სირიის პრეზიდენტის მეუღლეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

74
SHARE

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მეუღლე დამასკის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 42 წლის ასმი ალ ასადი ონკოლოგიური პაციენტია. ამის შესახებ „ტვიტერში“ სირიის პრეზიდენტის კანცელარია იუწყება და ცოლ-ქმრის ფოტოსურათს აქვეყნებს. საქმე ეხება სარძევე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეს, რომლის დიაგნოსტირება საწყის ეტაპზე მოხდა, ამიტომ მედიკოსები იმედოვნებენ, რომ მკურნალობას დადებითი შედეგი ექნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საავადმყოფოში გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა. ბაშარ ასადი პირველ ლედის ქიმიოთერაპიის კურსზე თან ახლავს.

ასმი ალ ასადი ლონდონში, ექიმის და გადამდგარი დიპლომატის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ახლაც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ. მან ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯის დიპლომი მიიღო და მსოფლიოს ცნობილ ბანკებში მუშაობდა. კარიერა მან 2000 წელს მიატოვა, როდესაც სირიის მომავალმა პრეზიდენტმა მას ხელი სთხოვა და დამასკოში ცხოვრება შესთავაზა. ასადებს სამი შვილი ჰყავთ.

Comments

comments