საშიშია თუ არა “ქარში მოცეკვავე არმატურები”, როცა თბილისში ქარი ბატონობს

172
SHARE

სოციალურ ქსელში, ცოტა ხნის წინ, ფოტოები გავრცელდა, სადაც საბურთალოზე მშენებარე კორპუსია გამოსახული.
თითქოს, არაფერია უჩვეულო მშენებარე კორპუსისთვის ფოტოების გადაღებაში, თუმცა სურათებზე კარგად ჩანს, გადაღუნული არმატურა, რაც, ერთი შეხედვით, გაფორიაქებს – ნუთუ, ასეთი არამყარი მასალით შენდება ახალი კორპუსები? მიწისძვრა რომ იყოს, თავზე დაგვემხობა ქალაქი? – მსგავსი აზრები წამში ათასჯერ გარბის გონებაში და, თუ უფრო ჩაყვები ფიქრებს, გაცილებით საზარელ სურათსაც წარმოიდგენ. თუმცა, მერე გახსენდება, რომ არმატურა მაღალი ხარისხის ფოლადისგან მზადდება, ფოლადი კი, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, დრეკადია. ამ დროს, ცოტა არ იყოს და, მშვიდდები. შემდეგ კომენტარებს გადაავლებ თვალს, ზოგი შენს არცთუ სასიამოვნო ნაფიქრს, კიდევ უფრო მეტ ფანტაზიას მატებს და ხვდები, რომ არც ისე დიდი წარმოდგენის უნარი გქონია და, ცოტა არ იყოს, გწყინს. მაგრამ იმის იმედი, რომ სიცოცხლისთვის საშიში არაფერია, ამ წყენას აქარწყლებს.
მოსალოდნელი საფრთხით გამოწვეული ფორიაქის საბოლოო ლიკვიდაციისთვის ნაცად ხერხს მიმართავ და შენზე მეტად კომპეტენტურ ადამიანს უკავშირდები – რა თქმა უნდა, იმის იმედით, რომ შენს აზრს ფოლადის დრეკადობის შესახებ, დაგიდასტურებს.
სწორედ ასე მოვიქეცით. არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარეს, დავით აბულაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, აღნიშნული ნორმალური მოვლენაა, განსაკუთრებით კი – ძლიერი ქარის დროს.
“კარკასი ძლიერი ქარების შედეგად, შეიძლება, გადაიღუნოს. ამას გაასწორებენ და არაფერი საშიში არ არის. არმატურა მუშაობს ბეტონთან ერთად, მაშინ არის კონსტრუქცია, მაშინ მუშაობს მონოლითი, რომელსაც ძლიერი ქარი ვერანაირ დეფორმაციას ვერ მისცემს”, – განმარტა “კვირა+”-თან აბულაძემ და დაამატა, რომ მსგავსი მოვლენა არც ადამიანებისთვის და არც მშენებლობისთვის რაიმე საშიშროებას არ წარმოადგენს.
ეჭვი გამყარებულია. საფრთხე ჩავლილი. ახლა, ისღა დაგვრჩენია, სოცქსელს მივუბრუნდეთ, სადაც სახუმარო კომენტარებს არ იშურებენ. უკვე ვიცით, რომ შარტავას ქუჩაზე მშენებლობა ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებსა და, თუნდაც, სრულიად უცნობ ადამიანებს არანაირ ზიანს  მოუტანს და არც ქალაქის ურბანიზაციის პროცესს შეუშლის ხელს. ამიტომ, დროა, ცოტა გავხალისდეთ და რამდენიმე კომენტარს გადავავლოთ თვალი:

“ქარში მოცეკვავე არმატურები”;

“ირხეოდნენ არმატურები, ვითარცა ლერწამნი ქარში”;

“არაუშავს, საპირისპირო მიმართულების ქარს ველით შარტავას მცხოვრებნი, დაუბერავს და გაასწორებს”;

“არაფერი ისეთი.
უბრალოდ, ცოტა CO2 აკლია დნობის დროს და ცოტა ღუნვადი და წელვადია და ცოტა არამყარია,
სხვა მხრივ, მშვენიერი შესახედია!)”;

“არმატურაა, თუ სიმინდის ყანა კაცო?”;

“ეტყობა, წელვადია და საიმედოა უფრო…გადაქანდება და გადმოქანდება! :))))”;

“ეს კორპუსები ერთჯერადია”;

“-რომელი კომპანია აშენებს?
– სს “ფურთხმშენი”, – წერენ “ფეისბუქის” მომხმარებლები პოსტის კომენტარებში.

FB კომენტარები

კომენტარი