“რომ დავქორწინდით, ქმარს ვუთხარი: საქართველოში ნურავის ათქმევინებ, რომ ბანძი ოჯახი გაქვს-მეთქი”

145
SHARE

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე ხუთი წელია დაქორწინდნენ. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს და, როგორც ხატიამ ამბობს, უკვე მეოთხე შვილზეც ფიქრობენ. ხატია მეუღლის მიმართ სიყვარულს არასოდეს მალავს და ხშირად უძღვნის სასიყვარულო სტატუსებს სოციალურ ქსელში. წყვილის ოჯახური ცხოვრების შესახებ ხატია სიჭინავამ ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

“ჩვენ გვაქვს ასეთი ურთიერთობა: ის მაფინანსებს, მე მივდივარ ბაზარში და ვყიდულობ პროდუქტებს – მომაქვს 50 კილო კარტოფილი, 20 კილო ხახვი და ასე შემდეგ, ანუ ერთი თვის მარაგი. პირველად რომ გავედი ბაზარში და ამდენი რაღაც ვიყიდე, გამყიდველები ჩემს უკან ჩემს ქმარს ეძებდნენ და გამეცინა. ყველაფერი თავად რომ წამოვზიდე, გაკვირვებულები მიყურებდნენ, თუმცა ახლა მცნობენ. ზოგიერთი ქალი ამის გამო ისტერიკას მოაწყობდა – რას ჰქვია, შენ არ მეხმარებიო. მე არ მაქვს ეს პრობლემა, ამის გამო უთანხმოებას არ ჩამოვაგდებ. არ სიამოვნებს ბაზარში სიარული?! რა პრობლემაა, მე ვივლი. თუკი სახლში რამეა შესაკეთებელი და არ სცალია, ვიძახებ ხელოსანს. არ მაქვს ის მომენტი – შენ კაცი ხარ და, გინდა თუ არა, გააკეთე… ჩემთვის მთავარია, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია, საჭმელი მაქვს, სასმელი მაქვს. არ სიამოვნებდა, სახლში რომ ვიჯექი, მიყიდა ბიზნესი, რომელშიც საერთოდ ვერ ვერკვეოდი – არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა მესწავლა და ასეც მოვიქეცი.

–  როგორია შენი პოზიცია ღალატთან დაკავშირებით?
– როცა კაცი ღალატობს, ის აყოლილია ჰორმონებს; როცა ქალი ღალატობს – აუცილებლად შეყვარებულია. კაცის ღალატი შვილების ფსიქიკას იმდენ დარტყმას არ აყენებს, რამდენსაც ქალის, დედის. ქმარმა შეიძლება გიღალატოს და ისე იცხოვროთ მთელი სიცოცხლე ერთად, ვერაფერი გაიგო, მაგრამ ქალი ღალატის შემდეგ ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო. როცა კაცი იჩენს საყვარელს, ამ დროს ოჯახი უკვე დანგრეულია და ცოლი უნდა წავიდეს სახლიდან. საყვარელი უკვე  ნიშნავს იმას, რომ შენზე კარგი იპოვა და, შესაბამისად, შენ არ უყვარხარ, უსიყვარულო ოჯახს კი რა აზრი აქვს? ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჯობია, გაეყარო. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვიზამ. არ ვგულისხმობ ერთჯერად “გაგულავებას”, მხედველობაში მაქვს საყვარლის თემა. რომ დავქორწინდით, ჩემს ქმარს თავიდანვე ვუთხარი: როცა უცხოეთში ბიჭებთან ერთად იქნები, მე ვერ დავინახავ, იქ რას აკეთებ და ის ჩემამდე ასი წელი არ მოვა, მაგრამ, საქართველოში ნურავის ათქმევინებ, რომ ბანძი ოჯახი გაქვს. შენმა ერთმა შეცდომამ შეიძლება, ოჯახი გაგილანძღოს-მეთქი.

წყარო: ჟურნალი  “თბილისელები “

FB კომენტარები

კომენტარი