სიმსივნით დაავადებული ბავშვები აზიარა ბერმა, რომელმაც სპეციალურად მათთვის 14 -დღიანი თვითიზოლაცია დაიცვა

187
SHARE

სიმსივნით დაავადებული ბავშვები აზიარა ბერმა, რომელიც სპეციალურად მათთვის 14 -დღიან თვითიზოლაციას იცავდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ დამფუძნებელმა, დედა თინათინ ჩხვიმიანმა განაცხადა.
როგორც თინათინ ჩხვიმიანი ამბობს, ბერი ბავშვებთან მისასვლელად სპეციალურად მოემზადა, ისინი აზიარა და ზეთი აცხო.
„მღვდელ-მონაზონი ნაზარ ბასილაია არის ფონდის აქტიური წევრი, შემწე. ის მარტყოფის მამათა მონასტერში მსახურობდა, ბერი ანდრიაც მარტყოფის მამათა მონასტრის წევრი იყო. როცა ასეთი მძიმე დაავადებასთან აქვთ საქმე, რწმენას ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პატრიარქთან დავდიოდით, წირვებსაც ვესწრებოდით. მამა ნაზარი შემდეგ სამებაში გადავიდა, იქ მოღვაწეობს. ბავშვებს იცნობდა.
უკვე 1 თვეზე მეტია, ბავშვები ჩაკეტილები არიან. არ გავდივართ არსად, კარანტინი გვაქვს. ეს ბავშვები ყველაზე დაუცველები და მოწყვლადები არიან. ტელევიზიით ვუყურებთ წირვას, ვიცავთ ყველა რეკომენდაციას. მე ვთხოვე მამა ნაზარს, რაღაცნაირად მოსულიყო ჩვენამდე. მან მითხრა, რომ მონასტერში იყო და 14 დღის მანძილზე არ გავიდოდა გარეთ, იქნებოდა კელიაში და პირდაპირ მოვიდოდა ჩვენთან, ჩაატარებდა შვიდგზის ზეთისცხებას და აზიარებდა ბავშვებს. ასეც გააკეთა. 14-დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ მოვიდა ჩვენთან. ის მაინც იყო დაცული, ხელთათმანები და პირბადე ეკეთა“, – განაცხადა თინათინ ჩხვიმიანმა.
“ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და მათ ოჯახებს ეხმარება. ფონდის მიმდინარე ანგარიშებია: GE73TB7171536080100002;
GE38BG000000085531140
GE88LB0115143636765001

თამუნა შეყილაძე

FB კომენტარები

კომენტარი