სახსრების ამოწურვის გამო ნიკუშა ნატროშვილს კლინიკამ გადასხმები მოუხსნა

183
SHARE

“ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც სჭირდება, თუ შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება.” იგავნი სოლომონისა თავი 3 – 27. ” რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ” ლუკას სახარება 6-38.

21 თებერვალს 8 თვე გახდა, რაც კიკეთში დაჭრილი 24 წლის ნიკუშა ნატროშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვის.მიუხედავად ახლობლების, მეგობრების და უამრავი გულშემატკივრის მცდელობისა, ნიკუშას გადაყვანა კლივლენდის კლინიკაში საკმარისი თანხის უქონლობის გამო ვერ ხერხდება, ხოლო ის თანხა , რაც კეთილი ადამიანების ძალისხმევით შეგროვდა, აქაურ სამედიცინო დაწესებულებაში იხარჯება.

ნიკუშას სიცოცხლისთვის მისი დედა, რუსუდან ბოჭორიშვილიც თავგანწირვით იბრძვის:

-ურთულესი მდგომარეობაა, თორმეტგოჯა ნაწლავის ფისტულა არ ხორცდება. ჩაუტარდა 23 ქირურგიული ოპერაცია, 5 ენდოსკოპური, უამრავი სხვადასხვა პროცედურა, ვერ გადმოგცემთ, რისი გადატანა უწევს ჩემს შვილს. მივმართეთ უზღვავი რაოდენობის კლინიკებს მთელ მსოფლიოში, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა ოპერაციის ჩატარებაზე. ამერიკიდან , თვითონ შეგვეხმიანა კლივლენდის კლინიკა და 2,5 თვეა, მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. 2 დღის წინ კი უკვე საბოლოოდ დაგვთანხმდნენ ოპერაციაზე. ინვოისი გამოგვიგზავნეს, ოპერაცია 250 000 დოლარი ჯდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსია საჭირო და თუ ეს არ გაამართლებს, ნაწლავის ტრანსპლანტაცია, რაც უკვე კატასტროფულად ზრდის თანხას. თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ თანხმობა მივიღეთ ოპერაციაზე . ახლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მე დედა ვარ, მიწა რომ გავხეთქო, ხელგაწვდილი რომ დავდგე ქუჩაში, ეს ფული უნდა ვიშოვო და ნიკუშა გადავარჩინო!

-ამჟამად როგორ არის, კონტაქტურია, ამბობს რამეს?

-კონტაქტურია, ჩურჩულით ლაპარაკობს კიდეც, მაგრამ ძალიან განიცდის, არაფერი აღარ მინდა, ნუ მაწვალებთო გვეხვეწება, მაგრამ რაც კლივლენდიდან პასუხი მივიღეთ, უნდა ნახოთ, როგორი იმედის სხივი ჩაუდგა თვალებში.

-შვილი დაგყავთ სანახავად?

-არა, ბავშვი არცერთხელ არ მიგვიყვანია, ნიკუშა ტირის, მენატრებაო იძახის, მაგრამ არ უნდა, რომ ბავშვმა ასეთ მდგომარეობაში ნახოს. მართლაც არაფრით არ შეიძლება. ბავშვს ასეთ ტრავმას ვერ მივაყენებთ.

.

10959543_1090504217642941_2112384567338399043_n

-ერთი პერიოდი, აქტიურად გროვდებოდა თანხები, შეგროვდა რამე , თუნდაც ნაწილი საოპერაციო თანხის?

უამრავი ხალხი დაეხმარა ნიკუშას, თანხაც შეგროვდა, მაგრამ რადგან საკმარისი არ იყო და ისევ აქ ვიყავით, რეანიმაციაში, ამ თანხის უდიდესი ნაწილი აქვე დაიხარჯა. უზარმაზარი თანხები ჯდება აქ ყოფნა . 80 000 ლარი უკვე შევიტანეთ და 200 000 სულ ჯდება . ამხელა ხარჯის გარდა, ჩვენ შეგვქონდა წამლები და ჰიგიენური საშუალებები. ვალები მეტად რომ აღარ გაგვეზარდოს , რამდენიმე დღეა, კლინიკამ გადასხმები მოუხსნა, რადგან აღარ არის სახსრები და პალატაში წევს. ვართ ასე. ნიკუშას მამა უსახლკაროდ დარჩა, ყველაფერი გაყიდა და ახლა დასთან ცხოვრობს.
თანხის შეგროვებას რაც შეეხება, მობილურზე დარეკვას აზრი არ აქვს, შეგროვილი ფულის ნახევარზე მეტი მათთან რჩება, ჯეოსელმა 200 ლარი მოგვცა სულ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატს რაც შეეხება, იქ ლარი ჩაირიცხება, თუ თეთრები, უკლებლივ ჯდება ანგარიშზე.

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი ლარი ჩაგვირიცხა, ვინც ილოცა ნიკუშასთვის, ვინც სანთელი დაუნთო… პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან ვასაძეს, რომელმაც დაჭრილი ნიკუშა მანქანაში ჩაისვა და უსწრაფესად ჩამოიყვანა საავადმყოფოში. წამები წყვეტდა მაშინ ყველაფერს, ცოტა რომ დაგვიანებულიყო, გადარჩენის შანსი არ ჰქონდა და ამ ადამიანმა ფაქტიურად შვილის სიცოცხლე მაჩუქა.მადლობას ვუხდი ექიმებს, რეანიმატოლოგებს, ექთნებს, ვინც თავგამოდებით იბრძოლა ნიკუშას სიცოცხლისთვის. დიდი მადლობა “იმედის” მთელ კოლექტივს, განსაკუთრებით ინგა გრიგოლიას, ნანიკო ხაზარაძეს, სოფო ნიკოლაიშვილს, შალვა რამიშვილს. აუცილებლად ლევან ჩხაიძეს და ვანო მეკოკიშვილს, მათი ინიციატივა იყო “იმედის კვირის” რეპორტაჟი , რამაც უამრავი ხალხი დარაზმა. ნანუკა ჟორჟოლიანს, ბაია გაბადაძეს, ჯანდაცვის სამინისტროს უდიდესი მადლობა , 10 000 ლარით დაგვეხმარნენ, კიდევ დამიბარეს და ყველანაირად ცდილობენ გვერდში დაგვიდგნენ. თბილისის მერიას და განსაკუთრბით და დიდი პატივისცემით დათო ნარმანიას, რომელიც ადრეც დამეხმარა და კიდევ მპირდებიან. მადლობა ნიკუშას მეგობრებს, ახლობლებს. გიორგი ჯანჯალიამ ამერიკულ საქველმოქმედო საიტზე გახსნა ანგარიში, სადაც სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ ბარათიდან შეიძლება ჩარიცხვა და რომელმაც 28 000 დოლარი მოაგროვა ამერიკელების და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან. ხალხი ფულს რიცხავდა და თან მესიჯებს ტოვებდა, ნიკუშას გამოჯანმრთელების სურვილებს. საიტი ახლაც აქტიურია, მაგრამ ჩარიცხვებმა იკლო . თან ამ ლარის დევალვაციამაც საკმაოდ დაგვაზარალა, ეს ფული ლარებში გადავიყვანე , რადგან აქ გვეხარჯებოდა .

-რამდენადაც ვიცი, მალე საქველმოქმედო კონცერტიც გაიმართება ნიკუშას დასახმარებლად.

-12 მარტს, სპორტის სასახლეში “ახალგაზრდა მთავრობის” და საქველმოქმედო ფონდი “ცხოვრება მშვენიერია”-ს ინიციატივით გაიმართება კონცერტი, სადაც ყველა ქართველი წამყვანი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. ბილეთის ფასი 10 ლარი იქნება და ფული მთლიანად ჩაირიცხება ნიკუშას ანგარიშზე, მადლობა მინდა გადავუხადო გიო ხუციშვილს, ხათუნა ჟორდანიას და ყველას, ვინც მიიღებს მონაწილეობას. აგრეთვე მინდა თქვენი სააგენტოს მეშვეობით ვთხოვო ჩვენს ხალხს, ჩვენს ახალგაზრდებს, მივიდნენ კონცერტზე, დაესწრონ და დაგვეხმარონ ნიკუშას გადარჩენაში.

ჩემი, როგორც დედის ვალია, სიცოცხლე გავწირო და შეუძლებელი შევძლო, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, თურმე რამდენი ხალხი, სრულიად უცნობები ლოცულობენ ნიკუშასთვის. ეკლესიიდან მომდის ამბები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ლოცულობს მის გადასარჩენად და ყველას მადლობას ვუხდი.

ნიკუშა ნატროშვილის დახმარების მსურველებისთვის :

საბანკო ანგარიშები.

GE65PC0483600400001007 GEL ProCredit Bank მიმღები რუსუდან ბოჭორიშვილი

საქველმოქმედო საიტი, სადაც შეგიძლიათ, თნხის ჩარიცხვა ბარათიდან: http://www.gofundme.com/iwcd0g

” წყალს გაატანე შენი პური, გავა ხანი და უკან დაგიბრუნდება”..ეკლესიასტე თავი 11- 1

წყარო: http://www.postalioni.com

FB კომენტარები

კომენტარი