ჩადენა. ამასთან, როგორც ირკვევა, ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად, ითვლება ცხოველთა ცემა გაწვრთნის მიზნით, ან ისეთი გაწვრთნის მეთოდის გამოყენება, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ასევე, ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევს ცხოველის მენტალურ ტანჯვას.
ამავე დადგენილების თანახმად, ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება ისეთი ვეტერინალური პროცედურები, რომელთა მიზანია ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, ბიბილოს, ნისკარტის, კუდის მოჭრა, ხმის სიმების, კლანჭების, ფრთების, ჩლიქებისა და ეშვების დამახინჯება ან მოცილება. ბუმბულის მოგლეჯა, სმენის დაქვეითება და სხვა)…
ამგვარი სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, მეპატრონეს პოლიცია დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ცხოველს და სპეციალურ თავშესაფარს გადასცემს.
„კვირასთან“ საუბარში წყალტუბოს საკრებულოს წევრი რომან ნიჟარაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი, ცხოველთა დაცვის ფედერაციის ინიციატივით მომზადდა და საკრებულოში, მერიიდან, დადგენილების პროექტის სახით შევიდა.
„დადგენილების პროექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიიდან, კერძოდ კი სოციალური და ჯანდაცვის სამსახურიდან შემოვიდა საკრებულოში, ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ცხოველთა დაცვის ფედერაციის ინიციატივით მომზადდა. ჩვეულებრივი პროცედურები იყო, მერიიდან შემოვიდა პროექტი და და საკრებულომ დაამტკიცა“, – აღნიშნა რომან ნიჟარაძემ.
საკრებულოს წევრი არ გამორიცხავს, რომ უკვე მიღებულ დადგენილებაში მოგვიანებით გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუმცა ის ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს თუ რა ცვლილებებზეა საუბარი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს სხდომაზე, ღორის სპერმის დარჩენილი 500-ლარიანი დავალიანების საკითხი განიხილეს. საკითხი საზოგადოების მხრიდან ქილიკის საგნად იქცა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ მთავრობას, მიმწოდებელი კომპანიისთვის, ღორების ხელოვნური განაყოფიერებისათვის შეძენილი სპერმის ვალი ჰქონდა.
ამასთან, სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო პოსტი მოჰყვა მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესის თაობაზე, ზუგდიდის საკრებულოს მიერ გასულ თვეში მიღებულ დადგენილებას.

FB კომენტარები

კომენტარი