“საოპერო მომღერალი ვარ, ფონოგრამაზე პირველად ვიმღერე” – ინტერვიუ ქალთან, რომელმაც “ქართული ოცნების” ყრილობაზე ჰიმნი იმღერა (ვიდეო)

108
SHARE

“საოპერო მომღერალი ვარ, ფონოგრამაზე პირველად ვიმღერე” – ინტერვიუ ქალთან, რომელმაც “ქართული ოცნების” ყრილობაზე ჰიმნი იმღერა”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე შესრულებულმა საქართველოს ჰიმნმა ყველა აალაპარაკა, მაყურებელმა ჰიმნის შემსრულებელი მკაცრად გააკრიტიკა. ქალი, რომელმაც მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე იმღერა მეცო-სოპრანო, ირმა ბერძენიშვილია. საკუთარ ნამღერზე საოპერო მომღერალმა ჩვენთან ისაუბრა:

– ეს არ არის საკონცერტო დარბაზი, ხმა მოდიოდა ძალიან შორიდან და დაგვიანებით. შესაბამისად, ხმას ვერ ვაკონტროლებდი, დიდი სტრესი მივიღე სცენაზე. სამწუხაროდ, არ მქონია რეპეტიციის გავლის საშუალება. პირდაპირ შევედი სცენაზე. ამის გამო მოხდა ყველაფერი, სხვა თემაა, ჰიმნის შესრულების დროს რასაც გრძნობს მომღერალი.

რატომ არ გაიარეთ რეპეტიცია?
– ხმის რეჟისორმა თქვა, რომ აპარატურის ადგილს ვერ შეუცვლიდნენ, რადგან პროტოკოლით იყო გათვალისწინებული, სად იქნებოდა აპარატურა. სამი ვარიანტი მქონდა, ან უნდა მემღერა ცოცხლად, ან პლიუსზე ან საერთოდ არ უნდა მემღერა. ვიფიქრე ამ პირობებში სიმღერაზე უარს თუ ვიტყვი, ამას პირად კაპრიზად ჩამითვლიან-თქო და საბოლოოდ ასეთი ცუდი გამოვიდა ყველაფერი. საოპერო მომღერალი ვარ და ფონოგრამაზე პირველად ვიმღერე, ამას სხვა სპეციფიკა სჭირდება, ვერ გავთვალე რისკ-ფაქტორები და მივიღე დიდი სტრესი.

ვინ შემოგთავაზათ ჰიმნის შესრულება?
– ოპერიდან დამიკავშირდნენ და დავთანხმდი. როცა ავიღე ჩანაწერი, ვთქვი, რომ ეს ჰიმნი მამაკაცის ხმაზე არის მორგებული. სახლში კი გავდიოდი რეპეტიციებს, მაგრამ დარბაზში რეპეტიციების გავლის საშუალება არ მომეცა. ყურის მიკროფონიც კი არ მქონდა, მე პირველად არ მიმღერია, ვინც არ მიცნობს, მისთვის საქილიკოა რაც მოხდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება. ჩემი პიროვნული ღირსებები დაზარალდა, მაგრამ რაც შემეძლო მაქსიმალური გავაკეთე. ამითი არც იწყება და არც მთავრდება ყველაფერი. რაც მოხდა, მოხდა.

ამბობენ, რომ მთავრობის წევრებთან დაახლოებული პირია და ჰიმნი ამიტომაც ამღერესო… 
– ზუსტად იმის გამო, რომ არავინ მყავდა, “ნაციონალების” დროს ჩემი განდევნა მოხდა საქართველოდან და დღემდე არავის დავუბრუნებივარ ოპერის თეატრში. მე ჯანსუღ კახიძემ მიმიღო თეატრში.

ოქროს ფონდშია შესული ჩემი ჩანაწერები. პროტეჟე ნამდვილად არ მჭირდებოდა. რადგან დაბალი ხარისხის გამოსვლა მქონდა, ალბათ, ამიტომ გაჩნდა ეს ეჭვი. საერთოდ არ ვარ მდგომარეობით განებივრებული.

სად მღერით ახლა?
– ხან გერმანიაში, ხან იტალიაში, გააჩნია რომელ თეატრთან მომიწევს კონტრაქტის გაფორმება. ათი წლის წინ, იმიტომ გამდევნა იმ მთავრობამ თეატრიდან, რომ ახალგაზრდებს დაუთმეს ოპერის სცენა. მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე სიმღერა შემიძლია, ამიტომ საოპერო მომღერლებისთვის მნიშვნელოვან ფესტივალზე “ვერდის ხმებზე” მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე კიდეც. სწორედ მაშინ გავაფორმე გერმანელებთან კონტრაქტი და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებთან ვთანამშრომლობ.

წყარო: Ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი