სივრცე… Just a woman …

114
SHARE

დაკარგული ნოტები

მზემ და მუსიკამ გამაღვიძა. დღეს პირველად შემაწუხა ზაფხულმა.

– და ერთი და, და ორი დაა… – ისმოდა შეწყვეტილი ვარიაცისაა და ლალი დეიდას ხმა.

– и раз, и два, и три, – ქართულს რუსულს ანცვლებდა და ამ დროს მისი ხმა უფრო მკაცრდებოდა.

-კარგი რა ლალი დეიდა, გავიფიქრე გაბრაზებულმა. ბალიში თავზე დავიფარე. დილაა, შაბათია, რა დროს შოპენი ან ბეთჰოვენია? ბალიშმა არ მიშველა. ავდექი, ეზოში გავიხედე: ტელევიზორის, კამათისა და პიანინოს ხმა ერთმანეთში ირეოდა. ერთმანეთში ირეოდა შემწვარი კვერცხის, ყავისა და თბილი პურის არომატიც.

გამახსენდა დრო, როცა მე ვაღვიძებდი სხვას. მაშინ ლალი დეიდას შვილი აქ ცხოვრობდა. მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. სხვანაირი იყო ცხოვრებაც.

ლალი დეიდაც კი სხვანაირი იყო. მას უბრალოდ ლალიკოს ეძახდნენ, არც სათვალე ეკეთა და გაკვეთილების დროსაც სულ სხვა ხმა გამოდიოდა. მისი ხმა მაშინ მუსიკას ყვებოდა და ყოველი ბგერა გვათრობდა.

ის თვითონაც შოპენის მელოდიასავით სუფთა და მეგობარივით გულღია იყო. მახსოვს, როგორ გვინდოდა ერთხელ სასეირნოდ წავეყვანეთ . ოთახში შევიპარეთ და ნოტები ავიღეთ. მერე სხვენზე ავედით, სამალავში ჩავიკეტეთ და ძველ, რკინის ჭურჭელთან ერთად დავდეთ. მშობლები ძალიან გაგვიბრაზდნენ, სასეირნოდ მაინც წაგვიყვანეს.

დღეს კი ეს მელოდია მაშინებს იმიტომ, რომ მაბრუნებს იქ, სადაც ყოფნა მინდა, მაგრამ აღარ შემიძლია. დღეს ჩემი მეგობარი აქ აღარ არის. ის აფხაზეთში წავიდა და ჯერ კიდევ არ ჩამოსულა.

ლალიკომ მას წასვლა, მერე კი არ დაბრუნება არ აპატია.

ის დღემდე ელოდება.

შვილის ომში დაუკითხავდ წასვლის შემდეგ ლალიკო ლალი დეიდა გახდა. ტკივილით ყოფნამ ასეთი ცხოვრება ასწავლა, ასეთი გახადა. ის სულ ელოდება იმიტომ, რომ არ იცის, სად არის და იმის დაჯერება არ უნდა, რომ აღარ არის.

ამიტომაც აღარ ელაპარაკება არავის, რამე რომ არ უთხრან,

რომ არ შეიცოდონ,

რომ არ მიუსამძიმრონ,

უიმედობა რომ არ ასწავლონ,

ამიტომაც გამოდის მისი სახლიდან მოცარტის, შუბერტისა და შოპენის ხმა.

ამიტომაც გრძელდება მუსიკის გაკვეთილები.

ამიტომაც აღარ ვეუბნები, სად დავმალეთ ნოტები.

იმიტომ, რომ ჩვენ: მე და ლალი დეიდა, ლალი დეიდა და მე – მის დაბრუნებას ისევ ველოდებით.

საღამოობით, როცა ორივე დაღლილები ვართ, ერთი ჩვეულებრივი დღის დასრულების შემდეგ ვხედავ როგორ იხსნის სათვალეს, გამომშრალი თითებით ნოტებს კეცავს და სურათების თვალიერებას იწყებს.

***

-ეს სახლი კიდევ თაობებს გაუძლებს, – გავიფიქრე გულდაწყვეტილმა და ფანჯარა დავხურე. ჯობდა ისევ სიცხემ დამახრჩოს, ვიდრე მოგონებებმა.

– и раз, и два, и три, – შორიდან მაინც ჩამესმოდა ჩემი ბავშვობის ხმა…

#იტალიურიეზოსამბები #ჩემისახლი #ძველიუბანი #ახალიტფილისი #მონატრება

თეიკო ანჯაფარიძე

FB კომენტარები

კომენტარი