სასწრაფოს ექიმების კიდევ ორი გადარჩენილი სიცოცხლე – რა მოხდა თბილისის ზღვაზე

174
SHARE

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სხვა გამოძახებიდან მომავალმა სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს.
ინფორმაციას თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ავრცელებს.
“კვლავ ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი – ჩვენი ექიმების მორიგი წარმატება.
1716 ბრიგადა (უფროსი ექიმი ანა გოგლიძე, უმცროსი ექიმი ირაკლი გაგუა, მძღოლი ლაშა ცაბუტაშვილი) მორიგი გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემსწრე აღმოჩნდა. გზის სავალ ნაწილზე ორი დაზარალებული იწვა. უგონო მგდომარეობაში მყოფი 25 წლის ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დახმარებას ითხოვდა.
როგორც გაირკვა, ადგილზე უკვე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც დაზარალებულებს უახლოვდებოდა. ვინაიდან საკმაოდ შემაშფოთებელი იყო ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც არ სუნთქავდა, პულსი არ ესინჯებოდა და მონიტორზე გულის გაჩერება დაუფიქსირდა, 1716 ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც პაციენტს აღუდგა სინუსური რიტმი და სპონტანური სუნთქვა. დადებითი დინამიკით, იგი მეორე ბირგადამ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

ავტოავარიის შედეგად დაზარალებულ მამაკაცსაც ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს გადაუდებელი დახმარება, რის შემდეგ ისიც გადაყვანილ იქნა კლინიკაში.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ორივე პაციენტს სრულად გამოჯანმრთელებას უსურვებს”! – აღნიშნულია ინფორმაციაში.

FB კომენტარები

კომენტარი