რუსეთის დუმის დეპუტატი რეპ–კონცერტების აკრძალვას ითხოვს

21
SHARE

რუსეთის ლენინგრადის ოლქის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა რუსეთის გენერალურ პროკურორს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რეპ–კონცერტების აკრძალვას ითხოვს. რეპის მოწინააღმდეგე დეპუტატი ითხოვს, გატარდეს ზომები „ფსევდომუსიკალური შეკრებებისა და „რეპერების“ ოფიციალური შეკრებების ასაკრძალად რუსეთში მანამ, სანამ ახალგაზრდობაში სიტუაცია არ დარეგულირდება“.
პარლამენტარი თავის პოზიციას შემდეგნაირად განმარტავს – მისი აზრით, ბევრი მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ახალგაზრდებში პოპულარულია, ღიად უწევს პროპაგანდას სუიციდს, ნარკომანიას, სატანიზმს, ექსტრემიზმსა და სამშობლოს ღალატის მოწოდებებსაც შეიცავს. რეპის მოწინააღმდეგე დეპუტატი ამბობს, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას მოსახლეობაში იწვევს სწორედ ეს მუსიკალური მიმდინარეობა, რადგან თანამედროვე რეპერების ტექსტები გაჯერებულია უცენზურო ლექსიკით და მოქალაქეებს შორის შუღლს აღვივებს. სწორედ რეპ–კულტურის სამყაროში ხდება ყველაზე ხშირად ჩხუბი, დებოში და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები.
დეპუტატის პოზიციის წინააღმდეგ უკვე გაილაშქრეს როგორც რუსეთის რეპ-კულტურის წარმომადგენლებმა, ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლებმა. ისინი ფიქრობენ, რომ მუსიკის რომელიმე ჟანრის აკრძალვა აბსურდული და სასაცილოა. ერთ-ერთი რუსი რეპერის თქმით, კი როკის აკრძალვის ავადსახსენებელი მცდელობები საბჭოთა კავშირშიც იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაინგრა, როკი კი დარჩა, ასევე მოხდება რეპის შემთხვევაშიც. დეპუტატებს კი ურჩევენ, რეალურ პრობლემებს და ქუჩაში გამეფებულ კრიმინალს ებძოლონ და არა – მუსიკას.

Comments

comments