სასოწარკვეთილი დედების 9 შეკითხვა, რომლებზეც პასუხებს პირველად მიიღებთ

109
SHARE

გაბრაზებული და ბავშვის ცელქობით გულგაწყალებული დედები ერთსა და იმავე შეკითხვას დღეში რამდენჯერმე სვამენ. ჩვენ კი ვპასუხობთ მათ და ვცდილობთ, ავხსნათ ის გარემოებები, რაც ასე ხშირად აბრაზებთ დედებს. ქვემოთ მოცემული განმარტებები დაგეხმარებათ, უფრო მშვიდად შეხედოთ ბავშვურ “გატაცებებს”.

1. რატომ უყვართ ჭუჭყსა და წუმპეში თამაში?

წყალი ბავშვისთვის ყველაზე ბუნებრივი გარემოა – პატარა ხომ მთელი 9 თვე სწორედ წყალში ცხოვრობდა. ბავშვის თითები უფროსისაზე ბევრად მგრძნობიარეა, ამიტომ მტვერი, ქვიშა და მიწა საოცარ შეგრძნებებს ანიჭებს. ფხვიერ და თხევად ნივთიერებებთან ურთიერთობა კარგად ავითარებს ხელების მცირე მოტორიკას, თვალის ზომას და ბავშვის მხატვრული შემოქმედების უნარს.
სამწუხაროდ, ქალაქში ხშირად არ არის ხელმისაწვდომი ასეთი ბუნებრივი მატერიები, რითაც ბავშვი უსაფრთხოდ ითამაშებს. ამიტომ აივანზე ცალკე მოუწყვეთ მას ე.წ. “ქვიშის, მიწისა და წყლის კუთხე”, დაე ითხუპნაოს და იწუწაოს. შეეგუეთ იმ აზრს, რომ ამ ადგილის დალაგება ხშირად მოგიწევთ, სამაგიეროდ ბავშვიც გააფრთხილეთ, რომ იქ თამაშისთვის საგანგებო ტანსაცმელი ექნება და შექმნილ “შედევრებს” სახლში არ განათავსებს.

2. რატომ ყრიან საჭმელს პირიდან?
ბავშვები ვერ გრძნობენ, რა განსხვავებაა, საჭმელი პირში “იმოძრავებს” თუ მის გარეთ. ხშირად უცხო საკვებთან პირველი კონტაქტისას ენის მიმართულება ერევათ. გარდა ამისა, პატარა ცდილობს, რომ ღეჭვის პროცესში ენის ყველა რეცეპტორი, ლოყები და ღრძილები ჩართოს, ამიტომ საჭმელს პირში განუწყვეტლივ ატრიალებს. ამ აქტივობას ბუნებრივად ახლავს ფურთხება, თუმცა უფრო მარტივი ახსნაც მოიძებნება – ბავშვს, უბრალოდ, ჭამა არ უნდა. რაკი არ შია, საჭმელს სათამაშოდ იყენებს. ამ დროს ჯობ,ს სათამაშო მიწოდოთ, თუ გატაცებით შეუდგა თამაშს, ე.ი. სადილი უნდა გადადოთ.

3. რატომ ყრიან სათამაშოებს საწოლიდან, მანეჟიდან თუ ეტლიდან?
ნივთების სროლა მისთვის ყველაზე საინტერესო თამაშია. ამით ნივთის გაქრობის და ისევ გაჩენის ილუზიას იქმნის, სროლის ტრაექტორიას აკვირდება და დაშვების ხმაც აინტერესებს. თანაც სიცოცხლის პირველ წელს სროლით-ბიძგითი მოძრაობა ყველაზე კარგად გამოსდის.

4. რატომ უყვართ წვრილმანი ნივთებით თამაში?
პატარა ნივთებთან გამკლავება მათთვის ადვილი არ არის – თითები ჯერ კიდევ არ ემორჩილებათ. ამიტომ გონების მეტი კონცენტრაცია სჭირდებათ. ბავშვმა არ იცის, რომ მცირე მოტორიკის განვითარება ინტელექტს აუმჯობესებს, მაგრამ ბუნება კარნახობს, რომ ეს მისთვის სასარგებლოა. ჰოდა, ვარჯიშობს და ვარჯიშობს ამაში.

5. რატომ უყვართ ტიტლიკანა სიარული?
სამი წლიდან ბავშვები სამყაროს მთელი ტანით შეიგრძნობენ, ტანსაცმელი კი ამაში ხელს უშლით. მეორე მიზეზიც არსებობს – პატარას სურს დაამტკიცოს, რომ უკვე დიდია და ჩაცმა-გახდა თავადაც შეუძლია. ეგ არის, მხოლოდ გახდას ასწრებს, ჩაცმით სხვები აცმევენ, თანაც ძალით.

6. რატომ იდებენ ყველაფერს პირში?
ესეც სამყაროს შეცნობის ხერხია და თქვენც ხელი უნდა შეუწყოთ, რომ გარემომცველი სამყარო “თავისი მეთოდებით” შეისწავლოს. დედამ, მთავარია, აკონტროლოს, ძალიან ბინძური ხომ არ არის საგანი ან ზედმეტად პატარა, რომ არ გადაეყლაპოს. თუ იმაზე ნერვიულობთ, რომ პირში ყველაფრის ჩადება მოწამვლას გამოიწვევს, დაგამშვიდებთ – ბავშვის ნერწყვი აქტიურ ანტიმიკრობულ ფერმენტებს შეიცავს. კიდევ ერთი მიზეზი – წოვითი მოძრაობა ამშვიდებს პატარას. როცა ძუძუ ან საწოვარა უნდა, ყველაფერს გამალებული მიაქანებს პირში და წოვს.

7. რატომ ცდილობს სულ გაქცევას?
3 წლამდე ბავშვს არ შეუძლია, ერთდროულად 2 საქმე აკეთოს. ამიტომ, როცა სირბილი უნდა, მისი გონება მხოლოდ ამ სურვილითაა მოცული. ფიზიოლოგიური მიზეზიც არსებობს – ჯერ არ აქვს გამომუშავებული მოქმედების დამუხრუჭების უნარი. ამიტომ, როცა ეძახით “გაჩერდი”, ისე სწრაფად და მარტივად ვერ შეჩერდება, როგორც უფროსი ადამიანი.

8. რატომ იქექებიან უჯრებში და რატომ მოსწონთ მაგიდის ქვეშ თამაში?
ნებისმიერი სივრცე, სადაც საგანი დამალულია, ბავშვისთვის ნამდვილი საგანძურია. დიდ სათავსოში კი თავად იმალებიან, რადგან მათაც უნდათ განმარტოვება.

9. როგორ შეუძლიათ უთვალავჯერ მოისმინონ ერთი და იგივე ლექსი ან ზღაპარი?
ლექსი და ზღაპარი ბავშვისთვის მთელი სამყაროა, რომელშიც მთლიანად ეფლობა და თითქოს გადასახლდება მასში. იქ მოთხრობილი ამბები მის თავგადასავლად იქცევა. ამიტომ, რამდენადაც საინტერესოა ეს თავგადასავალი მისთვის, მით უფრო ხშირად მოისურვებს მის მოსმენას. თქვენ კი მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ და ასმეშვიდეჯერ წაუკითხოთ “როგორ მოიპარა ბაჭიამ სტაფილო”.

წყარო: mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი