როგორ წაიყვანა ბუფონმა ტურინელები ასტორის დაკრძალვაზე

86
SHARE

ასტორის დაკრძალვის წინა დღეს იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაში უმნიშვნელოვანესი მატჩი ჰქონდა – ტურინელებმა ლონდონში ტოტენჰემი დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

იუვეს კაპიტან ჯანლუიჯი ბუფონს ასტორის დაკრძალვაზე წასვლა აუცილებლად უნდოდა. 40 წლის ჯიჯიმ ფიორენტინას გარდაცვლილ კაპიტანს მანამდე ემოციური ღია წერილიც მიუძღვნა, სადაც წერდა, ასეთ ბრწყინვალე ადამიანს ცხოვრებაში იშვიათად შევხვედრივარო.

როგორც იცით, იუვენტუსი ფლორენციაში სასტიკად სძულთ – დიდი ალბათობით უფრო მეტადაც კი, ვიდრე ნეაპოლში. შესაბამისად, ასტორის დაკრძალვაზე, ათასობით ფლორენციელი უტრასის თვალწინ, ტურინელი ფეხბურთელების გამოჩენა საკმაოდ სახიფათოც კი იყო. თუმცა ბუფონს მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი დავიდეს დაკრძალვაზე ჩასვლა.

გაზეთ “ლა ნაციონეს” ინფორმაციით, ბუფონმა და იუვეს მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ კერძო თვითმფრინავი იქირავეს, რომლითაც გამთენიისას პირდაპირ ფლორენციაში უნდა გაფრენილიყვნენ.

როდესაც ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ ტურინელები სასტუმროში დაბრუნდნენ, ბუფონმა მთელი გუნდი შეკრიბა და უთხრა: “მწვრთნელმა და მე ვიქირავეთ თვითმფრინავი, რომელიც ხვალ დილას ფლორენციაში ჩაგვიყვანს, რათა დავიდეს დაკრძალვას დავესწროთ. ვისაც ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდა, დილის ხუთის ნახევარზე სასტუმროს ფოიეში უნდა იყოს. მესმის, რომ რთული მატჩი გვქონდა და ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება გამოძინება ამჯობინოს. ეს არავის ეწყინება, ხოლო მათ, ვისაც წამოსვლა სურს, დილის ხუთის ნახევარზე ფოიეში გნახავთ.”

კერძო თვითმფრინავი 12-ადგილიანი იყო (მათ შორის პილოტი და პერსონალი). დილის ხუთის ნახევარზე ბუფონს ფოიეში მთელი გუნდი დახვდა! საბოლოოდ, ფლორენციაში ალეგრი, ბუფონი, კიელინი, ბენატია, პიანიჩი, ბარძალი, მარკიზიო, რუგანი და ლანდუჩი გაფრიდნენ. ფლორენციაში ტურინიდან ჩავიდა ფედერიკო ბერნარდესკიც, რომელიც ტრავმირებული გახლდათ და ინგლისში ამის გამო არ იმყოფებოდა.

“იუვეს ფეხბურთელისთვის ფლორენციაში ჩასვლა ადვილი არ არის, მაგრამ როცა დაკრძალვაზე მივედით, ვნახეთ, როგორ დაგვიკრეს ტაში ფიორენტინას ტიფოზებმა, რომლებიც იუვენტუსს ვერ იტანენ. მათ მადლობა გადაგვიხადეს იმისთვის, რომ წინა საღამოს უემბლიზე ტოტენჰემს ვეთამაშეთ და მეორე დღეს მაინც აქ ვიყავით. აუცილებლად უნდა დავსწრებოდი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაკრძალვას,” – აცხადებს ბუფონი TuttoJuve.com-თან ინტერვიუში.

სრულად იხილეთ ბმულზე

FB კომენტარები

კომენტარი