სიცოცხლესთან მოთამაშე პოეტი მირზა გელოვანი

968
SHARE

პირველი ლექსი ოთხი წლის ასაკში დაწერა, თუმცა ლიტერატურულ წრეებში მას 16 წლიდან იცნობენ. მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. მისი პოეზია უმეტესად ომის ხმაურში იქმნებოდა. ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები ლექსებით იყო სავსე. სამწუხაროდ, სულ რაღაც 27 წელს იცხოვრა.

გედეონ გელოვანსა და ევა მაჩურიშვილს რვა შვილი ჰყავდათ. 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში დაიბადა რეზო. თავის პირველ, ბავშვურ ლექსებს ”მზის კაცს” აწერდა, შემდეგ თავის ფსევდონიმად სახელი მირზა აირჩია. ადრეულ ასაკში სიფიცხით გამოირჩეოდა. დაუდგრომელი ბუნების იყო, თავგადასავლებს ეძებდა და არაერთხელ გახვეულა ხიფათშიც. ცხრა წლისას თოფი უყიდეს, სროლა ისწავლა და 13 წლის ასაკში უკვე გამოცდილ მონადირეებთან ერთად მიუვალ მთებში დადიოდა დათვებსა და მგლებზე სანადიროდ.

მას შემდეგ, რაც თბილისში ჩამოვიდა, წყნეთის ქუჩაზე პატარა, ნაქირავებ ბინაში დასახლდა.
მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა ”ჩვენს თაობასა” და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები, იმავე წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს.

გაზაფხულის მახარობელი ყვავილი ია მას შემდეგ იქცა მირზა გელოვანის სიმბოლოდ, როცა თბილისიდან მეგობრის გაგზავნილ ამანათში ამ ყვავილის კონაც იდო. მას შემდეგ ჯიბით დაატარებდა და დამჭკნარი იების კონა საფლავშიც წაიღო. ”მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს, (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან). კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მო-კრეფილნი”.

მირზა ფრონტიდან გზავნის ლექსებით სავსე რვეულს და მის პატრონობას დას ავალებს. ოჯახის წევრებისა და მეგობრებისადმი მოწერილი წერილების შინაარსის მიხედვით იგრძნობა მისი ახალგაზრდული ენერგია: ”მჯერა, მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან მე დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად. მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი, არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს,
რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე”.

მართალია, წერილების დიდ ნაწილში ჩანს, რომ ახალგაზრდა პოეტი რთულ სიტუაციას არ ეპუება, თუმცა, დროდადრო არსებულ რეალობას თვალს უსწორებს. ეს მირზას ერთ-ერთი წერილში განსაკუთრებით კარგად იგრძნობა: ”ჰოდა, აი, ”გამამწესეს”, ანუ ნომერი დამაკრეს, თუ ვინიცობაა, ნომრით გამომიცნონ, თქვენ იცით, რა არის ჯარისკაცისთვის ნომერი. იგი მედალიონს წააგავს და მედალიონივით ან გულზე უნდა დაიკიდო, ან ტანსაცმელზე დაჰკერდეს. ის პატარა კოლოფია, სადაც მებრძოლი თავის უკანასკნელ ბარათს ჩადებს. ჩემს ნომერში არაფერი იქნება, მე იგი სიკვდილის ანგელოზივით მძულს და პირველი კონტროლის შემდეგ უთუოდ გადავაგდებ”.

მირზა გელოვანის უკანასკნელი ლექსი 1944 წლით თარიღდება. პოეტის ბოლო წერილიც სამშობლოში ამ დროს ჩამოვიდა. უფროსი ლეიტენანტი მირზა გელოვანი იმავე წელს დაიღუპა, მდინარე დვინის გადალახვისას, ბელორუსიაში.

პოეტის ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი ვიტებსკის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოსთან ახლოს დაუსაფლავებიათ. ეს ამბავი მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელორუსიიდან მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს ეს ცნობა. ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა, რადგან შვილის გარდაცვალების ცნობა ახლობლებს მისთვის არ უჩვენებიათ.

2015 წლის მაისში მირზა გელოვანის ნეშტის მშობლიურ მიწას მიბარება იგეგმება. მირზა გელოვანის გარდაცვალებიდან ათი წლის თავზე მისი პირველი პოეტური კრებული გამოიცა, მოგვიანებით რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა. თბილისში არის მირზა გელოვანის ქუჩა. ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. თელეთში კი მისი ძეგლია აღმართული.

მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი თიანეთში 1983 წელს გაიხსნა. მრავალი წელია, ორსართულიანი ლიტერატურული მემორიალური სახლ-მუზეუმის დირექტორი ციცინო გაბიდაური გახლავთ. აქვეა განთავსებული პოეტის აკვანი, ფანდური, ფრანგული პიანინო და სხვა პირადი ნივთები. ექსპონატთა რაოდენობა 1600-ზე მეტია. მუზეუმში დაცულია მირზას ლექსების დედნები, პოეტისა და მისი ოჯახის ფოტოები. მირზას 4 წლის ასაკში დაწერილ პირველ ლექსში მისი ერთ-ერთი დაა მოხსენიებული: ”ქათამი რომ კრუხად ჯდება, გამოჩეკავს წიწილებს, როენას რომ გავაბრაზებ, ნეტა ვისთან მიჩივლებს”. როგორც ჩანს, დაზე გაბრაზებულს ამ ასაკში უკვე სცოდნია ასოების გამოყვანა ფურცელზე.

წლების განმავლობაში მირზა გელოვანის პირად ცხოვრებაზე ბევრი ჭორ-მართალი დაიწერა. ალბათ, ძნელია, დღეს გაარკვიო, რა იყო მათში სინამდვილე და რა – არა. ვარაუდობდნენ, რომ მირზა გელოვანმა სასიყვარულო შინაარსის ლექსი ”ო, მაპატიეთ” ნინო ლედიანს მიუძღვნა, თუმცა, როგორც ქალბატონმა ციცინო გაბიდაურმა ”რეიტინგთან” საუბარში აღნიშნა, ეს ლექსი ერთ თიანელ ქალბატონს ეძღვნებოდა და არა ლედიანს.

ნინო ლედიანი მირზას შოვში გაუცნია და ფრონტამდე რამდენიმე თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს. მრავალი წლის შემდეგ, უკვე ხანში შესულმა ნინომ მირზას თავისი პირველი სიყვარული უწოდა; ცისფერთვალა პოეტის გაცნობისა და ურთერთობის დეტალები გაიხსენა, მაგრამ ის იყო თუ არა ამ ლექსის შექმნის დროს პოეტის მუზა, რთული დასამტკიცებელია.

რაც შეეხება იმ ქალბატონს, რომელსაც პირობითად ”თიანელ პედაგოგს” ვუწოდებთ, მისი ოჯახის წევრებს მირზა ონავრობის, სითამამის და დაუდგრომელი ხასიათის გამო დაუწუნიათ და ქალის მითხოვებაზე უარი უთქვამთ. გრძნობა ორმხრივი იყო, ამიტომ, როცა მირზა ფრონტზე წავიდა, ქალმა დალოდება გადაწყვიტა მაგრამ ძმების დაჟინებული მოთხოვნით, იძულებული გამხდარა სხვაგვარად მოქცეულიყო – გათხოვდა და ოჯახი შექმნა.

მოგვიანებით კიდევ ერთი ქალის სიყვარული ”გამჟღავნდა”. თუმცა თავად თინა მაქსიმელაშვილს ამ თემაზე საჯაროდ არასოდეს ულაპარაკია. მირზა გელოვანი ქალს სიყვარულში არ გამოსტყდომია, თუმცა, ომში ყოფნისას, როცა მისი დაოჯახების შესახებ გაუგია, ქალს ლექსი გაუგზავნა – ”მე ეს გრიგალი ვერ წამაქცევდა”. ამ ქალბატონის ოჯახის დაახლოებული პირები იმასაც ამბობენ, რომ სწორედ თინას ეძღვნებოდა 1943 წელს შექმნილი ლექსი ”ნუ მწერ”.

პოეტის წერილების გადახედვისას კიდევ ერთი ნიუანსის აღმოჩენა შეიძლება, თინა სწორედ ის ქალბატონია, ვის გაგზავნილ იებსაც პოეტი გულის ჯიბით დაატარებდა ომის მძიმე წლებში. თუმცა, ამდენი წლის შემდეგ, ძნელია, დღეს რამე ამტკიცო. მირზა გელოვანი წერილებში თავის პირად გრძნობებზე მხოლოდ ლექსებით საუბრობდა. ამ სტროფების მიღმა კი მკითხველი ხან ვის ხედავს და ხან ვის. ეს გასაკვირი არ არის, ცნობილი პოეტის მიერ შექმნილ სასიყვარულო შინაარსის ლექსებში ხალხი ყოველთვის ”ეძებს” ადრესატს!..

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი