სანდრო კაკულია: 8 წლის მერე ღმერთმა საჩუქარი გამომიგზავნა

1514
SHARE

„8 წლის მერე ღმერთმა ეს საჩუქარი გამომიგზავნა-ადამიანი, რომელსაც შემიძლია, ჩემთვის ასეთი მონატრებული სახელი-იაშკა დავუძახო!„ – ამის შესახებ, „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი პერსონაჟი, მსახიობი ალექსანდრე (სანდრო) კაკულია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და მეგობრებს ახალშეძენილი მეგობრის შესახებ ინფორმაციას აწვდის. როგორც სანდრო კაკულია აღნიშნავს, მან ახალი მეგობარი სამი თვის წინ გაიცნო და იაშკა ძალიან უყვარს. „2008 წლის შემდეგ არავისთვის დამიძახია-იაშკა. მაგრამ იყო დრო, როცა დღეში მინიმუმ 5-ჯერ მაინც ვამბობდი ამ სახელს. იმიტომ, რომ იაშკა მყავდა გვერდით. ერთადერთი და ნამდვილი იაშკა. ჰოდა, ახლა,დაახლოებით 3 თვის წინ ქუჩაში ეს კაცი გავიცანი. ჭავჭავაძის პროსპექტზე იჯდა მოწყენილი, სევდიანი სახით. მივედი და ფული ვაჩუქე ისე, რომ მას არ უთხოვია. კეთილი გამოხედვა ჰქონდა, ლამაზი ზღვისფერი თვალები აქვს და სმა უყვარს. როცა ფულს ვაძლევდი, ვხედავდი მის გულწრფელ მადლიერებას, როცა ვესაუბრებოდი, ვგრძნობდი მის ადამიანობას, მას გადასასვლელზე მანქანამ დაარტყა და მარცხენა ფეხი ცუდი მკურნალობის გამო საშინელ დღეში ჰქონდა. ძალიან ტკიოდა. როცა არ მეჩქარება და დრო მაქვს, ყოველთვის ვჯდები მის გვერდით, ტროტუარზე, და ვსაუბრობთ ჩემს იაშკაზე, რაჭაზე, ქვეყანაზე, არაყზე, ქალებზე, 80-იანი წლების საქართველოზე და 90-იანი წლების თბილისზე.. რაღაც დრო რომ გავიდა, ვკითხე,- რა გვარი – მეთქი და მიპასუხა, იაშვილიო, ახალგაზრდობაში იაშკას მეძახდნენო. და, აი, მას მერე უკვე მართლა დავმეგობრდით, მე კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, რომ ეს სახელი წარმოვთქვა. კვირა არ გავა, რომ არ შევხვდე. ერთი სული მაქვს, რომ მისალმებისას ხმამაღლა ვუთხრა:- იაშკა როგორ ხარ? მიხარია მისი ღიმილის დანახვა. ამ მეტსახელის წარმოთქმა. მას კი ჩემი დანახვა უხარია და ვართ ასე-ვაკის ქუჩის ბლოკებზე ან ტროტუარზე წამომსხდრები… არ ვიცი, ეს რა არის, არ ვიცი ეს კაცი ასეთი კარგი რატომ აღმოჩნდა, არვიცი ჩვენს საუბრებს რა აზრი აქვს, არ ვიცი, როდემდე ვიმეგობრებთ „სტაიანშიკების“ ბირჟაზე, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი-8 წლის მერე ღმერთმა ეს საჩუქარი გამომიგზავნა-ადამიანი, რომელსაც შემიძლია ჩემთვის ასეთი მონატრებული სახელი-იაშკა დავუძახო! – წერს სანდრო კაკულია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი