სიცხის დამწევი მცენარეული საშუალებები

283
SHARE

ბევრ მცენარეს სიცხის დამწევ და ოფლმდენ ეფექტთან ერთად სამკურნალო მოქმედებაც აქვს. მაღალი სიცხის დროს აიღეთ სამი სადილის კოვზი შავი მოცხარის კვირტისა და ფოთლის ნარევი (შეფარდებით 1:2), დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ და მიირთვით თბილი, დღეში 3-ჯერ 100-150 გრამი, როგორც ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება.

შეურიეთ ერთმანეთს 40 გ ჟოლოს ნაყოფი, 40 გ ვირისტერფას ფოთოლი და 20 გ თავშავას ბალახი. 2 სადილის კოვზი ეს ნარევი ხუთი წუთის განმავლობაში ადუღეთ ორ ჭიქა წყალში. გადაწურეთ და მიიღეთ ცხელ-ცხელი, დღის განმავლობაში რამდენჯერმე (ამ ნახარშს სიცხის დამწევთან ერთად იმუნომასტიმულირებელი ეფექტიც აქვს, ამიტომ რეკომენდებულია გაციებისა და გრიპის დროს).

აურიეთ ერთმანეთში თითო კოვზი ბაღის პიტნის ფოთოლი, ცაცხვისა და დიდგულას ყვავილი. მაქსიმალურად დააქუცმაცეთ. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ეს ნარევი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ორ საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1/2 ჭიქა, როგორც ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება.

ტირიფის ქერქი

ტირიფის ქერქის ნახარშს აქვს სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი და სისხლის აღმდგენი მოქმედება. ჩამოთვლილი ეფექტები განპირობებულია ნახარშში სამკურნალო ნაერთების (ფენოლოგლიკოზიდების, ფლავონოიდების, სათრიმლავი ნივთიერებებისა და სხვა) უხვი გამოყოფით. გარდა ამისა, ტირიფის ქერქი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ავლენენ ანტიმიკრობულ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. ამის გამო ტირიფის ქერქის ნახარში და ნაყენი რეკომენდებულია ქრონიკული ტონზილიტის (ნუშურების ანთების), ბრონქიტისა და რევმატიზმის დროს.

შტოში

შტოში უძველესი დროიდან ცნობილი სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ამასთანავე, მას ახასიათებს ანტიმიკრობული, შარდმდენი, მატონიზებელი და გამაჯანსაღებელი მოქმედება. განსაკუთრებით სასარგებლოა ქრონიკული ტონზილიტითა და რევმატიზმით დაავადებულთათვის. შტოშის წვენი როგორც სიცხის დამწევი საშუალება რეკომენდებულია ანგინის (მოხრჩობის, სულხუთვის შეტევით მიმდინარე ნუშურების არასპეციფიკური ანთება) დროს. ის აგრეთვე გამოადგებათ პაციენტებს, რომელთაც კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობა აღენიშნებათ. სამაგიეროდ უკუნაჩვენებია ჰიპერაციდული გასტრიტის (მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს პაციენტებს შტოშის ფაფასაც კი აძლევენ გამაგრილებელი და მატონიზებელი ეფექტის გამო.
ცაცხვი

ცაცხვის ყვავილის ნაყენი და ნახარში გამოირჩევა შარდმდენი და ოფლმდენი ეფექტით, ათხიერებს ნახველს, ხსნის კუნთების სპაზმს, ავლენს სიცხის დამწევ და ბაქტერიოციდულ მოქმედებას. იყენებენ გაციების, ხველის, გრიპის, საშარდე გზების დაავადებათა დროს.

ლიმონი

ლიმონი სამკურნალო პრაქტიკაში ავიტამინოზებისა და ცხელებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. წყალში განზავებული მისი წვენი რეკომენდებულია სავლებად ანგინის დროს. დაშაქრული რბილობი და ქერქი უნდა მიირთვათ ქრონიკული ტონზილიტის, ანგინის, პაროდონტოზისა და რევმატიზმის დროს. ლიმონი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია აქვს.

ჟოლო

ჟოლოს ნაყოფი გამოირჩევა ოფლმდენი, სიცხის დამწევი და ანტისეპტიკური მოქმედებით, რაც სალიცილის მჟავას უხვი შემცველობით არის განპირობებული. გამომშრალი ნაყოფისა და ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი ძალზე სასარგებლოა გაციების, ბრონქიტის, ანგინის, გრიპის დროს, სხვა მცენარეებთან კომბინაციაში კი ათეროსკლეროზისა და ანემიის სამკურნალოდაც. ვინაიდან ჟოლო მდიდარია პურინებით, ის უკუნაჩვენებია პოდაგრითა და ნეფრიტით დაავადებულთათვის. ჟოლო აქვეითებს კუჭის წვენის მჟავიანობას.

 

წყარო: www.mkurnali.ge

FB კომენტარები

კომენტარი